ფიქრი სიკვდილზე მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში
ადამიანი დედამიწაზე ერთადერთი არსებაა, რომელიც არამხოლოდ გრძნობს საკუთარ არსებობას, არამედ მან იცის კიდეც, რომ არსებობს. რადგან იგი აცნობიერებს საკუთარ არსებობას, მისთვის ცხადია, რომ მიწიერ სხეულში მყოფი უსასრულოდ ვერ იცოცხლებს. ადამიანმა რადგან იცის, რომ არსებობს, ისიც იცის, რომ მოკვდება. ეს ცოდნა ერთ-ერთი უდიდესი სტიმულია კაცობრიობისთვის, რათა მისმა ფიქრმა გარდაუვალ სიკვდილზე, წარმოდგენამ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე შვას ფილოსოფია, რელიგია თუ მხატვრული ლიტერატურა. მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ადამიანის სიკვდილის თემატიკით ყველაზე გამორჩეული შემოქმედი არის ტერენტი გრანელი. იგი, ძირითადად, პოეტური ფორმით წერდა. იმ მცირეოდენ პროზაულ ნაწარმოებთა შორის, რაც ტერენტი გრანელს დაუწერია, ყველაზე ცნობილი ორივე ნაწარმოები: ,,გულიდან სისხლის წვეთები“ და ,,სიკვდილის შემდეგ“ სავსეა სიკვდილზე ფიქრებით. ტერენტი ამბობს: ,,ვფიქრობ, მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება“ (,,გულიდან სისხლის წვეთები“). აქ ჩანს ცოდნა გარდაუვალი სიკვდილისა და რწმენა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლისა. თუ რა ფორმით წარმოუდგენია პოეტს საკუთარი უკვდავება, ამბობს შემდეგ სიტყვებში: ,,მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული“ (,,გულიდან სისხლის წვეთები“). ტერენტი გრანელის შემოქმედებას ფრენის პოეტური სახე მიწიერ თემებზე ამაღლებულს ხდის და ერთგვარ სინატიფეს ანიჭებს. ,,მიწა არ მინდა და როგორც ქრისტე, მეც ვემზადები გაფრენისათვის“ (,,პოეტი პატიმარი“). ქრისტემ საკუთარი სიკვდილით დაამარცხა მარადიული სიკვდილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი სიკვდილი იყო სხვა სიცოცხლეში გადასვლის, ,,გაფრენის“ საშუალება. ტერენტი გრანელს სურს, რომ მისი სიკვდილიც იყოს გაფრენა მარადიულ და უსასრულო ჰორიზონტებში. იგი ამბობს: ,,ახლა შორს ელავს ცა მოწმენდილი და მიხმობს ქრისტე მე ვარსკვლავიდან“ (,,პოეტი პატიმარი“). მასთან სიკვდილი არის შესაძლებლობა, რათა ახალ, არამიწიერ სამყაროში გადავიდეს სული. ტერენტი გრანელი ხშირად ნატრობს, რომ სხვა განზომილებაში არსებობდეს. ,,ღმერთო, გამაღვიძე მე სხვა პლანეტაზე“ (,,ლოცვა გაფრენისათვის“). ტერენტი გრანელი ამბობს, რომ სიკვდილის ჟამს მისი სხეული დარჩება მიწაზე, ხოლო სული დაისვენებს მისგან. ,,ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს. და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას“ (,,სიკვდილის შემდეგ“). აქ აშკარაა სხეულისა და სულის დუალობა, ორი განსხვავებული რეალობა: მიწიერი სამყარო და ,,უკვდავების ცისფერი მხარე“ (,,გულიდან სისხლის წვეთები“). ცნობილია, რომ ტერენტი გრანელი ხშირად დადიოდა სასაფლაოზე, უმზერდა საფლავებს და ლექსებისთვის შთაგონებასაც იღებდა. ერთ ლექსში, რომელსაც მან ,,ალლიდი ოტტო“ უწოდა, ლირიკული გმირი არის სასაფლაოზე და ამბობს: ,,ო, ვიღაც ქალი საფლავთან ტირის, არყოფნის შიშმა მეც ამიტანა.“ აქ არის საუბარი შიშზე, რომელიც მაპროვოცირებელი ხდება ადამიანში, რათა ბევრი იფიქროს გარდაუვალ სიკვდილზე, ირწმუნოს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე. ხშირად ადამიანს ღმერთის რწმენაც არყოფნის შიშის გამო უჩნდება. ტერენტი გრანელმა თავის ყველაზე ცნობილ პოეტურ კრებულს თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსის სახელი უწოდა - ,,Memento mori“, რაც ლათინური გამოთქმაა და ნიშნავს: ,,გახსოვდეს სიკვდილი!“ სიკვდილის თემა გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. გალაკტიონი თავის პოეზიაში უფრო ხშირად სიკვდილის წინარე მდგომარეობებზე საუბრობს, ვიდრე სიკვდილის შემდგომ რეალობებზე. ,,სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა“ (,,მთაწმინდის მთვარე“). ვარდისფერ გზაში პოეტი უნდა გულისხმობდეს ისეთ გზას, რომელიც ადამიანისთვის სასურველი, მეტიც, - სანატრელიც კი არის, რადგან სიკვდილი ერთადერთი საშუალებაა იმისა, რომ ადამიანი სრულიად მოწყდეს მიწიერებას. გალაკტიონისთვის სიკვდილის მოახლოების შეგრძნება საკუთარ პოეზიასაც ეტყობა: ,,თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს“ (,,მთაწმინდის მთვარე“). ცნობილია, რომ გედი სიკვდილის წინ გალობს, რის გამოც მისი სიმბოლო აქტიურად დამკვიდრდა მოდერნისტულ პოეზიაში. გალაკტიონ ტაბიძე თავის რამდენიმე ლექსში წარმოაჩენს, თუ რა კვალს ტოვებს სიკვდილზე ფიქრი ადამიანში. ერთ-ერთი ასეთი ლექსია ,,სიკვდილის ბრჭყალებში“, სადაც ტოტ-დახრილი მუხის სიმბოლურ სახეში ავტორი ცხოვრებისგან დაღლილ და სიკვდილის პირას მყოფ ადამიანს გვიხატავს. მუხას ერთი უმიზნო ფიქრი ღრმად აქვს სულში ჩარჩენილი და ეს ფიქრი, როგორც ავტორი ამბობს, წყევლის კვალია. საინტერესოა, თუ რა წყევლას გულისხმობს აქ გალაკტიონ ტაბიძე. ამ ლექსში უკვე აღარ ჩანს რაიმე ‘ვარდისფერი’. ეს ბედისწერის წყევლა უნდა იყოს, რომელიც ადამიანს დროისა და სივრცის ვიწრო საზღვრებში კეტავს. ეს უიმედო ფიქრი, რომელიც აღნიშნული წყევლის კვალია, შემდეგი სახისაა: ,,და ყოველივე და ყოველივე ამაო არის და წარმავალი, ნათელი სხივით შემოსუდრული ხვალ დაბნელდება ცა გამჭვირვალე და შენც, მოხუცო, სიკვდილის ხელი გაგანადგურებს ან დღეს, ან ხვალე!“ (,,სიკვდილის ბრჭყალებში“). რადგან გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში სიკვდილის თემატიკაზე ორი საწინააღმდეგო განწყობა: ‘ვარდისფერი გზა’ და ‘ბედისწერის წყევლა’ წარმოვაჩინეთ, ცხადი ხდება, რომ სიკვდილის შესახებ წარმოდგენა ადამიანში არ არის სტატიკური, ის ხშირად იცვლება და შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო სახეები წარმოშვას. გურამ რჩეულიშვილი, რომელმაც 26 წლის ასაკში თავი გაწირა მისთვის უცნობი რუსი გოგონას გადასარჩენად, თავის მოთხრობაში - ,,სიკვდილი მთებში“ სიკვდილზე ფიქრებს წარმოაჩენს განსხვავებული პერსპექტივებიდან. ნაწარმოებში სხვადასხვა კულტურის, ცნობიერების ადამიანები შეესწრებიან 49 წლის გერმანელი ქალის - ეპლიდე კურელას ტრაგიკულ სიკვდილს ხევსურეთის მთებში. იგი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ექსპედიციაში. გარდაცვლილის მეუღლე 61 წლის გერმანელი კაცი ალფრედ კურელა იყო, რომელიც დიდ ინტერესს იწვევდა ხევსურებში და გურამშიც. გურამი ნაწარმოების ერთ ნაწილში თვითონ არის მთხრობელი, ამიტომ შეგვიძლია მასში თავად გურამ რჩეულიშვილი მოვიაზროთ. ევპლიდე ცხენის ჭენების დროს გადმოვარდება და თავს დაარტყამს ქვაზე. შემდეგ გურამიც გადის იგივე გზას ცხენით და ფიქრობს, თუ რა იქნება, თუ თვითონაც ჩამოვარდება, თუ თვითონაც მოკვდება. ალფრედ კურელას ძალიან მშვიდად ეჭირა თავი, რითიც ყველა გაკვირვებული იყო. ზოგიერთი მის გამართლებას ცდილობდა, მაგრამ გურამს ვერ წარმოედგინა, მის ადგილას როგორ შეიძლებოდა, არ მისცემოდა ძლიერ დარდს. ალფრედი კი საქმესაც აკეთებდა და დარდს არ გამოხატავდა. გურამი გააოცა სტეფანეს, გარდაცვლილი ქალის ვაჟიშვილის ქმედებებმაც. ბიჭი კლდის ქიმზე იდგა და მთას სურათებს უღებდა. ,,თითქოს სულ არ დარდობს“ (,,სიკვდილი მთებში“) - გაიფიქრა გურამმა. ალფრედმა კი თქვა, რომ მან და ევპლიდემ შვილები სწორედ ასე გაზარდეს: სიკვდილი სიკვდილია. ამ გერმანელი კაცის ასეთი განსხვავებული ქცევა გახდა იმის მიზეზი, რომ ქართველები სიკვდილზე და მის მიერ გამოწვეულ განცდებზე მეტად დაფიქრდნენ. გურამმა იფიქრა, რომ ალბათ ალფრედისთვის სიკვდილი უფრო საკვირველი რამ არის, ვიდრე საზარელი. ხევსურებს სურდათ, სოფლად ჩაეყვანათ, წესი აეგოთ და დაეკრძალათ ევპლიდე, მაგრამ ალფრედმა მტკიცედ განაცხადა, რომ კლდის ძირში უნდა დაკრძალულიყო მისი მეუღლე, რადგან თვითონ ასე ისურვებდაო. საბოლოოდ, ევპლიდე კლდის ძირში დაკრძალეს. ალფრედ კურელამ მაშინვე განაგრძო თავისი საქმეებისთვის ზრუნვა. გურამი კი ფიქრობდა იმაზე, რომ ამიერიდან ტრაგიკულ ადგილას ხევსურები სვლას შეანელებენ, უფრო სახიფათო ადგილებში კი თავგამატებით გააჭენებენ ცხენებს. ადამიანის სიკვდილის შედეგად გამოწვეულ ძალიან მძაფრ განცდებს გვიხატავს ჯემალ ქარჩხაძე თავის რომანში - ,,ზებულონი“. ყმაწვილი ზებულონი საშინელი ფაქტის წინაშე დადგება: მას ძმები დაროაშვილები მამას მოუკლავენ. თუმცა ზებულონს მამის სიკვდილის შემდეგ არ გასჩენია ისეთი საზარელი შეგრძნებები, როგორც მას შემდეგ, რაც დაროაშვილების ოჯახი უსასტიკესად ამოხოცა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშებიც. ამ საშინელი შურისძიებით მან საკუთარ სიცოცხლით სავსე სულსა და გულში საზარელი და მთელი არსების მომწამვლელი სიკვდილი შემოუშვა. დაღაპულები ესიზმრებოდა, ელანდებოდა და მოსვენებას ვერ პოულობდა. ზებულონის დედას ქმარი არ უგლოვია ისე, როგორც ზებულონის სულიერ სიკვდილს გლოვობდა. ის გამუდმებულ მარხვაში და ლოცვაში იყო და მალევე გარდაიცვალა. დაროაშვილები, რომლებიც გამოქვაბულში იყვნენ გამოკეტილები, სიკვდილის გარდაუვალობას მრავალჯერ უფრო ძლიერად გრძნობდნენ, ვიდრე ადამიანები ჩვეულებრივ გრძნობენ ხოლმე. და მათი შიშიც გაცილებით დიდი იყო. ისინი ყვიროდნენ, ამაოდ ითხოვდნენ შველას. გალაკტიონ ტაბიძეს აქვს ლექსი - ,,ამაო ძახილი“, სადაც ჩანს, თუ რა შეიძლებოდა, ეგრძნოთ დაროაშვილებს, როცა აცნობიერებდნენ, რომ მათი საშველი ქვეყნად აღარ იყო. ,,ვინ გაიგებს მომაკვდავის განუსაზღვრელ ბოღმა-ნაღველს? ვინ რას ეძებს გედის ჰანგებს - სხვა ოცნების გამომსახველს?“ - ამ სტრიქონში ჩანს, რომ ადამიანი მარტოა საკუთარი სიკვდილის წინაშე. ყველასთვის უცხოა ‘გედის ჰანგები’, სანამ საკუთარი ჟამი არ დადგება. სხვისი სიკვდილი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, მაგრამ ვერ განიცდის მას თავისად, ბოლომდე არ ეცოდინება, თუ რა გრძნობაა, როცა სიკვდილს მზერას უსწორებ. და მაინც, ყველაზე მძიმედ და დიდად ზებულონი წარმოიდგენს დაროაშვილების სიკვდილს. ეს სიკვდილი, რადგან მან გადასცა მათ, მისი სიკვდილიც არის, ოღონდ ეს სხვა სიკვდილია, უფრო მძაფრი და საშინელი, ვიდრე დატოვება მიწისა. ბიბლიოგრაფია გალაკტიონ ტაბიძის ლექსები (poetry.ge) გურამ რჩეულიშვილის ,,სიკვდილი მთებში“ (poetry.ge) ტერენტი გრანელის ლექსები (poetry.ge) ჯემალ ქარჩხაძის ,,ზებულონი“ (ქარჩხაძის გამომცემლობა), 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი