საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლიდან დღემდე
საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლიდან დღემდე: ეროვნული მოძრაობის ლიდერი - ზვიად გამსახურდია 1991 წლის 9 აპრილს აცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ მხოლოდ რამდენიმე თვე გასტანა, რადგან მას დაუპირისპირდა რუსეთისგან შეიარაღებული ბანდა, რომელსაც მეთაურობდნენ ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა. ეს უკანასკნელი იყო პრემიერ-მინისტრი გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს და მან უღალატა კანონიერ ხელისუფლებას და მიემხრო სამხედრო ხუნტას, რომელმაც მოაწყო პუტჩი. კანონიერი ხელისუფლება დაემხო. ზვიად გამსახურდიამ თავი შეაფარა მისი გულითადი მეგობრის და თანამებრძოლის - ჯოხარ დუდაევის ჩეჩნეთს. პუტჩის პროცესს მოსკოვიდან აკვირდებოდა საქართველოს ყოფილი ცეკას ყოფილი მდივანი და საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. გამსახურდიას დამამხობლებმა მოიწვიეს შევარდნაძე სახელმწიფო მეთაურად. ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლიდან მალევე დაიწყო აფხაზეთის ომი. დევნილმა პრეზიდენტმა გამსახურდიამ გადაწყვიტა, რომ ჩამოსულიყო საქართველოში, რადგან მის ქვეყანას აფხაზეთს ართმევდა რუსეთი და თავი ვალდებულად ჩათვალა, ამ რისკზე წასულიყო. გამსახურდია ჩაერთო აფხაზეთის ომში. ამ ომის დროს საქართველოს ორი ფაქტიური და ერთი იურიდიული პრეზიდენტი ჰყავდა. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ შევარდნაძე დევნიდა გამსახურდიას. 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია მოკლეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა ლეგიტიმური პრეზიდენტი იდევნებოდა, უკვე საკმაოდ სიტყვაწონიან პატრიარქ ილია მეორეს არ გამოუხატავს მხარდაჭერა და თანაგრძნობა ზვიად გამსახურდიას მიმართ. გასამხედროებული ბანდიტურ-ტერორისტული დაჯგუფება ,,მხედრიონი"-ს ლიდერთან კი გამსახურდიას მკვლელობის შემდეგ ზეიმებში იღებდა მონაწილეობას საბჭოთა ეკლესიის მეთაური ილია მეორე, იმ ჯაბა იოსელიანთან, რომლის ბრძანებითაც ქუჩაში ხვრეტდნენ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს. შევარდნაძემ პუტჩის ორგანიზატორების გამოყენების შემდეგ მათ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, რათა თავისი ძალაუფლება განემტკიცებინა. მან სახელმწიფოსთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება; საქართველო გახდა გაეროს, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი; საქართველომ საჯაროდ განაცხადა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შევარდნაძის ეს ნაბიჯები აღიზიანებდა. კიდევ უფრო გაღიზიანებული შევარდნაძის პოლიტიკით (ოღონდ საშინაოთი) იყო ქართველი ხალხი. საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა საქართველოს მე-2 პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. მან თავი მოაჩვენა ხნიერ შევარდნაძეს, რომ იყო მისი ერთგული. შევარდნაძემ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრად დანიშნა. სააკაშვილი ძალიან ხისტი მინისტრი აღმოჩნდა - მან უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას. მიხეილ სააკაშვილის ხმაურიანმა გამოსვლებმა, კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან მისმა დაპირისპირებებმა მას ხალხში დიდი პოპულარობა მოუპოვა. სააკაშვილი განუდგა შევარდნაძეს, ნინო ბურჯანაძესთან და ზურაბ ჟვანიასთან ერთად, და ჩაუდგა სათავეში დიდ საპროტესტო მოძრაობას, რომელმაც მოახდინა ვარდების რევოლუცია. ედუარდ შევარდნაძე გადადგა. შევარდნაძის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, 2004 წელს ჩატარდა ახალი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც სააკაშვილმა გაიმარჯვა 96%-იანი მხარდაჭერით. ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალი ხელისუფლება ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, თუმცა პუტინის რუსეთი საბოტაჟებს უწყობდა ამ პროცესს. პუტინს სურდა, რომ სააკაშვილი თავის სამსახურში ჩაეყენებინა. სააკაშვილი განაგრძობდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსეთის ე.წ. სამშვიდობოებს საქართველოს ტერიტორიაზე ავიწროებდა. 2008 წელს რუსეთმა აღიარა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობები და თავს დაესხა საქართველოს, მძიმე სამხედრო აგრესიით. ამ ომში რუსეთმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა ომის დანაშაულები, რაც აღიარებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური დიპლომატიური ჩართულობით (განსაკუთრებით, აშშ-ს და საფრანგეთის) ეს ომი მხოლოდ 5 დღე გაგრძელდა. რომ არა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და პრეზიდენტ სააკაშვილის დიპლომატიური ძალისხმევა, რუსეთი მოახერხებდა თბილისის აღებას და ხელისუფლების დამხობას. რუსეთი სააკაშვილის ხელისუფლებით იმაზე მეტად უკმაყოფილო იყო, ვიდრე შევარდნაძის ხელისუფლებით. სააკაშვილმა მრავალი რეფორმა გაატარა და ქვეყანა მრავალი მიმართულებით გააძლიერა. ამის მიუხედავად, დემოკრატიული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით იმ მასშტაბის პრობლემები იყო (ადამიანების ქუჩაში ლიკვიდაცია ძალოვნების მიერ, ციხეებში წამება, მოსახლეობაზე მიმართული ტერორი) რომ ხალხის უმრავლესობას სააკაშვილი და მისი რეჟიმი შეძულდა. რუსეთი ამას კარგად ხედავდა და ამ მოცემულობის სათავისოდ გამოყენებას ცდილობდა. პუტინმა ხელი შეუწყო საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას. 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გაიმარჯვა 54%-იანი მხარდაჭერით. ბიძინა ივანიშვილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. როცა მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა და საპრეზიდენტო იმუნიტეტი ვეღარ დაიცავდა, ქვეყანა დატოვა. ივანიშვილმა წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი დააკავა. თავიდან ივანიშვილს არ ჰქონდა ავტოკრატიისთვის საჭირო ძალაუფლება, ამიტომ მან თანდათან დაიწყო თავისი კოალიციური პარტნიორების მოშორება. ივანიშვილის მსახურის - ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საფრანგეთთან შეათანხმა საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემის შემოტანა, რაც საქართველოს სამხედრო ძლიერებას ძალიან წაადგებოდა. ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება დაბლოკა. მან ალასანიას კადრები თავისი პროკურატურის მიერ შეკერილი საქმით (,,კაბელების საქმე") დააპატიმრა და ამით ალასანიას მიანიშნა, ჭკუით ყოფილიყო. ალასანიას პარტიამ - ,,თავისუფალი დემოკრატები" ივანიშვილის კოალიცია დატოვა. თანდათან ივანიშვილმა თავიდან მოიშორა სხვა კოალიციური პარტნიორები და ხელისუფლებაში მაქსიმალურად თავისი მორჩილი ხალხი დანიშნა. 2019 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი გავრილოვი აღმოჩნდა. ამან ქართველი ხალხის მრისხანება გამოიწვია და ხალხის ნაწილმა და ოპოზიციამ დაიწყო უიარაღო შეტევა პარლამენტზე, რათა შენობაში შეეღწიათ. ივანიშვილის რეჟიმმა ძალადობრივი აქცია სასტიკი ძალადობით ჩაახშო. ადამიანებმა თვალები დაკარგეს და სხვა მრავალი ზიანი მიადგათ. რუსული რეჟიმი მცირე დათმობებზე წავიდა - მან შეცდომა უწოდა პარლამენტში გავრილოვის სპიკერის სკამზე დაჯდომას, გადააყენა პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე, პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოაშორა ამ სკანდალური ღონისძიების ორგანიზატორი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. გავრილოვის საქართველოდან გაგდების შემდეგ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აკრძალა. ის მხოლოდ მაშინ აღდგა, რაც ,,ოცნება"-მ 2022-წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსეთისთვის დამაკმაყოფილებელი პოზიციები დაიჭირა. რუსეთ-უკრაინის ომმა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ახალი შესაძლებლობები გააჩინა. უკრაინამ და მოლდოვამ განაცხადეს, რომ შეიტანდნენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადებს. საქართველოს ამ განაცხადის შეტანა 2024 წლისთვის ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ქართველი ხალხის ძლიერი მოთხოვნა - საქართველო არ ჩამორჩენილიყო უკრაინას და მოლდოვას ევროინტეგრაციაში ,,ოცნება"-მ ყურად იღო და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეიტანა განაცხადი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ევროკავშირი საკანონმდებლო ინსტრუქციებს აძლევდა განაცხადის შემომტან ქვეყნებს, თუ როგორ უნდა დაახლოებულიყვნენ ისინი ევროკავშირის სტანდარტებს. ,,ოცნება" ახდენდა ამ პროცესის აშკარა საბოტაჟს. თუმცა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მაინც მისცა. აღნიშნული საბოტაჟის ყველაზე მძიმე ფორმა იყო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, რასაც ქართველი ხალხისა და ოპოზიციის უმრავლესობამ უწოდა ,,რუსული კანონი". 2023 წლის მარტის მასშტაბურმა აქციებმა ,,ოცნება" იძულებული გახადა, რუსული კანონპროექტი უკან გაეწვია, თუმცა ერთი წლის შემდეგ, ქართველ ხალხთან მძიმე ბრძოლების ფასად, ეს კანონი მათ მაინც მიიღეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება, რომ მას არ სურს რუსული რეჟიმის დიქტატორულ პირობებში ცხოვრება, თუმცა ,,ოცნება"-მ არჩევნები გააყალბა და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მე-4 პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პატიმრობაში მყოფ მე-3 პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, აგრეთვე, მთელ პროდასავლურ ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობასთან და ქართველი ხალხის უმრავლესობასთან ერთად გამოაცხადა უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს რუსული რეჟიმისგან განსათავისუფლებლად. დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელსაც არბევდა ივანიშვილის რეჟიმის პოლიცია. აქციები მკვეთრად გამძრაფრდა და გამასშტაბურდა იმ დღიდან, როცა არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნას. საპროტესტო აქციები გადაიზარდა რევოლუციის მცდელობაში, რაც რუსულმა რეჟიმმა სასტიკი ფორმებით აღკვეთა. დაიწყო ფიზიკური ანგარიშსწორებები და ე.წ. სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მოქალაქეების წინააღმდეგ. ივანიშვილმა ბრძოლა გამოუცხადა საქართველოში დემოკრატიას. საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. 2025 წლის 28 ივნისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი