ეროვნული გმირი
- რატომ მიდიხარ, რატომ არ ჩერდები? - არ შემიძლია სხვანაირად. მათ მამაჩემი მოკლეს, მათ ჩემი ერი შეურაცხყვეს. - შენ ამას ვერ შეცვლი, ამას ვერაფრით გამოასწორებ. - მე ჩემ გასაკეთებელს გავაკეთებ! - უთხრა მტკიცედ საკუთარ თავს. - შენ არ იცი, რა არის შენი გასაკეთებელი. - ცბიერი ტონით მიუგო საკუთარმა თავმა. - თუ არ ვიცი, ვგრძნობ, მთელი არსებით ვგრძნობ და ეს ცოდნაზე მეტია... - ანთებული თვალებით წარმოთქვა ზურამ და ხესთან მიირბინა. აქედან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაპარი, მისთვის წინასწარ ცნობილი ადგილი მოჩანდა. - მე ამას გავაკეთებ! - ჩურჩულით წარმოთქვა მან და მუშტი შეკრა. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ფიქრობდა და გეგმავდა თავის ამ სახიფათო მიზნის განხორციელებას. რამდენჯერმე სცადა, ამ მიზნის წინააღმდეგ სიმტკიცე გამოეჩინა და უარი ეთქვა მასზე, მაგრამ რაღაც იდუმალი შინაგანი ძალა არ აძლევდა საშუალებას, დაევიწყებინა ეს განზრახვა. ზურასთვის არავის დაუვალებია მტრისგან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება. ეს მან გადაწყვიტა, მან დაავალა საკუთარ თავს. ძლიერ სურვილს გრძნობდა, რამენაირად მათი დამაზარალებელი საქმე შეესრულებინა. მისი ცხოვრებისეული ფილოსოფია სიმართლის მსახურება იყო. თუ გაცნობიერებული არ ჰქონდა, რომ მართალ საქმეს აკეთებდა, ისე არაფერს გააკეთებდა. ამ მიზეზით, მის ხასიათში ჭირვეულობასაც ეკავა მნიშვნელოვანი ადგილი. ზურა მთელი არსებით გრძნობდა, რომ ოკუპანტები ამას კი არა, გაცილებით უარესს იმსახურებდნენ. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული საერთაშორისო სამართლით და სრულად ჰქონდა გააზრებული ოკუპანტის ის უკანონობა, რასაც მის ქვეყანაში, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა. სამშობლოს ნამდვილი სიყვარული ღირსების განცდიდან მოდის. თუ არ განიცადე, რომ შენი ერი თანასწორია სხვა ერთა შორის და რომ მისი დაჩაგვრა და შეურაცხყოფა შენი პირადი დაჩაგვრა და შეურაცხყოფაა, მაშინ არ გყვარებია სამშობლო ჭეშმარიტი სიყვარულით. რეალურად, როცა სამშობლოსთვის თავს ვწირავთ, უპირველესად, ჩვენივე ღირსებისათვის ვწირავთ თავს. მებრძოლი გმირი მაშინ ხდება, როცა საკუთარი სიცოცხლის დათმობის ძალა აგიზგიზდება მასში, როცა ღირსებას უმაღლესი პატივით შეამკობს. ასეთი ფიქრები დასტრიალებდნენ ხოლმე ზურას, როცა ეროვნული გმირების მიერ გაღებულ ღვაწლზე ჩაფიქრდებოდა. მის სულს განსაკუთრებულად აღმატებული გრძნობა მოიცავდა ამ დროს. ჟრუანტელი მთელ ტანში უვლიდა. - საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე, სანამ ანწუხელიძისნაირი, მამაჩემისნაირი და მრავალი მებრძოლი სულის მქონე ქართველისნაირი ვაჟკაცი ეყოლება! - უთხრა ერთხელ თავის შეყვარებულს. - შენც ეგეთი ხარ, - ალერსით მიუგო ნათიამ, - ეგეთი ხარ და ამიტომაც მიყვარხარ, თან მეშინია, რომ დაგკარგავ. - ნუ გეშინია! - დაამშვიდა ზურამ და ლოყაზე ნაზად აკოცა. ზურას სიგიჟემდე უყვარდა ნათია. ხშირად ფიქრობდა მის ცოლად შერთვაზე, ლამაზ ოჯახზე, რომელსაც მასთან ერთად შექმნიდა. ლექსებიც ბევრჯერ მიუძღვნია თავისი სიყვარულისთვის. აღტაცებით იმეორებდა ხოლმე თავისთვის: ,,სიხარული - ნათია მუდამ ჩემში ანთია.“ ნათიას შიში ზურასთვის სრულიად გასაგები იყო, ხშირად მასშიც აღძრულა შიში იმ ფიქრის შედეგად, რომ ღრმა სიბერემდე ვერ მივიდოდნენ... ნათიას მიმართ უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, ერთადერთი, რაც ამ ხნის განმავლობაში დაბრკოლებას წარმოადგენდა მისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად წასვლისთვის, დედამისი იყო. თუ წავიდოდა ამ სარისკო საქმეზე, უნდოდა, მინიმუმამდე დაეყვანა რისკები. დედას მხოლოდ ზურა ჰყავდა. არ უნდოდა, რომ საბრალო ქალისთვის ცხოვრების აზრის დაკარგვის მიზეზი გამხდარიყო. მამამისი - თენგიზ კასრაძე რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა. ზურას ბევრჯერ მოუსმენია მამამისის შესახებ ისტორიები, თუ რა გმირულად იბრძოდა საკუთარი სამშობლოს დასაცავად. არაერთხელ ატირებულა და მიუმართავს მამამისის სურათისათვის, რომ თვითონაც ასეთი გმირი უნდოდა ყოფილიყო. თენგიზის ძმაკაცები და თანამებრძოლები დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ზურა რვა წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. მამამისის უახლოესი მეგობრები მას საკუთარი შვილივით უფრთხილდებოდნენ. მისი სიხარული აბედნიერებდათ. ზურას ათი წლის იუბილეზე საქართველოს სამხედრო ფორმა აჩუქა მამას თანამებრძოლმა. მისი სიხარული უსაზღვრო იყო. თავი მამად წარმოედგინა - დიდ მებრძოლად და თამაშის დროს მის საგმირო საქმეებს ხედავდა. ეს საშუალო სიმაღლის, სუსტი აღნაგობის 27 წლის კაცი, რომელსაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია უკან მოეტოვებინა, ფიქრობდა სიკვდილზე, საკითხზე, რომელზე ფიქრსაც ხშირად თავს არიდებდა. მიდიოდა და ნათლად წარმოუდგებოდა საკუთარი ცხოვრებიდან ის წამები, რომელთა განმავლობაშიც საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს შემზარავი რეალობის წინაშე უწევდა თვალის გასწორება - დადგებოდა დრო, როცა აღარ იქნებოდა ცოცხალი. ამ ფიქრმა ახლაც უკიდურესად შეაწუხა და ააფორიაქა, მაგრამ ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა მის თავიდან მოშორებას. ზურას ძალიან უყვარდა სიცოცხლე. - ნათია, - აღმოხდა მას, - მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ! შენ ეს იცი. შენ ჩემთვის ერთადერთი ქალი ხარ, ერთადერთი, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა, და რომ შეიძლებოდეს, მარადიულად ვიქნებოდი შენთან. მე მჯერა, რომ ყველაფერი, ეს ყველაფერი ჩაივლის და ჩვენ ერთად ბედნიერად ვიცხოვრებთ. ბევრი შვილი გვეყოლება; უსაყვარლესი პატარები, რომლებიც შენსავით ლამაზები იქნებიან. მჯერა, რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებით. - გჯერა?! ჰმ, იქნებ, გინდა, რომ გჯეროდეს? - მჯერა, დიახაც, მჯერა! ყველაფერი კარგად იქნება.. - შენ გინდა, რომ გჯეროდეს. - უხმოდ უთხრა საკუთარმა თავმა. ასეთ ფიქრებში იყო, როცა რუსული საუბარი მოესმა. უკვე ახლოს იყო. აგერ, რუსებისა და ოსების ბაზაც! დრო იყო, საქმეს შედგომოდა. ზურას საკუთარი თავისთვის მიცემული დავალება ჰქონდა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოეპოვებინა მტრის ბაზის შესახებ. მას განსაკუთრებით აინტერესებდა ქართველ ტყვეთა ადგილსამყოფელი და ყველაფერი მათ შესახებ. თითქოს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. დარწმუნებული იყო, რომ უსაფრთხო გზით მოვიდა და უსაფრთხოდ შეეძლო საქმის დასრულება. ხმები უახლოვდებოდნენ. ცეცხლსასროლი იარაღი მოიმარჯვა. ფრთხილად გადატენა. - მე ხომ ყველაფერი გავთვალე! ეს შეუძლებელია! - თქვა მძაფრი ჩურჩულით და ბალახში მკერდით ჩაწვა. - მშვენივრად იცოდი, რომ ეს შესაძლებელი იყო. - გაუფიქრა საკუთარმა თავმა. ზურას მწარედ გაეღიმა. კეფის არეში ცივი შეხება იგრძნო. ,,კალაშნიკოვი“-ს ლულა მიებჯინათ მისთვის. სამმა ჯარისკაცმა დააპატიმრა ზურა. ტყვედ აყვანისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. თითქოს შიშიც არ უგრძვნია. უცნაურად გაშეშდა, საკუთარი თავის უკვირდა. - მაინც ჩაგავლეს ამ ბოზებმა! - თითქოს დასცინოდა საკუთარი თავი. - ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე. წინ სერიოზული გამოცდა გველოდება. - მიუგო მან. მტერთაგან ერთი ქართულად ესაუბრებოდა. - ეს უთუოდ ოსი სეპარატისტია. - გაიფიქრა ზურამ. უკვე სამხედრო ბაზაზე იყვნენ. - სახელი და გვარი! - უბრძანა ოსმა. - ზურა კასრაძე. - ასაკი! - 27 წლის. - რა მიზნით მოხვედი ჩვენს მიწაზე, ზურა? - ჰმ, თქვენს მიწაზე?! ეს საქართველოს ძირძველი მიწაა. - მიუგო ზურამ. თვალებში თითქოს ცეცხლი ანთებოდა. ოსი ჯარისკაცი დამცინავად უყურებდა. მიუახლოვდა ხელებშეკრულ ზურას და ცხვირ-პირის არეში სამხედრო ფეხსაცმლით დამძიმებული ფეხი ჩაარტყა. ზურას საშინლად ემწარა, მინდორზე კეფით დაეცა, შემდეგ გადმოტრიალდა და სახე მწვანე ბალახს შეახო, თითქოს აინტერესებდა, რა კვალს დატოვებდა. რამდენიმე წამის შემდეგ დახედა სისხლისგან გაწითლებულ ბალახს და გული შეუღონდა - სისუსტე იგრძნო. - ,,მალე მოიტანეთ!“ - გადათარგმა რუსულად გაცემული ბრძანება ზურამ. - ნეტა რა მოაქვთ? - გაახსენდა საკუთარ თავს, - რით გიმასპინძლდებიან? - ეშმაკმა დაგლახვროს! - შეუკურთხა ზურამ. საქართველოს სახელმწიფო დროშა მოიტანეს. ზურას წინ დააგდეს. ზურამ მრისხანე თვალები მიაპყრო ოს ჯარისკაცს. - ნახე, რა მოგართვი, ქართველო! ჰა-ჰა-ჰა - სანახაობის მოლოდინით ცქმუტავდა ქართულად მოსაუბრე ოსი. ერთ-ერთმა რუსმა ჯარისკაცმა მხრებში ჩაავლო ხელები ზურას და წამოაყენა. ოსმა გულისამრევად დამცინავი სახე ზურას სახეს მიუახლოვა. ზურამ სიძულვილი, შიში და მოლოდინი ერთდროულად იგრძნო. - ქართველო, თუ ამ დროშას ფეხებით გადაუვლი და შემდეგ დააფურთხებ, გაგიშვებთ; თუ ამას არ იზამ, აქვე დაგხვრეტ. - ბოლო სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, ფურთხი მოხვდა სახეში. ზურგში ,,კალაშნიკოვი“ ჩაარტყეს. წაიქცა. წიხლებით შედგნენ. განსაკუთრებული სისასტიკით ქართულად მოსაუბრე ოსი გამოირჩეოდა, რომელიც სახეში უმიზნებდა ტლანქ ფეხებს. - ასე არ ჯობდა, ცინიკოსო, მითხარი, ხომ ასე ჯობდა? - ეკითხებოდა საკუთარ თავს ზურა. - რა თქმა უნდა, ასე ჯობდა, აბა ეროვნულ დროშას ხომ არ შეურაცხყოფდი?! ღმერთო, სად ხარ? მიშველე! - გაუელვა ზურას და გონება დაკარგა. რომ ნახეს, უგონოდ არისო, შეწყვიტეს ცემა. გადაწყვიტეს, რომ მეორე შანსს ყველა იმსახურებდა... ზურა კასრაძე დახვრიტეს. - მე მთელი ცხოვრება შენი სიყვარულის მონა ვიქნები, ზურა. - თქვა ნათიამ და აივნის მოაჯირს შუბლი დაადო. - მთელი ცხოვრება ძალიან ცოტა ყოფილა, წუთი... წუთისოფელი... - მოაჯირზე ფეხებით შედგა. სველი თვალებით ბუნდოვნად ხედავდა უსაზღვრო სივრცეს. - შენთან მოვდივარ, ჩემო ძვირფასო!.. - თქვა და გადაეშვა. ზურას სიკვდილიდან ერთი კვირის შემდეგ ნათია გულოშვილმა თავი მოიკლა. ხუთი წლის შემდეგ ზურა კასრაძეს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. დედამისი ისმენდა მრავალ სანუგეშო სიტყვას, თუ რა გმირი ვაჟკაცი აღუზარდა სამშობლოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი