პოეტის ცოდვილობა
თავში ათასნაირი აზრი მომდის. ლექსის დაწერა მინდა. შვებას მიველტვი. ლექსი კი არ მოდის ჩემთან, არ მეკარება, გული აუცრუვდა ჩემზე. მე ვცდილობ, რომ პოეზიას დავანახო ჩემი არსებობა. ვცოდვილობ. არა, არ არის ლექსების წერა ყველას საქმე! მტკივნეული განაცხადია. ბედისწერა ყველას არ აძლევს სათანადო გრძნობას, რომ პოეზიის ცისფერ სივრცეში გაშალოს ზეადამიანური ბედნიერების ფრთები. მიწაზეც ხომ ასე ხდება: ბუნება ყველას არ აჯილდოებს საყვარელი ბუნებით. გულის ტკივილი მით უფრო ღრმაა, რაც მეტად მოითხოვს კაცის ბუნება ლექსს; რაც უფრო მეტად მოითხოვს უფერული არსებობა სიყვარულის სხივცისკროვნებას. მე ოცნებებში გავლიე წლები. მეგონა, მყავდა საკუთარი ,,შენ". მაგრამ ერთ ემპირიულ ჭეშმარიტებას ჩავწვდი: აქ სიტყვას - ,,ჩვენ" - ყოველთვის დაჰკრავს ილუზიის ფერი. მე, შენ და სხვა... აქ ყველა სინამდვილეს ეძებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ თითოეული ის ქმედება, რასაც კი სჩადის, ამ წმინდა და დაფარულ მიზანს ემსახურება. ბოროტი ადამიანის აბსოლუტურად მესმის. სუსტმა გულმა ვერ გაუძლო ტკივილის სიმძიმეს და ჩაწყდა. და მაინც, იქნებ ,,ბედისწერა" არის იმ იდუმალი არსის შესატყვისი სიტყვა, რასაც შეგვიძლია, მსჯავრი დავსდოთ იმაში, რომ ამ კაცს არ უყვარდა პოეზია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი