ვინმე


ცხოვრებაში ყველაზე საზარელი არის წამი, როცა ნათლად ვხედავ გარდაუვალობას, რომ მოვკვდები. რატომ მესაზარლება ასე გონების თვალის ეს სანახაობა? ნუთუ ასე მეშინია სიკვდილის? არა, მე გაურკვევლობა მზარავს, სრული გაურკვევლობა.
ახლა ვწევარ. ვფიქრობ ჩემი ცხოვრების გზებზე. რამდენი ალტერნატივაა! მინდა, ყველას გავუსინჯო გემო. წარმოდგენებში იქნებ ვახერხებ კიდეც...
ადგომა მინდა. ყველაფერი მოსაბეზრებლად გამოიყურება. მიკვირს, რატომ მინდა ადგომა. პულტი მოვჩიჩქნე. ტელევიზორი ჩავრთე. ისევ ჩვეულებრივი ბლა-ბლა-ბლა...
რატომ არის, რომ მინდა იმასთან ყოფნა, რომელთან ყოფნაც, ვიცი, რომ სულ არ მენდომება? ცხოვრებაა ასეთი...
ვდგები და მცირე სიამოვნება მოაქვს ფიქრს, რომ სახლში მარტო ვარ და როგორც მინდა და რითაც მინდა, ისე ვივლი. მალევე დავჯექი. საღოლ! ყავას დალევდა კაცი! ოხ, მოდუღება...
რატომ არის, რომ ძმაკაცების მიმართ მონატრებას არ ვგრძნობ და მენატრება გოგო, რომელიც სულ სამჯერ მყავს ნანახი? ეჰ, ნეტავ ღმერთი ვიყო...
რატომ მოვწიე გუშინ? ხომ გადავწყვიტე, აღარ მოვწევ, ინტელექტს გავუფრთხილდები-მეთქი? დაიკიდე..
გოეთე მაინტერესებს, ამბობენ, დიდი პოეტიაო. ვერ ვიხსენებ, უნივერსიტეტში რომელმა მითხრა, გერმანელი რუსთაველიაო, მარიმ, თუ გივიმ...
როგორც იქნა, ვიმზადებ ყავას. მაგონდება კანტის ლეგენდარული რადიკალური ცხოვრებისეული წესრიგი. მეღიმება. კარგი ყავაა!
რატომ არ შეიძლება, მეც ოდესმე ისეთი დიდი პოეტი გავხდე, როგორიც გალაკტიონია?! რატომაც არა! - ვამბობ თვალებგაფართოებული. ჩემ აღგზნებულობას ვამჩნევ. ყავას ხარბად ვსვამ. აღგზნება მატულობს.
მე ახლავე შევქმნი პოეზიის შედევრს, - 21-ე საუკუნის ,,ლურჯა ცხენები", რომელიც საერთოდ არ იქნება ,,ლურჯა ცხენები"!
რამდენიმე წუთია, ვზივარ მაგიდასთან, შუბლზე მიბჯენილი თითებით, რომლებსაც საწერი კალამი უჭირავთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი