მე და გრანელი ცისფერ მხარეში


ღამე მომიძღვნის ცისფერ არიას,
ღამე მომიძღვნის მწვანე გაზაფხულს;
ღამე მოიხმობს ამ სულს ქარიანს,
ღამე უჩვენებს მას ზღვას არნახულს.

უჩვენებს სევდას ღამე სიშორის
ამ სულს სიკვდილის ლანდთან მდუმარეს;
მაგრამ ეს სევდა არის მიქროლვის,
სულს ვეღარ ვხედავ აქ კვლავ მწუხარეს.

ეს სული ახლა ფრინავს იმ მხარეს,
სადაც გრანელის სული ილტვოდა.
მას უკვდავების ცისფერი მხარე
ჰქვია და მან ეს კარგად იცოდა.

ცისფერ მხარეში ღამე გაქრება,
ადგილს დაუთმობს ის მუდმივ ნათელს;
სულს ქარის კვალი აღარ აჩნდება,
გალობად იტყვის ის თავის სათქმელს.

მწუხარება იქ აღარ იქნება,
სადაც სიცოცხლე მწვერვალს დაიპყრობს.
მწუხარე სულმა შვება ინება,
თავისუფლებას ის ახლაც ფიქრობს.

გრანელს სჯეროდა სულის სიცოცხლე,
სხეულისაგან თავისუფალის;
,,სხეულში მყოფი ცრემლით იწვოდე!" -
თითქოს ღმერთს ეთქვას გრანელისათვის.

მას არ უნდოდა არც ეს სიცოცხლე,
არც ის სიკვდილი, მოსალოდნელი;
მას სხვა რამ სურდა - იდუმალება,
ვით მესამე გზა - შეუცნობელი.

ეს ჩემი სული ნათესავს მის სულს
მიესალმება უკვდავ მხარეში.
ჩვენ გავიხსენებთ ცხოვრებას და გულს
გავიხალისებთ ფერთა თარეშში.

მშვენიერება საბნად გვექნება,
უქრობელი მზის ნათელი - თმებში.
ამ სულს სხვა კარგი რაღა ენება? -
გავჯიბრებოდი ოსტატს რითმებში.

ალბათ იქაც კი გაგვახსენდება
ჩვენი ღამენი ცრემლით სავსენი;
იქნებ ვინატროთ კიდეც ოდესღაც
ეულად ყოფნა და ღამის სენი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი