ადამიანურის გადალახვა კირკეგორთან და ნიცშესთან


შესავალი

კლასიკურ ფილოსოფიაში, განსაკუთრებით ისეთ სისტემური ხასიათის მქონე
კონცეფციებში, როგორსაც ვხვდებით ჰეგელთან, ხშირად ადამიანი, როგორც
ფილოსოფიური შემეცნების ობიექტი, ექცევა აბსტრაქტული ფილოსოფიური
პრობლემების ჩრდილში. პოსტ-კლასიკური ფილოსოფია ხასიათდება
უარყოფითი დამოკიდებულებით ამგვარი სისტემური ფილოსოფიის მიმართ.
მისი მთავარი პრეტენზია არის ის, რომ ფილოსოფიურ სისტემებში იკარგება
ინდივიდის, პიროვნების მნიშვნელობა.
კირკეგორთან და ნიცშესთან ადამიანი ცენტრალური ფილოსოფიური
პრობლემაა. ეს აშკარად დიდი საერთოა, თუმცა განსხვავებებიც ბევრია,
რომლებიც ძალიან თვალსაჩინო კონტრასტს ქმნიან. კირკეგორი თეისტი
ექსისტენციალისტია, ნიცშეს ფილოსოფიას კი აშკარად დაჰკრავს ათეისტური
ინტონაცია.
ჩვეულებრივი ადამიანური ცნობიერებისა და ყოფიერების გადალახვა
კირკეგორთან და ნიცშესთან ფუნდამენტური მნიშვნელობის ასპექტია.
კირკეგორისთვის ყველაზე საინტერესო და განსაცვიფრებელი მაგალითი
აბრაამია, რომელმაც რწმენით გადალახა ადამიანური საზღვრები და
აბსოლუტურად მიენდო ღმერთს. ნიცშესთვის ღმერთი, როგორც კლასიკური
ღირებულებების სიმბოლო, მოკვდა და ადამიანმა თვითონ უნდა დაბადოს თავის
თავში ახალი ღირებულებები.
კირკეგორისთვის და ნიცშესთვის უცხო არ იყო მარტოობა. ისინი
გამოირჩეოდნენ თავიანთი ექსცენტრიულობით. ეს ორი მოაზროვნე არამხოლოდ
თავიანთი ფილოსოფიური კონცეფციებით არღვევდნენ ჩვეულებრივ ადამიანურ
საზღვრებს, არამედ ცხოვრებაშიც ვერ ეტეოდნენ საზოგადოებრივ ნორმებსა და
სტანდარტებში. ცნობილია, რომ კირკეგორმა უარი თქვა თავის შეყვარებულთან,
რეგინა ოლსენთან ქორწინებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდათ
ერთმანეთი, და ჩაკეტილობაში შეუდგა ფილოსოფიურ საქმიანობას, წერას.
ნიცშეს ბიოგრაფიიდანაც არაერთი არასტანდარტული ქცევის შესახებ არის
ცნობილი. ფილოლოგიის ახალგაზრდა პროფესორ ფრიდრიხ ნიცშესაგან
ელოდნენ აკადემიური სტილის ფილოლოგიურ წიგნს, მან კი თავისი პირველი
წიგნი - ,,ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“ თავისებურ სტილში,

ფილოსოფიური მონოლოგით და აკადემიური სივრცის მოთხოვნათა სრული
უგულებელყოფით დაწერა.

1. რწმენის რაინდი

კირკეგორი აკრიტიკებს მის თანამედროვე ქრისტიანობას, რომელიც
გამოიხატება ინსტიტუციურ რწმენასა და რიტუალებში. მისთვის სარწმუნოების
გარეგნული ფორმები გაცილებით ნაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე შინაგანი.
ნამდვილი რწმენა აბსოლუტთან განმარტოებაში იბადება. კირკეგორისთვის
ადამიანის განვითარების პირველი სტადია არის ესთეტიკური, რომელიც
გრძნობებში ჩაძირულ ინდივიდუალობას გულისხმობს. მეორე სტადია არის
ეთიკური, როცა გრძნობებზე მაღლდება ვალდებულების ცნობიერება, მორალური
პასუხისმგებლობა. ეთიკა საზოგადოებრივ ნორმებთან ჰარმონიაში ყოფნასაც
გულისხმობს. მესამე სტადიას კირკეგორი უწოდებს რელიგიურს, რომელშიც
ეთიკურის მოქმედება ჩერდება, მაგრამ არ ხდება მისი უარყოფა. ესთეტიკურსა
და ეთიკურს შორის არის ბუნებრივი და ლოგიკური ბმა, მაგრამ რელიგიური
სტადია არ გამომდინარეობს მათგან. ეთიკური არის მაღლა, ვიდრე ესთეტიკური,
მაგრამ მათ შორის მანძილი ხილვადია. რელიგიური კი უსასრულოდ მაღლა დგას
ეთიკურთან შედარებით. როგორ ამაღლდა აბრაამი რელიგიურ სტადიაში, ნუთუ
მან გაიარა უსასრულო მანძილი? არა, - პასუხობს კირკეგორი, - მან გააკეთა
რწმენის ნახტომი.
კირკეგორს თავის ნაშრომში - ,,შიში და თრთოლვა“ მოჰყავს ბერძნული
მითოლოგიური გმირის - აგამემნონის მაგალითი, რომელიც თავის ქალიშვილს
სწირავს თავისი ქვეყნის გადასარჩენად. კირკეგორი აგამემნონს უწოდებს
ტრაგიკულ გმირს. რწმენის რაინდი უსასრულოდ მაღლა დგას, ვიდრე
ტრაგიკული გმირი. აგამემნონი ეთიკის საზღვრებში რჩება, რადგან მის მიერ
გაღებული მსხვერპლი არის საერთო სიკეთისთვის, მას შეუძლია ახსნა საკუთარი
მძიმე ქმედებისა, მსმენელებს შეუძლიათ, გაუგონ მას. აბრაამს კი არ შეუძლია,
რომ სხვებს აუხსნას თავისი გადაწყვეტილება, მსხვერპლად შეეწირა თავისი
ვაჟი. მას ვერავინ გაუგებს.

რწმენის რაინდს საკუთარი ადამიანური არსება, რაც მოიცავს ესთეტიკურ და
ეთიკურ სტადიებს, თავის თავში არარამდე დაჰყავს, რათა იყოს სრულ
მორჩილებაში აბსოლუტთან. კირკეგორს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებაში იგი
ისეთ ძლიერ ნებას ავლენს, რომელიც არ მოიპოვება მიწიერ სიამოვნებებში
ჩაფლულ, ანდაც საზოგადოებრივი სიკეთეების მსახურ ადამიანში. ეს ძლიერი
ნება ხდის რწმენის რაინდს თავისუფალს. ეს ადამიანისთვის შესაძლებელი
უმაღლესი თავისუფლებაა, რასაც კი შეიძლება დედამიწაზე მიაღწიოს. მაგრამ ეს
თავისუფლება არ გამომდიონარეობს ადამიანურიდან, არამედ ღვთიური მადლი
წარმოშობს ადამიანში იმ სულიერ სივრცეს, სადაც შეიძლება, რომ მან გააკეთოს
რწმენის ნახტომი და, ღმერთთან თანამშრომლობით, ენით აღუწერელ შიშსა და
სულიერ ბრძოლაში გადალახოს ადამიანური საზღვრები და გახდეს რწმენის
რაინდი. მაგრამ რწმენის ნახტომი ადამიანის გასაკეთებელია. ღმერთის მადლის
გარეშე, ნახტომს აზრი არ ექნება, რადგან არ იქნება სივრცე, სადაც იგი გადახტება
ეთიკურის ჩაკეტილობიდან. მადლი კი ნახტომის გარეშე დარჩება მიუღებელ
საჩუქრად, ისეთ გამოწვდილ ხელად, რომელსაც ადამიანმა საკუთარი ხელი არ
ჩასჭიდა. რწმენის ნახტომი არ აუქმებს შიშს, რადგან ვინც ამას აკეთებს, მას არ
აქვს გარანტიები. რწმენის რაინდს არ აქვს ცოდნა, მაგრამ მას აქვს ნდობა
ღვთისა, რომ ეს ყოველივე კეთილად ეწევა მას.
კირკეგორმა თავისი ნაშრომი - ,,შიში და თრთოლვა“ გამოაქვეყნა იოჰანეს დე
სილენციოს ფსევდონიმით. ეს არის სიმბოლური ჟესტი ავტორისგან, რადგან ეს
ფსევდონიმი ნიშნავს მდუმარე იოანეს. კირკეგორის ამ ნაშრომის მთავარი გმირი
- აბრაამი დუმს. მას არ შეუძლია, ვინმეს მოუყვეს თავისი გადაწყვეტილების
შესახებ. ეს დუმილი და საუბრის შეუძლებლობა აბრაამში ტანჯვას ზრდის.
ისააკის დაბადებაშიც კი პარადოქსულობა იყო. აბრაამი 100 წლის იყო, სარა კი -
90 წლის, როცა შეეძინათ აღთქმის შვილი. 75 წლის აბრაამი ერწმუნა ღმერთს,
რომ გაუჩნდებოდათ აღთქმის შვილი, რომელშიც იკურთხებოდა ყოველი ერი. 25
წლის განმავლობაში ელოდა აბრაამი აღთქმის მიღებას. მიიღო აღთქმა და როცა
ისააკი ყმაწვილი იყო, ღმერთმა მისი მსხვერპლშეწირვა დაავალა. ეს იყო სრული
პარადოქსი, რადგან სწორედ ისააკი იყო ის აღთქმის ძე, რომელშიც უნდა
კურთხეულიყო დედამიწის ყოველი ერი. მაგრამ აბრაამი აცნობიერებდა, რომ
ვალდებული გახდა, საკუთარი ხელით მოეკლა საკუთარი ვაჟი, რომელსაც
ამდენი წლის განმავლობაში რწმენით ელოდა. და მან გააკეთა რწმენის ნახტომი.
აბრაამმა ირწმუნა, რომ თუ აბსოლუტურ მორჩილებას გამოიჩენდა უზენაესის
მიმართ, მისთვის ამოუხსნელი ზებუნებრივი ძალით ღმერთი მას კვლავ
აჩუქებდა ისააკს.

რწმენის რაინდის ნამდვილი ნება, რომ გასცდეს ეთიკის ჩარჩოებს, რათა
აღასრულოს ღმერთის ნება, ვლინდება დროის იმ მონაკვეთში, რასაც ანდომებს
იგი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. ბიბლიის თანახმად, სამი დღის
განმავლობაში მიჰყავდა აბრაამს ისააკი სამსხვერპლო მთაზე. ეს იყო შინაგანი
დაძაბულობის, ეჭვებთან ბრძოლის დრო, დიდი გამოცდა, რაც აბრაამმა
წარმატებით ჩააბარა. მან გამოავლინა დიდი რწმენა და სრულად მიენდო
ღმერთს.
კირკეგორი ფიქრობს, რომ აბრაამისთვის შემზარავი იქნებოდა იმის წარმოდგენა,
რომ საკუთარ ვაჟს სძულს იგი. მაგრამ რწმენის რაინდი მზად არის, ამ
მსხვერპლზეც წავიდეს. აბრაამი ვერ ეტყოდა თავის ძეს, ღმერთმა დამავალაო
შენი მსხვერპლად შეწირვა, რადგან ასე შეიძლებოდა, ისააკს ღმერთი
შესძულებოდა, რაც მისთვის სიკეთე არ იქნებოდა. კირკეგორი ასკვნის, რომ
აბრაამი არჩევდა დუმილს საკუთარი შვილის მიმართაც.

2. ზეკაცი

ნიცშე მწვავედ აკრიტიკებს მის თანამედროვე კულტურას, ქრისტიანობას,
კლასიკურ ფილოსოფიას. ის ამბობს, რომ ისინი სუსტ ადამიანებს შობენ,
თრგუნავენ რა ძალაუფლების ნებასა და სასიცოცხლო ენერგიას მათში. ნიცშე
პლატონის ფილოსოფიაში ხედავს დეკადანტური კულტურის სათავეს.
ქრისტიანობას კი მასებისთვის გამარტივებულ პლატონიზმს უწოდებს. ის
მიიჩნევს, რომ ადამიანმა გარედან თავსმოხვეულ სისუსტეს უნდა
დაუპირისპიროს შინაგანი სასიცოცხლო ძალა, სუსტების მორალს - ძლიერთა
მორალი.
ნიცშე თავის ფილოსოფიურ-მხატვრულ თხზულებაში ,,ესე იტყოდა
ზარატუსტრა“ ადამიანს განვითარების საწყის ეტაპზე ადარებს აქლემს,
რომელსაც მძიმე ტვირთს ჰკიდებენ, ის კი მზად არის, ზიდოს. აქლემი ამბობს:
,,მე უნდა გავაკეთო!“. ეს არის სისუსტე. შემდეგ სტადიაში აქლემი გადაიქცევა
ლომად. იგი უარს ამბობს ტვირთის ზიდვაზე, ვალდებულებებზე, ანგრევს
ყველაფერს და ამბობს: ,,მე მინდა!“. ლომი გამოთავისუფლებული სასიცოცხლო
ენერგიაა, მხეცური ინსტინქტია. ის არ ქმნის ახალ ღირებულებებს, არ არის
შემოქმედი.
ნიცშეს მიაჩნია, რომ ადამიანი უნდა გადაილახოს. გადალახვა შესაძლებელია
მხოლოდ ახალი ღირებულებების დაბადებით, თვითქმნით. ნიცშე მესამე

სტადიაში ადამიანს ადარებს ბავშვს, რომელიც ყოველივე ახლის დაბადების
სიმბოლოა. ბავშვი თამაშობს, თავისუფლად ქმნის. ის შემოქმედია. ბავშვს
შეუძლია, გადალახოს ადამიანური და იქცეს ზეკაცად.
ნიცშე ამბობს: ,,ღმერთი მოკვდა! ის ჩვენ მოვკალით.“ ეს არის თავზარდამცემი
ინფორმაცია, რომელიც ბევრმა არ იცის. ღმერთის სიკვდილის გაცნობიერების
შემდეგ ადამიანი დაბნეულია და უიმედობაში ვარდება. ნიცშე ამბობს: ,,კარს
მოგვადგა ყველაზე საშინელი სტუმარი - ნიჰილიზმი.“ ნიცშე არ რჩება
ნიჰილიზმში, რადგან ეს მდგომარეობა სასიცოცხლო ენერგიას თრგუნავს,
დეპრესიულია. ნიჰილიზმი არის დეკადანტური კულტურის აუცილებელი
შედეგი. ეს კულტურა ადამიანებს აავადმყოფებს. ადამიანი აცნობიერებს, რომ
თურმე ის, რისიც სწამდა, აბსურდი ყოფილა. ადამიანი ვარდება მენტალურ
კრიზისში. მას აღარ აქვს ის, რის გამოც ღირდა ცხოვრება, აღარ აქვს საყრდენი და
ორიენტირი. ნიცშე დიაგნოსტირებს ამ კრიზისულ მდგომარეობას და მას
უწოდებს ნიჰილიზმს.
ნიცშე ამბობს, რომ ადამიანი უფსკრულზე გადებული ხიდია ცხოველსა და
ზეკაცს შორის. უფსკრული არის სიცარიელის, ნიჰილიზმის სიმბოლო. ის, ვინც
ხიდზე დგას და არ ცდილობს მის გადალახვას, დიდი შანსია, ჩავარდეს
ნიჰილიზმის უფსკრულში. ნიცშე ამბობს, რომ ასე ემართება ბოლო ადამიანს.
ცხოველი არის ბრმა ინსტინქტი, არაცნობიერი. ადამიანში რჩება ცხოველი, მაგრამ
შემოდის ცნობიერიც, რაც მასში გახლეჩილობას იწვევს. ადამიანის გადალახვა
იმაშია, რომ ზეკაცი თავის არაცნობიერ ნებას ცნობიერ ნებად აქცევს. ინსტინქტი
და ცნობიერება აღარ მოდიან ერთმანეთთან დაპირისპირებაში. ნიცშესთვის ეს
მდგომარეობა არის მიწაზე მყარად დგომა. ზეკაცი იღებს მთელ მიწიერ
სინამდვილეს ერთადერთ საგნად, რაც კი შეიძლება ნებავდეს მას.
ნიცშეს ფილოსოფიაში ადამიანობა არ არის თავისთავადი ფასეულობა, ის უნდა
გადაილახოს. ადამიანის გადამლახველი არის ზეკაცი, რომელიც თვითონაც არ
წარმოადგენს მარადიულ ჭეშმარიტებასა და საბოლოო მიზანს. თავის მხრივ,
ზეკაციც ხიდია, საკუთარი თავის გადამლახველი გზაა. ნიცშეს არ სურს, რომ მისი
იდეა ზეკაცისა იქცეს ახალ ღმერთად და კერპად. ,,ესე იტყოდა ზარატუსტრა“-ში
ავტორი წარმოაჩენს, რომ ზარატუსტრას არ სურს, რომ მისმა მოწაფეებმა
გააკერპონ იგი. ის მოუწოდებს მათ, რომ წაართვან მას მისი სიტყვები და
მიატოვონ.
ზეკაცი უარს ამბობს სუსტების მორალზე, ქრისტიანულ სათნოებებზე და ქმნის
თავის არისტოკრატიულ მორალს. მას ვერ უწესებენ გარედან ნორმებს, არამედ
იგი თვითონ ადგენს ძალაზე, ღირსებაზე დაფუძნებულ ნორმებს. მონური

მორალი არის რეაქცია გარე-რეალობის რეპრესიაზე, ის არის დადებითი პასუხი
საზოგადოების მოთხოვნებზე. არისტოკრატიული მორალი კი საკუთარი თავის
დამტკიცებაა, სიამაყეა. არ შეიძლება, რომ არისტოკრატიული მორალი იყოს
სასტიკი, რადგან სისასტიკე დეკადანტური კულტურის შედეგია. ზეკაცისთვის
არ მოქმედებს სიკეთისა და ბოროტების კატეგორიები, ის მათ მიღმა დგას.
ზეკაცისთვის სირცხვილის მომგვრელია ბანალურობა, ამიტომ მისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია, არ იყოს უგემოვნო. მას არ ადარდებს, თუ მისი ძალის
გამოვლენა ბოროტებად აღიქმება სუსტების მორალში. ზეკაცისთვის ზიზღის
მომგვრელია სუსტთა ბანალური სიკეთე. მისი მიზანი სწორი ცხოვრება კი არ
არის, არამედ - ლამაზი ცხოვრება. ზეკაცის ცხოვრება ემსგავსება ხელოვნების
ნაწარმოებს.
ზეკაცი მიჩვეულია მარტოობას და მისთვის ეს არ არის სამწუხარო რეალობა. ეს
მისთვის ინტელექტუალური, ესთეტიკური და მორალური სიმაღლეა. მას მასები
ვერ გაუგებენ. ზეკაცისთვის ეს რეალობა ადვილი მაინც არ არის, პირიქით, -
მძიმეა, თუმცა ამ სიმძიმეში არის დიდი ღირსების შეგრძნება და სიამაყე. ის
რეალობის სიმძიმეს ეუბნება ,,ჰო“-ს. ნიცშეს ფილოსოფიის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი იდეაც მარადიული კვლავდაბრუნების შესახებ სწორედ ამ
ჰოყოფითი პოზიციის გამოხატულებაა.
ნიცშე წერს ბედისწერის სიყვარულზე ძველი ლათინური გამოთქმის
მეშვეობით. თავის ნაშრომში - ,,მხიარული მეცნიერება“, 276-ე აფორიზმში იგი
ამბობს: ,,Amor fati: ეს იყოს ჩემი სიყვარული ამიერიდან! არ მსურს არაფრის
წინააღმდეგ ბრძოლა... და საბოლოოდ, მსურს, ოდესღაც ვიყო მხოლოდ ერთი
რამ: ჰოს მთქმელი.“ თავის ბოლო ნაშრომში - ,,Ecce Homo”-ში, თავში
სახელწოდებით - ,,რატომ ვარ ასე ჭკვიანი“ კი ნიცშე მთელ თავის ფილოსოფიას
აჯამებს ამ გამოთქმით: ,,Amor fati”. ზეკაცი თავის თავს უსვამს კითხვას:
შეგიძლია, რომ ისურვო, რომ ეს შენი ცხოვრება, მთელი თავისი სიმძიმით, ისევ
ასე უსასრულოდ განმეორებულიყო? მისი პასუხია: დიახ!

3. შედარება

კირკეგორის რწმენის რაინდსა და ნიცშეს ზეკაცს შორის მთავარი საერთო ის
არის, რომ ისინი ფართო მასებისთვის მიუწვდომლები არიან. მათი
მსოფლმხედველობები და ქმედებათა მოტივები უმრავლესობისთვის
გაუგებარია. ორივე ძლიერი ინდივიდუაციის, თვითშემეცნების გზით აღწევს

საკუთარ მდგომარეობას. მარტოობა ორივესთვის დამახასიათებელი ნიშანია.
რწმენის რაინდი მარტოა, რადგან მასებს არ შეუძლიათ მისი გაგება. არ არსებობს
ადამიანი, ვისაც აბრაამი გაუზიარებდა თავისი ქმედების მოტივს. მაგრამ ის
აბსოლუტური გაგებით მარტო არ არის, რადგან ღმერთთან არის უკიდურესად
პირად, სხვებისთვის მიუწვდომელ ურთიერთობაში. ნიცშეს ზეკაციც არ
შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც აბსოლუტურად მარტო მყოფი არსება,
რადგან ძლიერი ადამიანი, რომელიც უარს იტყვის მონურ მორალზე და თავის
თავში დაბადებს თავის პირად ღირებულებებს, არისტოკრატიულ მორალსა და
ძალაუფლების ნებაზე დაფუძნებული ცხოვრების თავისებურ წესს, დიდად
სავარაუდოა, რომ სხვაც იქნება, თუ საერთოდ შესაძლებელია დედამიწაზე
ზეკაცის დაბადება. უნდა იყოს სხვა რწმენის რაინდიც, მაგრამ თუნდაც ერთ
სივრცეში მოხვედრილიყვნენ, მათ შორის თავიანთ პირად რელიგიურ
გამოცდილებაზე საუბარი ძნელად წარმოსადგენია, რადგან რწმენის რაინდს
გარეგნულად არც ეტყობა, რომ ჩვეულებრივი ეთიკური ადამიანისგან
განსხვავებულია. ზეკაცი კი უფრო ადვილად შესამჩნევია თავისი ცხოვრების
სტილით. რადგან ასეა, ზეკაცები, მორალით არისტოკრატები უფრო მეტად
შეძლებენ ერთმანეთის გაგებას, ვიდრე რწმენის რაინდები.
მთავარი განსხვავება მათ შორის ის არის, რომ რწმენის რაინდს აქვს რწმენა
ტრანსცენდენტურის მიმართ, ის თავის არსებას მთლიანად აბსოლუტს
უმორჩილებს. ეს მორჩილება სრულიად მიუღებელია ზეკაცისათვის, იგი თავის
თავს მაქსიმალურად ამაღლებს და მას აქვს იმის ცნობიერება, რომ ღმერთს არ
საჭიროებს.
ყველა ადამიანზე ზემოქმედებს ის კულტურული გარემო, რომელშიც უწევს
ცხოვრება. კულტურა, რელიგია, ფილოსოფია დამხმარე საშუალებებია, რომ
ადამიანმა შეიმეცნოს საკუთარი თავი - შემეცნების ის ობიექტი, რომელშიც
ყველაზე მეტი წვდომა აქვს ადამიანს სინამდვილესთან, არსებობის
ჭეშმარიტებასთან. ეს საშუალებები ხშირად მიზნების ილუზიას ქმნიან.
კულტურა და რელიგია, რომლებსაც უნდა ჰქონოდათ ტაქტიკური მნიშვნელობა,
ადამიანისთვის გადაიქცევიან სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საგნებად.
ისე ხდება, რომ ეს საგნები, რომლებიც ადამიანს საკუთარი თავის გაგებისთვის
უნდა გამოეყენებინა, ერთგვარ სუბიექტივიზაციას განიცდიან ადამიანში და
თვითონ ადამიანს, რომელიც უნდა ყოფილიყო სუბიექტი მათთან მიმართებაში,
ასაგნებენ და ანივთებენ. ადამიანი ხდება კულტურის, რელიგიის, ტრადიციის და
საზოგადოების ნივთი. ადამიანის სწორედ ასეთ განივთებას უყურებს ზიზღის
თვალით ნიცშე და იმ კულტურულ გარემოს, რომელიც ადამიანის სასიცოცხლო
ენერგიას კლავს, დეკადანტურს უწოდებს. კირკეგორს კი მიაჩნია, რომ ნამდვილი

ქრისტიანობა უსასრულოდ აღემატება წეს-ჩვეულებებზე და ტრადიციებზე
დაფუძნებულ ქრისტიანობას. ადამიანი უსასრულოს მხოლოდ სასრულიდან
თავის დაღწევის გზით, რწმენის ნახტომის მეშვეობით ეზიარება. კირკეგორი და
ნიცშე აფასებენ იმ მნიშვნელობას, რაც აქვთ კულტურას, რელიგიას, ეთიკას
ადამიანის თვითცნობიერებისათვის, მაგრამ ნეგატიურად აფასებენ ადამიანის
არსების მათში შემოფარგვლას.
კირკეგორი თავისი რწმენის რაინდის ცნებით და რელიგიურის სტადიით არ
აუქმებს ეთიკას, არამედ აჩერებს მის მოქმედებას, რადგან ღმერთი უსასრულოდ
მეტია, ვიდრე სასრული ეთიკა. ნიცშე კი თავისი ზეკაცის ცნებით და
არისტოკრატიული მორალის შემოტანით უარყოფს ტრადიციულ მორალს და მას
სუსტების, მონების მორალად აცხადებს, რომელიც აუცილებლად უნდა
გადაილახოს. კირკეგორისთვის ადამიანურის გადალახვა არ ნიშნავს ყოველივე
ძველზე, რაც კი ადამიანს ახასიათებდა, უარის თქმას, არამედ ეს არის თითქოს
უეცარი გადასვლა სხვა განზომილებაში დაახლოებით ისე, როგორც მკვდრეთით
აღმდგარი ქრისტე უეცრად უჩინარი შეიქნა თანამეინახეებისთვის. აქიდან
გამომდინარე, კირკეგორთან ადამიანურის გადალახვა გამოიხატება
ტრანსცენდენტურში უეცარ გასვლაში, საღმრთო გამოცხადებაში და აბსოლუტის
მიმართ მორჩილებაში. ნიცშესთან კი ადამიანური, როგორც სუსტ არსებათა
დამახასიათებელ ჩვეულებათა მთლიანობა, სრულიად უნდა გადაილახოს და
გაუქმდეს ზეკაცში.

დასკვნა

პოსტ-კლასიკურმა ფილოსოფიამ ექსისტენციალური პრობლემები ფილოსოფიის
ცენტრალურ საკითხებად აქცია. სიორენ კირკეგორს მიიჩნევენ
ექსისტენციალიზმის მამამთავრად, ფრიდრიხ ნიცშეს კი მე-20 საუკუნის
ექსისტენციალიზმის წინამორბედად. კირკეგორი და ნიცშე განსხვავებული
გზებით გამოყოფენ საზოგადოებისგან ინდივიდს, აყალიბებენ პიროვნების
თავისუფალი განვითარების კონცეფციებს. კირკეგორი ადამიანის უმაღლეს
თავისუფლებას ხედავს ტრანსცენდენტურში, რელიგიურში, ადამიანის
აბსოლუტურ მორჩილებაში აბსოლუტის მიმართ, რომელი მორჩილებაც მისი
თავისუფალი ნების აქტია, რწმენის ნახტომია. ნიცშე ადამიანის უმაღლეს
თავისუფლებას ხედავს შინაგანი სასიცოცხლო ენერგიების აბსოლუტურ

გამონთავისუფლებაში, საკუთარი ღირებულებების შექმნაში, საკუთარი თავის
დამტკიცებასა და რეალობის სიმძიმის სრული სისავსით მიმღეობაში.

გამოყენებული ლიტერატურა:
ბიბლია, დაბადების წიგნი
ბიბლია, ლუკას სახარება
სიორენ კირკეგორის ,,შიში და თრთოლვა“
ფრიდრიხ ნიცშეს ,,ესე იტყოდა ზარატუსტრა“
ფრიდრიხ ნიცშეს ,,მხიარული მეცნიერება“
ფრიდრიხ ნიცშეს ,,Ecce Homo”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი