მოხეტიალე
მოხეტიალე დადის ჩრდილებით მოსილ სინათლის სხივზე. მის წინ მეყსეულად ჩნდებიან კარები და უმალ ქრებიან, როგორც კი მათი მომზირალი კაცი იწყებს ყოყმანს, შეაღოს თუ - არა. - რა იქნება, რომ შევაღო? სად აღმოვჩნდები? აი, ახლაც გამიქრნენ, ვეღარ ვხედავ მათ. როდისღა გაჩნდებიან?! მორჩა!... როგორც კი გაჩნდებიან, მაშინვე შევაღებ რომელიმეს და შევალ! დიდი ლოდინის შემდეგ ჩრდილებით დაღლილ მოხეტიალეს კვლავ გამოეცხადნენ კარები. ის მაშინვე გაიქცა ერთ-ერთი კარისკენ და შეაღო იგი. ის აღმოჩნდა საოცარ სამყაროში, სადაც ჩრდილებს ვეღარ ხედავდა. - რა დიდებულებაა! - აღმოხდა მას. აქ ჰაერი ცოდნით იყო გაჟღენთილი. თითოეული შესუნთქვა მოხეტიალეს საოცარ განცდას ჰგვრიდა. ის ივსებოდა საკვირველების შემეცნებით გამოწვეული ნეტარებით. მოხეტიალის ფეხები ვერ ჩერდებოდნენ. ისინი წინ მიიწევდნენ. რაღაც იდუმალი ლტოლვით იყო სტიმულირებული კაცის მთელი სხეული. თუმცა კი ინება რამდენჯერმე მოსვენება და სრულიად ტკბობა დიდებული მდგომარეობით, მაგრამ ვერ სძლია იდუმალს. ის განაგრძობდა წინსვლას. თანდათანობით სისწრაფეს უმატებდა. უკვე მირბოდა. ჰაერი დამძიმდა. ჩასუნთქვისას სიამოვნებას ვეღარ გრძნობდა. ძალიან მოუნდა, რომ გაჩერებულიყო და სული მოეთქვა, მაგრამ ვერ ჩერდებოდა. მისი სხეული დაიღალა. წინსვლისადმი ლტოლვა გაქრა. კაცი ღონემიხდილი დაემხო მოუხეშო ზედაპირიან ჩრდილს. ძლივს სუნთქავდა. თვალები დაეხუჭა. უეცრად გაჩნდა მის წინაშე წარწერა: ,,კარმა, რომელმაც ცოდნაში შეგიყვანა, დაგაყენა გზაზე, რომელიც არ ცოდნისაკენ მიდის. შედი სხვა კარში!" მოხეტიალე რამდენიმე წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა, მზერა დაჩრდილულ სივრცეში ერთი წერტილისკენ მიეპყრო და ფიქრობდა. შემდეგ წამოხტა და გაიქცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი