ფიქრი ჩემს ფიქრზე
სივრცის უსასრულობა მაფიქრებს. ვფიქრობ და წარმოდგენაშიც კი მიმძიმს სამყაროს საზღვრებში მოქცევა. ამ იდუმალ არსებობაში შემოვაბიჯე 23 წლის წინ და მსურს, რომ ის, რაშიც მიწევს ყოფნა, იდუმალი არ იყოს ჩემთვის. გუშინ წავიკითხე გერმანელი ფილოსოფოსის - მარტინ ჰაიდეგერის სიტყვები, რომ ადამიანი სანამ იქნება გონიერი არსება, ის იქნება მეტაფიზიკური არსება. რომელი არსებაა ამ სამყაროში ფილოსოფოსი, გარდა ადამიანისა? რომელ ცხოველს უყვარს ჩაფიქრება ცხოვრების რაობაზე, მის მიზეზზე? მათ ხომ რეალურად ცხოვრებაც არ აქვთ, ისინი მხოლოდ არსებობენ, გრძნობენ ამას და ამის შესახებ არაფერი იციან. ადამიანს არ შეუძლია ასე. როგორ შემიძლია, ზოგჯერ მაინც არ შევძრწუნდე სიკვდილზე ფიქრის დროს, როცა ვიცი, რომ ჩემი არსებობა არის იმგვარი, რომ ჩემი სიკვდილი გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს? მიყვარს ფიქრი სინათლის სიჩქარეზე, კოლოსალურ მანძილებზე კოსმიური სივრცის... საოცარი სიამოვნების გრძნობა მავსებს, როცა ვუმზერ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ბნელ ღამეში. გარინდებული ჩემი სხეული იკავებს აბსოლუტურ სივრცეში თავის დროებით წერტილს, როგორც ვარსკვლავები, რომლებსაც უმზერენ არსებობასავით იდუმალი ჩემი თვალები. ღმერთო, მე ვფიქრობ შენზე და წარმოდგენაც კი მიჭირს იმის, თუ რაოდენ დიდი ხარ. ვწუხვარ, რომ პირადად არ გიცნობ, თუმცა კი ბევრი მსმენია შენზე. კარგად ვერ გამიგია, მათგან რაა სიმართლე, რა - სიცრუე, რა - უნებლიე შეცდომა, მაგრამ მიგრძვნია რაღაც ამაღლებული სულში, მიგრძვნია, რომ ხარ, როგორც ის ერთი, რომლისგანაც გამომდინარეობს ყველაფერი, რაც კარგია. ჩემში არსებობს ჩემი ფილოსოფია, რომელსაც არამხოლოდ სიბრძნის სიყვარული, არამედ ღმერთის სიყვარულიც შეიძლება ვუწოდოთ. ის ის ველია ჩემს არსებაში, რომელიც უკავშირდება მისტიკურს და ფიზიკის მიღმურს, მსგავსად სხვა ველის - პოეზიისა. ბევრჯერ მომხდარა, რომ ამ ორ ველს შორის გაყოფილა საზრდო. მე არაერთხელ გამჩენია სურვილი გაფრენისა, მსგავსად ერთ-ერთი უდიდესი მისტიკოსი პოეტის - ტერენტი გრანელისა, რომლის სულთანაც მიგრძვნია ნათესავური კავშირი. ის ერთ-ერთ თავის ჩანახატში მიმართავს იდუმალ ვარსკვლავს, რომელი ვარსკვლავიდანაც უხმობს ვიღაც, ის კი სწუხს იმის გამო, რომ ხორცს არ შეუძლია შეასრულოს სულის მოწოდება. მე ვფიქრობ, რომ როდისმე მეც მაღიარებენ პოეტად, რადგან გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გაუგებენ ჩემი სტრიქონების აზრს და მელოდიას, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მყავდეს თუნდაც ერთი ისეთი ადამიანი, რომელიც ლამაზად დაწერილი და თქმული სიტყვების გარეშე გაუგებს ჩემს სულს და შეიგრძნობს მის მუსიკას. და როგორ მინდა, რომ ეს ადამიანი იყოს ჩემი ერთარსი, რომელსაც ვუწოდებდი ცოლს! არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველა გრძნობა განეცადოს, რაც კი შესაძლებელია. უმთავრესი, რაც კი შეიძლება ადამიანისათვის გინდოდეს, ბედნიერებაა. ბედნიერებისათვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დაფასებას, სითბოს, პატივისცემას და სხვა უამრავს, რომელსაც ელი ადამიანებისგან, უმნიშვნელოვანესია სულის სიწრფელე, რათა იყო ბედნიერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი