არსებობისეული დაღლა


ყველაზე დიდი და საშინელი დაღლა არის დაღლა, როცა იმით იღლები, რომ ხარ.
ამგვარი დაღლა ერთ-ერთი უმძიმესი ნაწილია იმ რთული სტრუქტურისა, რომელსაც ადამიანური არსებობა ჰქვია. ადამიანი ცნობიერების მქონე არსებაა, რაც ყველაზე მეტად განასხვავებს მას სხვა ინსტინქტურ არსებათაგან. ინსტინქტური არსებები, რომელთაც გონება არ აქვთ, მხოლოდ გრძნობენ თავიანთ არსებობას, ადამიანი კი თანდათანობით აცნობიერებს თავის არსებობას. გაცნობიერების პროცესი მძიმეა. ის სიკვდილის გააზრებასაც გულისხმობს. ადამიანი ხშირად ვარდება ეგზისტენციალურ კრიზისში. განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანთათვის ცნობიერება გამაწამებელ ტვირთად იქცევა ხოლმე.
 ადამიანის წინაშე მწვავედ დგას ცხოვრებისეული საზრისის პრობლემა. მას აქვს მოთხოვნილება იცოდეს, რომ მისი ამ სამყაროში არსებობა ფასეულია. ხშირად მაშინ გრძნობს ზემოთაღნიშნულ საშინელ დაღლას ადამიანი, როცა მისი თვითშეფასება დაბალია, როცა ჰგონია, რომ მისი არსებობა არ არის ღირებული, უფრო მწვავე შემთხვევაში კი ფიქრობს, რომ ტვირთს წარმოადგენს ადამიანთათვის. ამგვარ კრიზისში მყოფთათვის ხშირია სუიციდური ფიქრები. ასეთი მძიმე პერიოდები თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება. საჭიროა მასშტაბური განწყობის ინდივიდუალური თეორიის შექმნა ადამიანის გონებაში, რომელიც უნდა პრაქტიცირდეს მის ცხოვრებაში. მასშტაბური განწყობა არის ცნება, რომელიც გულისხმობს ემოციებზე, გრძნობებზე მაღლა მდგომ განწყობილებას, როგორც ადამიანის სულიერ მდგომარეობას. ყველა ადამიანს თავისებურად შეუძლია საკუთარი თავის მოტივირება, ამიტომაც განწყობათა თვისობრივი მახასიათებლები ინდივიდუალურია, ხარისხი კი ყველასთვის საერთო - მასშტაბური.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი