დაცემა და ამაღლება
ახლა სადღაც წამში გაქრა სილამაზე. მაღლა მონუსხული მზერა იკარგება... შუბლი დადებულა მძიმედ იარაღზე, სასოშემუსრულში კვდომა იქარგება. თვითმკვლელობისათვის თავი გავიმეტე და ისე დავეცი, როგორც იქ იუდა... მერე, როცა სულში კარგად ჩავიხედე, ვნახე, ეშმაკს რაც სურს, ჩემს სულსაც ის უნდა... ღმერთო, სული ასე როგორ დამახინჯდა?! ვიცი - არ ვყოფილვარ ფხიზლად მიმავალი... კვლავ იმ კაცზე ვფიქრობ, სიკვდილთან რომ იჯდა, ვფიქრობ, არ ახსოვდა მას იმ წამს მრავალი... იყო მწუხარებაც, იყო გახარებაც; იყო აღმაფრენა სულში ბევრი ფერის. მშვიდად ვკითხულობდი ქრისტეს სახარებას, მაგრამ არ ყოფილა სული ბედნიერი. მძაფრი იმპულსები ხშირად მომრევია, ბევრჯერ მინანია ჩემი საქციელი. ვხედავ, რომ აქ ყველგან ცოდვის მორევია; ვხედავ, წმინდა არ ვარ და მას სხვაში ველი... იქნებ სინანულის ჭეშმარიტი არსი ჩემს გულს და გონებას ნათლად მოეფინოს; იქნებ დაარღვიოს ღმერთმა ბნელი გარსი, სულში ზნე კეთილი ბოროტს მოერიოს... სიყვარულისათვის მინდა, დაიფერფლოს ჩემი ეგოს მძაფრი სურვილთ შემართება; მაგრამ მე, ძვირფასო, როცა შენზე ვფიქრობ, ხშირად მისტიკური რაღაც მემართება. ვიცი, ჩემს არსებას - სხეულს და შინაგანს უმძიმს უნახევროდ ყოფნა სამყაროში. მინდა, რომ ავმაღლდე, მივწვდე საღვთო საგანს და ჩემს სილამაზეს გიძღვნა საღამოში... ახლა ჩემი მზერა ისევ ცაში კრთება; მაღლა სინათლეა და თეთრი ჩიტები... მჯერა, ჩემი გული სიყვარულში რჩება. ღმერთო, დამიფარე! მხოლოდ შენ მჭირდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი