სამყაროს სხეულის ერთი ატომი


გაქვს იმის ცნობიერება, რომ სამყაროს ერთი პატარა ნაწილი ხარ? მე ვარ სამყაროს სხეულის შემადგენელი ატომი, როგორც ჩემი ტვინის შემადგენელი კოლოსალური რაოდენობის ატომთაგან ერთ-ერთი არის ჩემი ატომი, ჩემი ნაწილი. და რა ხდება ამ ჩემს უმცირეს ელემენტში, რომელიც განსაკუთრებულად ღირებულ ადგილას, ტვინში არსებობს? რა ხდება და იგი მონაწილეობას იღებს ჩემს აზროვნებაში. ასევე მეც, როგორც სამყაროს მოაზროვნე ატომი, მონაწილეობას ვიღებ სამყაროს აზროვნებაში. სამყარო ფიქრობს თავის თავზე, თუ რა არსებაა იგი, და ეს უდიდესი ფიქრი ჩემითაც ხორციელდება. 
გერმანელ ფილოსოფოსში - ჰეგელში იშვა ასეთი აზრი: სამყარო არის ღმერთის სხვადყოფნა. სამყარომ ამ ადამიანის მეშვეობით იფიქრა, რომ ღმერთია, ოღონდ სხვა ფორმაში მყოფი.  სამყარომ ისიც იფიქრა, რომ არ არის მარადიული და უსასრულო, რომ შექმნილია მარადიულისა და უსასრულოს მიერ, და წარმოქმნა მრავალი რელიგია და ფილოსოფიური სისტემა. მან ისიც იფიქრა, რომ თვითონ არის ღმერთი, შესაბამისად, წარმოქმნა პანთეიზმი. 
სამყაროს ერთ აზრს დაუპირისპირდა სამყაროს მეორე აზრი. სამყარომ თქვა, არ არის ღმერთი. მან თავის თავშიც ვერ და არ დაინახა ღმერთი. და შემდეგ თქვა, რომ არ ჰყოფნიდა საკმარისი სიბრძნე, უნდა იყოსო ღმერთი. 
მე ვარ სამყაროს ნაწილი.
მე ვამბობ, რომ არის ღმერთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი