ძვირფასო ექიმო


იცი, სული მაქვს ავად, ძვირფასო ექიმო, სად ხარ?
როდესაც ზღვა ტალღებს ძლიერად არხევს, სულის კედლები ლამის დაინგრენ, იმდენად სტკივათ. სად ხარ ახლა? ხომ იცი, რა მგრძნობიარეა ეს სული, ძვირფასო ექიმო, შენზე უკეთ ვინ იცის?!
შენ იცი, ამ ზღვას რა ძალა კურნავს, შენ ეს ისწავლე თვით უმაღლეს ოსტატთან, თუმცა როდისღა?! შენ სულ, მუდამ ოსტატში იყავ, ახლაც იქა ხარ, ძვირფასო ექიმო, მოდი, განმკურნე!
მშვიდობა უნდა ჩემს სულს. მომიტანე წამალი, ჩემო მკურნალო, მომიტანე, ავადმყოფი თხოვნით მოგმართავ. იტყვი და განმკურნავ, იტყვი და დამანგრევ, შენზეა, კეთილო, ეს ჩემი სიცოცხლე.
სადღაც სიმშვიდეა. ტაძარი სუფთაა. ექიმმა გაწმინდა, ექიმი იქაა. მეც მინდა ექიმი. ტაძარი მენგრევა.
- ექიმი მოვიდა, ძვირფასი ექიმი! - ჰყვირის გული გახარებული. - გიშველის ახლა! ამ წუთში გიშველის, ოღონდაც გჯეროდეს, ღმერთია მასში!
ზღვა ჩადგა. სული განიკურნა. მშვიდია ტაძარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი