იმანუელ კანტის ,,წმინდა გონების კრიტიკა" - მცირე განხილვა
იმანუელ კანტის ,,წმინდა გონების კრიტიკა" არის ადამიანური გონების სტრუქტურის ანალიზის შედეგად შექმნილი შემეცნების თეორია, რომელშიც დადგენილია ადამიანის შემეცნებითი უნარების საზღვრები, თუ სინამდვილის რა სიღრმემდე აღწევს ჩვენი გონება ისე, რომ შეძლოს შესამეცნებელი საგნის ჭეშმარიტი შემეცნება. ამ კვლევის შედეგად კანტმა აღმოაჩინა, რომ სივრცე და დრო, რომლებშიც მოქცეულია ყველა ის განზომილება, რომელთა საშუალებითაც ადამიანი აღიქვამს იმ რეალობას, რომელიც ეძლევა ყოველ ადამიანურ ცნობიერებას აპრიორულად (ყოველგვარი ცდისგან დამოუკიდებლად), წარმოადგენენ (სივრცე და დრო) მხოლოდ ადამიანური ცნობიერების საფუძვლად არსებულ, სინამდვილისაგან ადამიანში გამოწვეულ შეგრძნებათა მომწესრიგებელ ფორმებს. ამ ფორმათა საშუალებით, ადამიანი აღიქვამს იმ რეალობას, რომელიც მას ევლინება სინამდვილიდან, მაგრამ მან არ იცის სინამდვილე, რადგან ის ვერ ახერხებს სივრცის და დროის მიღმა არსებულ საგანთა ჭეშმარიტ შემეცნებას. სივრცის და დროის მიღმა მყოფ საგნებზე მოაზროვნე გონებას უწოდებს კანტი წმინდა ანუ სპეკულატურ გონებას, რომელი გონებიდანაც ნაწარმოები ცნება ადამიანურ გამოცდილებაში ანუ სივრცესა და დროში მოქცეულ რეალობაში არ შეესაბამება არცერთ საგანს; ასეთი ცნებაა ღმერთი, როგორც ყოვლდასრულყოფილი, მარადიული არსება. მოგეხსენებათ, ცხოვრებაში ვერაფერს ვხვდებით მარადიულს, ვერც - რაიმე სრულყოფილს, შესაბამისად, ღმერთის ცნება არ არის ადამიანური გამოცდილების საგანი, ის არის წმინდა გონების საგანი. კანტი არ უარყოფს წმინდა გონების საგანთა სინამდვილეს, მაგრამ ამტკიცებს, რომ მათი ჭეშმარიტი შემეცნება ადამიანური შემეცნებისათვის შეუძლებელია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი