Mystery


წამის წინ - არაფერი და ახლა ყველაფერია;
ყველაფერი წამის შემდეგ უკვე არაფერია.
წამის ქარი, ფარი მყარი და სურვილის არია,
რაღაც გრძნობა, რაღაც მეტი, სადღაც რაღაც მკვდარია.

იფერფლება განცდის ღერი ცეცხლში, სადღაც მღერიან...
საიდუმლო დაცდის ფერი ფერფლში ფანდად ერია.
იმოსება ფიქრში ფირი მირაჟების ფერებით - 
ერთ საამო არიაში ვკვდები ტკბილი ფერებით.

დაიღალა მტკიცე მკლავი, ნერვს აღიმებს ეს ლოდი
და თუ ისევ გულუბრყვილოდ აქ სიამეს ელოდი,
ჩაგიცურდნენ იმედები წყალში ჩუმად, უჩინრად,
არ ისურვე ის ფერები, დარჩი ბნელში სრულიად.

უეცარი სიქადული, სიხარულის ანთება -
თითქოს ჩემში ყველა ფერი, ყველაფერი ლანდდება.
წამის წინ თუ - არაფერი, ახლა უცებ - სხვა ფერი;
შემოდგომის ფოთლებს იცვენს ხმელი სული, ნაფერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი