შენ, უფალო


ალბათ ოცნება შენც გქონდა ბევრი, მაგრამ შენ მათ ხმას არ გაჰყოლილხარ. შენ გქონდა ხვედრი, სრულიად რომ აცნობიერებდი, და მას მიჰყვებოდი ერთგულად. მასაც (ვინც შენ გაგყიდა) და სხვასაც (მათ შორის ჩვენც) აქვს მრავალი ოცნება, მხედველობას რომ აკარგვინებს, რის გამოც ხვედრი აღარ ჩანს. შენ თქვი, რომ ყველას აქვს თავისი ჯვარი და ყველა ვალდებულია, რომ პირნათლად ზიდოს ის, როგორც შენ ზიდე, მაგრამ ყველამ კი არა, არავინ იცის ეს. მე ვწერ ამ სიტყვებს და თვითონაც არ ვიცი, რომ ვიცოდე, ჯვრის სიმძიმე ცხოვრებას გამისწორებდა, ახლა კი ისეთი მსუბუქია მხრები, რომ ცხოვრებამ ლამის აქეთ გამასწოროს მიწასთან. შენ კი რამდენი გამოგიდგა ისე, რომ შენს ადგილას ბევრს კანკალს დააწყებინებდა შიში, შენ კი სრულიად მშვიდად და მეფურად წარმოთქვი: ,,მე ვარ", როცა იკითხეს შენი სახელი, რათა მოეკალით. მოგკლეს კიდეც, მაგრამ შენ სიკვდილი ვერ მოგერია... შენ ხომ უსასრულოდ მაღლა იყავი მათზე, რომელთაგან ფურთხი, დაცინვა და მრავალი შეურაცხყოფა მიიღე. შენ ფურთხის ნაცვლად ცრემლი მიაგე, დაცინვის მაგივრად - ლოცვა. შენ არ გძულდა შენი მკვლელები. შენი ცნობიერება იმდენად მაღალი იყო აგონიის დროსაც კი, რომ უზენაესს სთხოვდი, მიეტევებინა მათთვის. შენ აღდექი, რადგან სხვაგვარად არ შეგეძლო; ჩვენ, ვისაც გვიყვარხარ, აღვდგებით, რადგან შენ ინებე ასე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი