სრულყოფის გზა


არ არსებობს სრულყოფის გზა ტანჯვის გარეშე.
თუ გზაში ხარ, ესე იგი მიისწრაფვი მიზნისკენ. უნდა მიისწრაფვოდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზა, რომელსაც ადგახარ, სრულყოფისკენ არ მიდის. შეუძლებელია სრულყოფილებისკენ წავიდეს, თუ ის, რომელიც მასზე დგას, არ მიისწრაფვის სრულყოფილებისაკენ. სრულყოფილების გზა ტანჯვის გზაა. ძნელი გზა არის. შრომა, დაღლა, ტკივილი და მრავალი სირთულე გამოწვეულ იქნება ამ გზაზე სიარულით. აუცილებელია მოთმინება, მორჩილება, პასუხისმგებლობის აღება, იმის შეგნება, რომ ეს შენი ხვედრია, და რომ ეს შენ თვითონ აირჩიე, რადგან დიდი მიზანი გაქვს, მიზანი იმისა, რომ ეზიარო აბსოლუტურ სულს, აბსოლუტურ სიწმინდეს, სრულყოფილებას; რომ ამაღლდე მატერიისგან, ყოველივე მატერიალურისგან, რომელიც წარმავალია, რომელიც დღეს არის და შეიძლება ხვალ აღარ იყოს, თუ ხვალ არა, ოდესღაც მაინც გაქრება, რადგან მასში არ არის უკვდავება, რადგან უკვდავება ზემატერიალურშია, სულშია. მატერიაში მყოფთათვის ძალიან მძიმე გზაა სულისკენ მიმავალი გზა. მატერიისთვის, ხორცისთვის მძიმეა სულიერება. გონიერი გადაწყვეტილება მძიმეა მისთვის. ეს იგივეა, როცა ადამიანს ეძინება დილით, მაგრამ აუცილებლად უნდა ადგეს, აგვიანდება სამსახურში ან ვიღაცას - გამოცდაზე. ის ინდომებს იმიტომ, რომ ხვდება, რომ იმ სასურველი მიზნისთვის ეს - მისი სხეულისთვის მძიმე საშუალება - უნდა გამოიყენოს, უნდა მოინდომოს, უნდა გაიჭირვოს, რათა იმ სასურველ მიზანს ეზიაროს, მიაღწიოს. ამით იქმნება ბედნიერება. და რაოდენ უფრო დიდია მისი მიზანი მიზანთა შორის, რომელსაც სრულყოფილება ჰქვია. მდგომარეობა, როდესაც არაფერი გაკლია, როდესაც თვითმკმარი ხარ - ღვთაებრივი მდგომარეობა, როდესაც არ საჭიროებ რაღაცას, და შენი ნება მხოლოდ იმიტომ გაგაჩნია და იმიტომ ამჟღავნებ მას, რომ კეთილი გინდა ჰქმნა. ხარ ვითარცა ღმერთი, ისეთივე სრულყოფილი, აბსოლუტი შენს თავში, როგორიც ღმერთია (მათე 5:48 იყავით სრულყოფილნი ისევე, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი); რადგან მას თუ ნებავს, მხოლოდ იმიტომ ნებავს, რომ თავისთავად სიკეთეს გაუწიოს ერთგვარი სამსახური; კეთილი ნება კი ბუნებრივად გამომდინარეობს ყოველი სრულყოფილად არსებული პიროვნებისაგან, რადგან სრულყოფილება სიყვარულის მდგომარეობის შემცველია. ადამიანს, რომელმაც სრულყოფილებას მიაღწია, აღარაფერი სჭირდება თავისი საჭიროებისთვის, რადგან ის უკვე თვითმკმარია,ის უკვე ბედნიერია, ნეტარია და თუ რამეს ინებებს, მხოლოდ იმისთვის, რომ კეთილი ნება გამოავლინოს.
  ვიცი, ძალიან არარეალურია და შესაძლებლობის არ ქონას ვამჩნევ, რომ ადამიანს შეეძლოს ამ ამაო წუთისოფელში, ამ დროულში, დროსა და სივრცეში მოქცეულში სრულყოფილებას ეზიაროს, მაგრამ სრულყოფის გზაზე უნდა შედგეს და იმ რთული გზებით იაროს, რომელი სირთულეც მას უკეთესს გახდის. უკეთესად გახდომის პროცესი ამ დროსა და სივრცეში მოქცეულ ყოფაში მარადიულთან მუდმივი ზიარების საშუალებაა. ეს არის გზა, რთული, მძიმე, ტანჯვით მოსილი, რომელსაც დაღუპვისაკენ არ მიჰყავს ადამიანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ცოტნე არჩვაძეპოეტი, ფილოსოფოსი3 წლის წინ

ღმერთო, ცხადად და ნათლად დაანახე მთელს ჩემს არსებას ჭეშმარიტება, რომელსაც ვგრძნობ, რომ არავინ მჭირდება, შენს გარდა!

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი