სულის მუსიკა
ბუნებაში მრავალი ბგერა ისმის. მრავლის გამოწვევა ხელოვნურადაც შეგვიძლია. ჩიტების ჭიკჭიკი, მდინარის ჩუხჩუხი თუ წვიმის საამო ხმა ადამიანში ესთეტიკურ გრძნობებს აღძრავს. ამ ხმების ესთეტიკურობა მათ წესრიგში, ბგერების ჰარმონიულ წყობაშია. ადამიანს მრავალი საკრავი ინსტრუმენტი შეუქმნია. იგი მათი საშუალებით იწვევს განსხვავებულ ბგერათა გამოცემას. მუსიკის დაბადება მაშინ იწყება, როცა მუსიკოსი ბგერათა ჰარმონიულ დაწყობას, მათ თანხმობაში მოყვანას იწყებს. რაც მეტად სუფევს ჰარმონია ბგერათა შორის, მით მეტად სრულყოფილია მუსიკა. კარგი ლექსის დაწერა მხოლოდ წმინდა რაციონალური აზროვნებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ადამიანის შინაგანი სამყარო არ არის მხოლოდ წმინდა გონება, ის ემოციების, განცდების, სურვილების და მრავალ შეგრძნებათა სამყოფელია. პოეტი სულის სირღმიდან მოსმენილ განსხვავებულ ბგერათა ჟღერადობებს ერთ ჟღერადობად აქცევს, აზრში გადაიტანს, და უკვე აზროვნების საშუალებით დაიწყებს მის უფრო მეტად სრულყოფილ ჰარმონიზაციას. ამ ყოველივეს დაუმატებს თავის თანდაყოლილ ესთეტიკურ მიმართებას მშვენიერების მიმართ, რომელშიც შედის ენის სილამაზის სიყვარულიც. ამის საშუალებით, რითმით შეამკობს ჰარმონიულად დაწყობილ სულის ბგერებს. ის ამ პროცესში შობს ლექსს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი