უდაბნო


ვადგავარ გზას უწყლო უდაბნოში. ვიღვრები ოფლად, როგორც ცივი წყლით სავსე ფიალა იღვრება, როცა მწყურვალი და მაშვრალი კაცი ხარბად მიიტანს გადამშრალ ბაგეებთან. მე ფიალაზე მეტი ვარ. მე ცივი წყალი ვარ, ცოცხალი წყალი, რომელსაც დასწაფებია საუკუნო უკაცრიელებით გადაღლილი უდაბნო. ოჰ, როგორ ჰგავს ცხოვრებას ეს ტიალი! როგორ უნდა, რომ მეც მშთანთქას! უსასრულოდ მეჩვენება ტანჯვა-წამების სულის შემხუთველი გზა. წყურვილი წამთა ცვლის პროპორციულად მატულობს, ყოველ წამზე გეომეტრიული პროგრესიით. ამის ატანა უკვე შეუძლებელია! - ღმერთო, სად ხარ? არსებობ კი?! რატომ არ მშველი, თუ არსებობ, რატომ?! - ვეკითხები მას, რომლის არსებობა მჯერა, რადგან შეუძლებელი მგონია, არ არსებობდეს, მიუხედავად ამდენი ტანჯვა-წამებისა და უსამართლობისა, მაგრამ ვხვდები, რომ მხოლოდ ჩემი და ჩემს მსგავსთა არსებობა ვიცი, და კიდევ ამ უდაბნოსი, ცხოვრებას რომ ჰგავს. მივდივარ ფეხის თრევით წყლის წვეთზე მეოცნებე და გზად, პირდაპირ ჩემს წინ წყლით სავსე თასი მხვდება. - ო, გმადლობ, კეთილო ღმერთო, შენი უსაზღვრო სიკეთისათვის! - ვყვირი ხელაპყრობილი და წყლისაკენ მივრბივარ. - არ დალიო! - ჩურჩულით მეუბნება ხმა. - რაა?! - ვღრიალებ უზომოდ აღშფოთებული. - ეს რა ჩურჩულია, რა საშინელებაა, ვერცერთი ყვირილი რომ ვერ შეედრება სიმძაფრით? მას ვერ უგულებელვყოფ, რატომ, არ ვიცი, არ შემიძლია! - მომეცი ნება, რომ თუნდაც ერთი წვეთი შევსვა! - ვემუდარები მე, ვის, თვითონაც არ ვიცი. - თუ სიკეთის წყალს ბოროტება შეზავებია, მისი დალევა დამღუპველია. თუ დალევ, მოკვდები. - მეუბნება ხმა. მე ვერაფერს ვამბობ. ღონემიხდილი ვენარცხები ცხელ ქვიშას. ჩემი მზერა მიმართულია წყლით სავსე თასისკენ. მინდა დალევა. არ მინდა სიკვდილი. არ ვიცი, რა ვქნა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი