ფილოსოფიური აზრები


1. აზროვნების რაღაც ინსტანციაში ცნებები, რომელთაც განსხვავებული მნიშვნელობანი აქვთ, ერთდებიან. მარადიული ღირებულებების, იდეების, სხვადასხვა ცნებაში ჩადებული ღრმა აზრის მქონე მნიშვნელობათა შეერთების წერტილი წარმოადგენს უცვლელ სუბსტანციას, რომელმაც შვა ყოფიერება და ცნობიერება.

2. ჭეშმარიტების მოყვარე ადამიანმა წესი, რომელსაც ვერ იაზრებს, უნდა ამყოფოს ინტერესით გაჟღენთილი კრიტიკული მზერის ქვეშ; წესი, რომელიც უკვე გაიაზრა, ან უნდა გადააგდოს, ან უნდა ჩაიხუტოს.

3. არ არსებობს არსებობის ისეთი წესი, რომელიც სრულიად უცხოა ადამიანისთვის.

4. თითოეული მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს იმ მიზნით, რომ სახელმწიფო ემსახურებოდეს თითოეული ადამიანის კეთილდღეობას.

5. სიყვარულს ცოდნა არ დასჭირდებოდა, მხოლოდ გრძნობა რომ იყოს.

6. ურთიერთპატივისცემა არის ის უმნიშვნელოვანესი მიმართება ადამიანთა შორის, რომელსაც შეუძლია თვით დიდი სიყვარულიც კი მხრებით ატაროს და დაიცვას.

7. დოგმატურ თვლემაში მყოფთათვის ფილოსოფიური აზროვნების გამოხატულება ან მაღალფარდოვანი ლაყბობაა ან ბოროტის გამოვლინება.

8. როდესაც რწმენა გაქვს და გამუდმებით ეძიებ ჭეშმარიტებას, დიდია შესაძლებლობა, რომ ჭაობში, რომელსაც ურწმუნოება ჰქვია, ღრმად ჩაიძირო, მაგრამ თუ იქიდან ამოხვედი, შეიძენ რწმენას, რომელსაც ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ შემუსრავენ.

9. გონიერი კაცი ცხოვრების სპექტაკლში ხშირად მაყურებლის როლით კმაყოფილდება; სცენაზე მაშინ გამოდის, როცა ამის აუცილებლობას ცხადად და ნათლად ხედავს.

10. ყველა რელიგიაშია სხივი ჭეშმარიტებისა, მაგრამ არცერთია მათგან  მზე; რელიგიები პლანეტებს უფრო ჰგვანან, რომლებიც მეტ-ნაკლები რაოდენობით იღებენ ნათელს თავიანთი მნათობისაგან.

11. ჭეშმარიტება, მთელი თავისი სისავსით, ღმერთშია და არა - ჩვენს წარმოდგენებში ღმერთის შესახებ.

12. ზოგჯერ სიმართლის არ თქმა მეტი სიკეთეა, ვიდრე - თქმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტყუილი უნდა თქვა.

13. უმჯობესია, რომ რწმენა ეფუძნებოდეს ზნეობას, ვიდრე ზნეობა - რწმენას.

14. ფილოსოფოსი თუ იტყუება, ის იმასაც იტყუება, რომ ფილოსოფოსია.

15. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადებაა ,,მე ვარ."

16. რაც მეტს იგებ, მით მეტად იცი, რომ არ იცი.

17. ფილოსოფოსი ვერ მოექცევა აზრების საზღვრებში. ის არის მოყვარე იმისა, რაც წარმოადგენს ცოდნას ჭეშმარიტებისა. სიბრძნე და ჭეშმარიტება იმდენად ახლო ცნებებია, რომ აზროვნების გარკვეულ ინსტანციაში აბსოლუტურად ერთნი ხდებიან. ეს მათი საერთო კი იმდენად დიდია, რომ ვერცერთი იდეოლოგია, რელიგია თუ ფილოსოფიური სისტემა სრულად ვერ იტევს.

18. შეუძლებელია ბოროტი კაცი ბედნიერი იყოს; ბედნიერება სიკეთის გარეშე არ არსებობს.

19. ფილოსოფია საუკეთესო საშუალებაა დაეხმაროს ადამიანს მისი არ ცოდნის გაცნობიერებაში.

20. რაც უფრო ღრმაა აზროვნება, მით მეტად მშვენიერია სვლა, რომელსაც მოაზროვნე აკეთებს ცხოვრების დაფაზე.

21. ღმერთს, როგორც ობიექტური რეალობის მთელი სისავსით აღბეჭდილი ხატის საკუთარ თავში სრულად დამტევს, საუკუნეების განმავლობაში მიემართება მრავალი ადამიანის ფილოსოფიური მზერა, რომელიც აღვსილია ჭეშმარიტების შემეცნების წყურვილით, რომელი წყურვილიც ბოლომდე არავის მოუკლავს ამ სამყაროში.

22. ამ ცხოვრებაში ყოველთვის უნდა იცოდე, რომ არ ხარ ბრძენი, მაგრამ ყოველთვის უნდა ცდილობდე, რომ მოიქცე ისე, როგორც ბრძენი.

23. გაიგე რაღაც საიდანღაც და ასეა, მორჩა? არა, არ არის ასე. თუ შენ თვითონ არ დაბადე შენს თავში ცოდნა, ის ,,გაგებული" ინფორმაციად დარჩება მხოლოდ.

24. ცოდნა, რწმენისაგან განსხვავებით, ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს.

25. აუცილებელია, გარკვეული დოზით, ფილოსოფიური, ეგზისტენციალური საკითხების კვლევის შედეგად მიღებული პასუხებით გონების დამშვიდება, მაგრამ ეს სიმშვიდე არ უნდა იყოს უპირატესობაში შემეცნებასთან მიმართებით.

26. ჯანმრთელი ადამიანის მიზანი არ უნდა იყოს სამყაროს შემოქმედის მონობა, მას მასთან მეგობრობა უნდა სურდეს.

27. ცოდნა იმის შესახებ, თუ რა გწამს, არ ნიშნავს ცოდნას იმისას, რომ რაც გწამს, ნამდვილია.

28. ტრანსცენდენტი თავისთავად არ არის ტრანსცენდენტი, თავის არსში ის არის ცენტრი. ფიზიკური სამყაროს აღმქმელი, განმცდელი და შემმეცნებელი გონებისთვის არის იგი მიღმური. მეტაფიზიკის გაუქმება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც გონება შეაღწევს ცენტრში, როდესაც არანაირი ,,მეტა" საჭირო აღარ იქნება.

29. მუსიკა სულიერი წყალია. რაც უფრო შორს დგას მუსიკა მიწისგან, მით მეტად სრულყოფილია იგი.
 ადამიანი, არის რა მოაზროვნე არსება, საჭიროებს მეტს, ვიდრე ბუნების შვილი. მისთვის მუსიკა ერთ-ერთი გზაა ღვთიურ სივრცეთა - მშვენიერების, ჰარმონიის, სრულყოფილებისაკენ (სამივე მათგანს მუსიკა თავის თავში ავლენს).
 მუსიკა უძრაობაა მოძრაობაში და მოძრაობა - უძრაობაში.

30. შენი სისუსტე შენი პოტენციური ძალაა.

31. რაც დღეს ტკივილს გაყენებს, შენს ძალად გარდაიქმნება.

32. რაც უფრო ბევრი რამის დათმობა შეგიძლია ამ ცხოვრებაში, მით მეტად ნიჭიერი ხარ ბედნიერებაში.

33. სინამდვილეს არ აქვს დასაბამი ან დასასრული. ის მარადიული მყოფია.

34. თუ საგანი მის თავისთავადობაში ადამიანური ცნობიერებისთვის მიუწვდომელია, მაშინ ადამიანისთვის საკუთარი თვითებაც მიუწვდომელია, რადგან სუბიექტს, რომელსაც უნარი არ აქვს, წვდეს თავისთავად საგანს და მხოლოდ ამ საგნის მოვლენას წვდება, საკუთარი ,,მე"-ც წარმოუდგება, როგორც თავისთავადი ,,მე"-ს მოვლენა, და - არა, როგორც ,,მე", როგორიც არის ის თავისთავად.

35. ერთში - მრავალი და მრავალში - ერთი, ასეთია ყოფიერების ბუნება.

36. ადამიანი არის კავშირი ღმერთსა და სამყაროს შორის, იდეასა და მატერიას შორის, ცნებასა და გრძნობას შორის. ადამიანი არის სინამდვილის კონცენტრაციის წერტილი, რომელიც გამოიხატება თვითებაში. ადამიანის მიერ საკუთარი თავის გაცნობიერება არის სინამდვილის, აბსოლუტის შემეცნების ეტაპი.

37. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. მილიარდია სიტუაცია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რეალურად, მოულოდნელობა არაფერია, გარდა შენი განწყობისა. ცხოვრება განწყობათა ჯამია. მე შემიძლია, ყველა სიტუაციას შევხვდე ისეთი განწყობით, რომ ყოველი მათგანი  მოსალოდნელია, და გავაქრო შიში, რომელიც მოულოდნელი ქარტეხილის მოლოდინია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი