ოცნებები და დარდები


- ბაბუ, სად მიდიან აუხდენელი ოცნებები?
ბაბუამ ვარსკვლავებს მზერა მოწყვიტა და შვილიშვილს შეხედა. ბავშვის თვალებში სევდა ამოიკითხა. ისევ ვარსკვლავებს ახედა. ფიქრობდა, თუ როგორ დაიბადა ათი წლის ბავშვში ასეთი უცნაური, საინტერესო და იდუმალი შინაარსის შეკითხვა. პასუხზე ბევრი არ უფიქრია. ყმაწვილობის დროინდელი ოცნებები გაახსენდა, რომელთა უმრავლესობა ვერ აეხდინა. ეს ძველი ოცნებები წარსულის მოგონებებში გადასულს თუ განაცდევინებდნენ თავს კვლავ მეოცნებედ, რეალურად კი მათგან, ჩრდილების გარდა, აღარაფერი შერჩენოდა.
- ოცნებები ანთებული სანთლებივით დნებიან, ბაბუ, აუხდენელიც და ახდენილიც.
- ეგ როგორ, ბაბუ? ახდენილი სხვას ნიშნავს, აუხდენელი კი - სხვას.
- მაგდენი აღარ იცის ბაბუმ. მოდი ბაბუსთან, პატარა ფილოსოფოსო!
ერთად უყურებდნენ სულშიჩამწვდომ პეიზაჟს და დარდებს ატანდნენ წერტილებად მოკაშკაშე ვარსკვლავებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი