არაგვის ფერია
სუნი ვარდისა, ფერი არაგვის, ვინა თქვას შენი დედაბერობა, ჩამოღვენთილი სანთლისა მსგავსი, ღვთის გაკისრია მოვალეობა. მონად ქცეული მე შენის თვალთა, დამვიწყებია, რომ მეც ვარსებობ, გამმალებია გულიც და მართლაც, როგორ გავბედო, როგორ გავბედო?! იათა მტვერი გიმკობს წამწამებს, ქარი უდროოდ თმებსაც აგიშლის, ხესთან ამოსულ მიხაკს წავძალებ და ყვავილებით საწოლს გაგიშლი. ღრუბელთა მური შებოჭავს ზეცას, წვიმის წვეთებით გაავარვარებს, დასჭექს, დააქუხს მარტოსულ კედარს, ფოთლებს სამყაროს შემოატარებს. როცა მორჩება ბრძოლა ღვთიური, ალბათ საწუთროც აბორგოვნდება, იასამანზე შერჩენილი იესოს ცრემლი მარტოდმარტო, უცაბედად გადმოგორდება. რწმენა მავალთა, დარდი სიშორის ეხება ჩემს გულს, როგორც ნიავი, როგორც სილაში ვარდი უეკლო, სამყარომ იგრძნო დარი მზიანი. ხელი ჩაგკიდე, ვით ჩემსა სულსა, ხაზარულებიც დაგიკრიფე თან, როს ვინდომებდი, რას ვიფიქრებდი, გავაგიჟებდი მე შენსა გულსა. სუნი იების, ფერი ივრისა, ვინა თქვას შენი დედაბერობა, ჩამოღვენთილი სანთლისა მსგავსი, ღვთის გაკისრია მოვალეობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი