მდინარე
თბილისის ქუჩებს მზე ანათებდა. წვიმის წვეთები ეცემოდნენ ასფალტს და მათ ანასხლეტს ამჩნევდა თვალი. ვაჟი თავდახრილი იდგა და ელოდა განაჩენს. - აღარ მიყვარხარ! - წარმოთქვა ქალმა. ვაჟში იმედის მკრთალი ძაფი გაწყდა. მან იგრძნო; თითქოს მთელი არსება ყოფილიყოს მისი პატარა სასო. წვიმის წვეთები ეცემოდნენ ასფალტს, როგორც სენატის იატაკს - კეისრის სისხლის წვეთები. ქალი უყურებდა ვაჟის აკანკალებულ ხელს და სუნთქვა უმძიმდა. ვაჟმა შეხედა ქალს. ქალის სული გამოუთქმელმა აუტანლობამ მოიცვა. მას დარჩენაც სურდა და წასვლაც; არც დარჩენა სურდა და არც - წასვლა. - რა ვქნა!... - აღმოხდა ვაჟს. მისი თვალები აიმღვრა. - რა გემართება? - ჰკითხა ქალმა წუხილით. ,,რა გემართება?", ,,რა გემართება" - მეორდებოდა ექო ვაჟში. ვაჟს თავბრუ დაეხვა. ,,ცუდად ხო არ ხარ?", ,,ცუდად ხო არ ხარ" - არ ჩერდებოდა ექო. ვაჟი ხიდის მოაჯირს დაყრდნობოდა. მტკვარი იყო მოშავო, ზოგჯერ მეწამული ფერიც დაჰკრავდა. წვიმის წვეთებმა ცვენას უხშირეს. ვაჟი გასცქეროდა მდინარეს, რომელიც მიედინებოდა ისე მძიმედ, როგორც ცხოვრება. - მე უშენოდ არ შემიძლია! - წარმოთქვა აკანკალებული ხმით ვაჟმა და ნერვულად შეახო ხელი შუბლს. ძლიერი ფეთქვა იგრძნო. - მეგობრები ვიყოთ! - უთხრა ქალმა და სევდიანი მზერა გაუსწორა წამებულ თვალებს. - მე მინდა, რომ მარადიული მეგობრები ვიყოთ; მინდა, რომ მზით, ტყით, ზღვით, ყველაფრით ვტკბებოდეთ ერთად. - გამოცოცხლდა ვაჟი. - მინდა, რომ მსოფლიო მოვიაროთ ერთად. ღრმადმოხუცებულნიც ვმეგობრობდეთ მინდა და ხელიხელჩაჭიდიბულნი დავდიოდეთ ზღვის სანაპიროზე. მინდა, რომ ყოველთვის შევხაროდეთ ერთმანეთს... გახსოვს იმ ღამით, ზღვას რომ შემოვუარეთ? - ხალისით ჰკითხა ვაჟმა, თითქოს ამ წამს იქ იყო, ნეტარების წამებში, რომლებიც თითქოს ასმაგად ნეტარობდნენ მის სულში ამ წამს, მხოლოდ ამ წამს... - წყალსაცავია ეგ. - უთხრა ქალმა და ოდნავ გაეღიმა. - თბილისისთვის ზღვაა. - წამოიძახა სიცილით ვაჟმა. მკრთალად გაეცინა ქალს. - მიყვარხარ! - უთხრა ვაჟმა და გრძნობით სავსე მზერა მიაპყრო ქალის ნაღვლიან თვალებს. იყო დუმილი. ნიავი აშრიალებდა ფოთლებს. რეალობის აღქმა სახეს უცვლიდა ვაჟს. - გეყოფა! - დაარღვია ათი წამის დუმილი ქალმა. ვაჟში წამების წამი წამოვიდა წვიმად. - შევცდი! - განაგრძო ქალმა. - შენ ჩემთან მეგობრობა არ შეგიძლია. მშვიდობით! - ქალი წავიდა. ვაჟი გაფითრდა. წვიმის წვეთების ცვენა შეწყდა. მტკვარი მიედინებოდა მძიმედ. ცხოვრება იყო ძალიან რთული. ძალიან ძლიერ ფეთქავდა გული. ვაჟი წაიქცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი