უცხო მიწაზე
აი, ტა, ტა, ტა, ქვეყნად ამ სოფელზე მშვენიერს რამეს თუ ნახავ. დახე, როგორ ყვავის ბალახი და აბიბინებულ მდელოებს ბუღი ასდის მზისაგან. ამაყად დგანან აზვირთებული მთები და ეკლესია არი მათ წვერზე. ჭექავს ზარები, ქუხს ეკლესია, ბებია შვილიშვილს სწერს პირჯვარს სახლიდან გასულს. მიწა ახლოა ზეცასთან, ყველაფერს მაღლიდან დასცქერი. აბა როდია სხვაგან მასე? კამკამა წყალი ჩამოდის მთიდან. მოდის და მიაქვს დარდი სოფლისა. ღამით ცა ვარსკლავებით ისეა მოჭედილი, ისეა დატოტილი, ფიქრობ, გორის ვაშლებია ცაზე შემომჯდარი. მწიფე, მწიფე, წითელ-ვარდისფერი. გგონია, მისწვდები და მოჰკრეფ სადაცაა. გაზაფხულის წვიმა ლოყას ეფერება, ვითა ნაზი სიო ბუმბულივით მჩატე. ჰუიი, ჩვენი მიწა წყალი მაინც სულ სხვაა. მოეფერები და ისიც გეფერება. გაუჯავრდები და იგიც ელვას მოგცემს. მარა რაა მისი ფასი ქვეყნად, არამც არაფერი. მთვარე პატარძალიც თავზე დაგქათქათებს, მბჟუტავ ღამეს დღეთ რომ გადაგიქცევს. რთულია ამის დატოვება და სხვაგან წასვლა. განა დამხვდება ისე, როგორც დავტოვებ? ერთხელ რომ მოვსწყდე, იქნებ, ვეღარც გავხდე მისი ნაწილი. - დახე, ვალოდია, რა ამინდია! - ვოი, მეტი არ გაქ სხვაზე საფიქრალი? - ღრუბელს ჩვენგან წყენა გულში ჩუუდია! - მოი, მომეხმარე, გეყო კონწიალი. ვალოდია სოფლის ბუშტუკა ბიჭია. მუდამ მომღიმარი მოგორიალობს, გამარჯობასაც კი ვერ დაასწრებ. უყვარს კაი ცხოვრება, რა ქნას. ახალგაზრდა ბიჭია, ცხოვრებამ რაც მისცა, მაგასვე შეეგუა და აღარც უფართხალია ბევრი. დადის სოფელში და არის ასე. ვისაც არ უნდა ჰკითხო მაგის ზნეზე, ყველა კაის გეტყვის, სუუ ყველა. გლახის მთქმელს ვერ ნახავ ვალოდიაზე. ჭამა-სმაზე მეტი არასფერი არ ადარდებს ამ ცხოვრებაში. რომ შეხედავ მაშინვე მიხვდები მაგას მთლად ბრუციანი თუ არ ხარ. დიიიდი წითელი ლოყები, ბოტოტა თითები და პატარა თვალები აქვს. თევზაობა უყვარს. მდინარესთან ზის მისივე სახლის უკან. გაწმინდა მთელი სტოლონქრო. - აგია ბიჯო ცხოვრება? - აღშფოთებული ამბობს ვალოდიას მამა. - რა ხთება მამია? - ამცბარმა უპასუხა ვალოდიამ. - რაი ბიჯო და, ვიფიქრე, სიმინდს დავაფქოვიებ გიაიას მეთქი და ქი დეიტია ნახევარი მეშოკი. - ამბობს შეწუხებული. … - ჩაუწყდა ხმა ამის გამგონე ვალოდიას. მე და ვალოდია ბავშვობიდან ამხანაგები ვიყავით. ხან ერთი ვეგდეთ მდინარეში, ხან მეორე. ტალახში ამოგვანგლული ვალოდია სახლში რომ მივიდოდა, მამამისი ტკიცინა წითელ ყურს ჩამოახევდა ხოლმე. მერე საღამომდე მესმოდა ვალოდიას მოთქმა. ეზოში ჩავიპარებოდი და გარეთ გამომყავდა. აბდალი ვალოდია. მამამისი რომ დაგვინახავდა, მეორე ყურს გუუტკიცინებდა. ერთად ცხოვრობენ. არავის აწუხებენ და არავინ აწუხებთ. დედამისი მე არ ვიცი, კაციშვილს არ უნახავს სოფელში. ჭორები დადიოდა, მიატოვა ვალოდიაო, მაგრამ ამაზე არასდროს საუბრობს მამამისი. ვოი, ჯანდაბა მაგის აღარა. ანგელოზივით ქმარ-შვილს რომ დატოვებ, რაღა უნდა ინატრო მაგის მეტი ქალმა ცხოვრებაში. ფი, ფი, მუაშორე მაგნაირი ქალები. კეთილი ბიჭია ვალოდია, კეთილი. ამდენი ვაივაგლახი კი უნახავს, მარა მაინც არ აქ გულში ბოროტება. ყველაზა კაი უნდა, დიდიზა თუ პატარიზა. უდედოთ გაზრდილი შვილია. აკლია დედის სითბო. ყველას სჭირდება მაგი ბაღნობაში. სხვებს რომ ხედავდა დედები როგორ უვლიდნენ, ეგება, ეხარბებოდა მასაც, ან იქნება არც ადარდებდა. რთულია კაცის ბუნება, რთული. ახლა თუ გეიგეო უცხოეთში რომ მივდივარ, იქნება დამჟეჟოს კაი მაგრად. მარა სხვა გზა რომ არაა, რა გინდა ქნა კაცმა. იცვლება ყველა და ყველაფერი. მსოფლიოც და ხალხიც. აქეთ არაფერი გამევიდა, კაიდა იქითაც არ გამევიდეს? მაგას ჩავალ და ვნახავ. ასეა მაგი. აბა აქიდან ხომ არ ვიმარჩიელებ. ისე კი დამღალა ამ ბჟოტიალმა. ხან აქეთ, ხან იქით, დეეტიე ერთ ადგილზე რა, შე კაი კაცო. გონია მე მინდა წასვლა? რათ მინდა. მოვწყდები მშობელ ქვეყანას. გადავიხვეწები მუუსვლელში და თათარი შემდგება მხრებზე. მამუშვებს, გამწურავს, ბოლო წვეთებს გამომადენს ოფლის. ეეე, ჩემო ვალოდია. რა ვქნათ, ასე გვარგუნა ცხოვრებამ. - რა გამოსკვანჩულხარ, ბიჯო. სა მიდიხარ? - ქვეყნიდან, ვალოდია. ქვეყნიდან მივდივარ. - რას ჩივი. შენ დაგექცა დაბადება. გამიტკლიცე გული ამ დილაუთენია. რა დაგეკარგა მაქანე? - ყველაფერი, ვალოდია. ყველაფერი დამეკარგა. - ჩემ ეზოში ფეხჩამოდგმული არ დაგინახო. რაიზა მტიებ მარტო. კაციშვილი არაა მეტი სოფელში. შენც წაი და ააოხრე აქაურობა. აგი გინდა? - მაგი არ მინდა, ვალოდია. მაგი არ მინდა. - წასულების სადღეგრძელოს მოგაყოლებ ზურგჩი! - მიაწყევლა ვალოდიამ კეთილი გულით. - იქაურ ღვინოს ჩამოგიტან, ბიჯო. რას დამჩხავი თავზე. არ გინდა? - რავა, ქთამით გინდა მომილბო გული? არ გამოგივა მაგი. - არაა სხვა გზა, ვალოდია. არაა სხვა გზა. - გზაის მეტი რაია, შე ტვინგამხმარო. შენდა დეილია აქანე ყველაფერი? რაღას მირბიხარ ამ დიდებული ქვეყნიდან. - მალე ჩამოვალ, ვალოდია. მალე ჩამოვალ. ნუ მეიწყენ შენ. მომავალი წლის ამ დროზე აქანე ვიქნები. - აგერ მე და აგერ შენ. არ იქნები და ვეღარც დამინახავ თვალათ. დეიმახსოვრე მაგი. - მახსოვს, ვალოდია, მახსოვს. - დაპირება კი მახსოვს ისევლე. პატარაზე მაინც გამიქარვებს წყენას. - აბა ჰე, ვალოდია. - მოდი, ბიჯო, ჩაგეხუტო. - ცრემლი შეიშრე, ვალოდია. თვარა სულ არ წავალ, დავრჩები აქანე და მიყურე სულ. არ მომაცილო თვალი. - მალე მოი, მალე მოი. - მალე მოვალ, ვალოდია, იმ უცხოეთის ღვინოსაც ჩაგახუტებ გულში. ვეთხოვები ნაცნობ მხარეს. ყველაფერი რომ ლამაზია აქეთ. გახედავ ღობეს, ამძვრალა ზედ თხაი და ეპოტინება ნესტორიას ეზოში თხილებს. ტა, ტა, ტა, ამას ხედავდეს, საცოდავი. აცხონოს უფალმა. იქით გახედავ და თავკეტელა გოჩაია მიერეკება ძროხებს მთაში. შენ მიდიხარ და კაცმა არ იცის როდის მობრუნდები უკან. იქნება, ვეღარც მობრუნდე. მარა მაგაზე კი არ გეფიქრება ასე შორს წასულ კაცს. ცოტა იმედი მაინც გაქ. იქნება დაა, გამევიდეს რამე და ავშენდე. იქნება დაა, გამიმართლოს ამ უცხო მიწაზე. მარა მტერი არაა მაგის მეტი რავარც სამშობლოდან მოწყვეტილ კაცს გუუმართლებს ღმერთი. ვევედრები უფალს, რაღა დამჩენია აბა მაგის მეტი. გზა უსასრულოდ გრძელდება. დასასრული არ უჩანს არცაროის. მიდის და მიდის, არ აპირებს ჯერ დამთავრებას. მე ვდგავარ ამ გზაზე და რაც უფრო ვშორდები ჩემ სოფელს, მით უფრო მიღონდება გული და მივარდება ძირში. აგი გზა რომ დამთავრდება, მერე იწყება გუუთავებელი ჯაფა, ხვნეშა, ოფლი. მოსვენების დრო არ გაქ. მეისვენებ და შემუარდება უფროსი, ჰოპ, უნდა წამოხტე ჯარისკაცივით და დადგე სისწორეზე. ნაბიჯით იარ! მიგერეკებიან ჩაში. კრეფ და კრეფ, კრეფ და კრეფ, კრეფ და კრეფ. დამთავრდება რავარციქნა, ჰოპ და უცებ მეორე დღეა. მერე ისევ კრეფ და კრეფ, კრედ და კრეფ, კრეფ და კრეფ. აპა, ასეა. ვინ დაგაჯენს კაბინეტში ორი გრამი ტვინით და ვინ ჩაგაცმევს კოსტუმს და გასტუკს. ეხვეწე რამდენიც გინდა. დღეები დღეებზე გადის. გავიდა კვირები, აგერ თვეები მოყვა მაგას, აგერ ორი წელიც შემისრულდა უცხო მიწაზე ყოფნის. მონატრება მურტალი ყოფილა. დაგაჩოქებს ხანდისხან და მალე ჩამიყვანე ჩემ სოფელშიო გაძახებიებს. ვარესი მეკუთნის, რომ არ დუუჯერებ შენდა კაისმსურველს. რა მენატრება ახლა იქიდან თუ მკითხავენ, ჯერ ვალოდიას ვეტყვი. ჩემ სიყრმის მეგობარს. მაგის ბუთურა თითებიც კი მომნატრებია. მერე სოფელს ვეტყოდი. ზუსტად ახლა აბიბინდებოდა გვირილები. გამწვანდებოდა ხეი და მიწა. მაგაზე კაი სანახავი არაფერი არაა ქვეყნად. გაზაფხულის სუნი მოგელამუნება ცხვირზე. თვალებს კაშკაშა მზე წაგართმევს. დანარჩენი სხეულიც მისი სიმხურვალით ჩამოგერთმევა. ასე დაგინაწილებს ბუნება სოფელში. ერწყმი მას და გერწყმის თვითონ. აბა აქ რაა მაგფერი. ჰაეროპლანების ზუზუნი აზანზარებს უხარისხოთ ნაშენ სახლებს. მანქანების ღმუილი ტვინს აგხდის დილაუთენია. მეზობლის ბაღანა ბღავის საღამომდე ერთი კანფეტიზა. რაფერი უზნეო ხალხია, ამფერს თუ იზამს სოფელში ვინმე. იქით ყველას მეტი მოთმინება და აზრი აქ თავში. ყველა გევლება და ცდილობს როგორმე გასიამოვნოს, თავი მოგაწონოს. სარკეში ყოველ ჩახედვაზე ვხედავ ერთ ახალ ჭაღარას ჩემ თავზე. სულ ყინტორა ხომ ვერ ვიქნები, კაცი უნდა დაბერდე, ხანში შეხვიდე, თვარა რა აზრი აქ ისე ამ წუთისოფელს. უნდა დუუთმო ადგილი მომავალს. გვერდზე უნდა გადგე და გაჩერდე. მაინც ნაადრევად ვჭაღარავდები, ჯერ სიყმაწვილეც არ გამივლია, მარა რა უნდა ქნა, თავს ზევით ძალა არაა და… ნეტა რაფერაა ჩემი ვალოდია, ჩემი ძმა და ჭირის მეგობარი. ვახსოვარ თუ არა ნეტა კარგად. იქნება, მთლა მიავიწყდა ჩემი სახე. ქი მითხრა, ერთ წელში თუ არ ჩამოხვალ, ჩემ სახეს ვეღარ დეინახავო. ვუი, არ თქვა მაგი, ვერ გაუძლებს ჩემი გული. მეც უაზრო ფიქრები მაწუხებს ხანდახან. მარა კიდო კაი ჭკუაზე ვარ. დილიდან რო გაგვრეკავენ, სახში საღამოს მისულს აფერის თავი მე არ მაქ. ვწობი და ვიძინებ. მიიზლაზნება ცხოვრება. მე წასლას ჯერ არ ვაპირებ. კი მტკივა გული ჩემ ვალოდიაზე, ერთი დღე რომ არ მქონია მის გარეშე, სადაა სამართალი ახლა ამ ცხოვრებაში ვალოდიას მამისა არ იყოს. ახლა დეპეშა მივიღე. ჩევიცვი, ევიბარგე და მივდივარ სოფელში. კაი რო არ ხდება, მაგი წერილის დასაწყისშიც მივხდი. თამაზია მწერს: “ჩამოი, ბიჯო. არაა აქანე კაი ამბავი. რაც შეიძლება მალე ჩამოი. გულს ნუ გეიხეთქავ ოღონთ. მუუფრხილდი თავს სანამ ჩამოხვალ. თამაზი.” გული და სული არ მიმყოლია მატარებლამდე. სანამ იქინე ჩავალ, ხომ მოვკვდი და მოვრჩი კაცი აღარა. მისღემჩი თავაშობილი იყო აგი თამაზი, სიტყვას ვერ ათქმიებდი გადამბულათ. ეხლა რას ვთხოვ ნეტაი. მარა მეეწერა გარკვევით და გააზრებით, რა მოხდა და რაფერ. ვმგზავრობ ორი დღეა. ნახევარი გზა გევიარე და თვალი არ მომიხუჭავს წამიერად. არაა ჩემი მოსვენება ამქვეყნად. გული კი მიგრძნობს ცუდს, მარა ვიმხნევებ თავს და ვარ ასე. მძღლს ვეკითხები ჩემი ბორძიკა ფრანგულით: est-ce un long chemin, შემომხედავს კაცი გაკვირვებული და მეტყვის: bientot, bientot. კი იძახის მალე ჩავალთო, მარა არც აქით უჩანა ბოლო ამ გზას და არც იქით. რაღა იქნა, კაცო. ღრუბელი არ ამბობს კაის. ისეა ჩასკვარამებული ყველაფერი, ღამე გეგონება. ბნელასავით. ფოთლები ქარისგანაა დაგლეჯილი და მიმოფანტული. ხეები წევს, ქარს სულ დაუმტვრევია დატოტილი ჭადრები. აკაციის ფოთლებია გზაზე გაფენილი. თითქოს ჩემთვის დაუგია ბუნებას. სადაცაა მივალ. მიწაზე წყალი დგას, სულ ამოვსველდი, მარა მეჩქარება. ვნახო თამაზია, რომ გამიხეთქა გული. აა, იქნება იშაყირა კიდეც და ვაი, თუ მაგან ტყვილა გამომაქცია, არ დავტიებ ცოცხალს და გუუტეხავ იმ გოროხა თავს. დევიხმარებ ვალოდიას, ძალა აქ, იცოცხლე, ხარს დააგდებს მუშტით. მდინარე ადიდებულა, გზად კაცების ბურდღული გავიგე. ღმერთო, დეილოცოს შენი დიდება! მოვარდნილა გაზაფხულის ნიაღვარი, რაც გზად შეხვდა ყველაფერი დაამტვრია. გადათელა, გაამტრია ღელის კარი, სოფლის წყნარი კალაპოტი დაარღვია. აღარც სახლი, აღარც კარი აღარ არის, გამქრალია ვალოდია, ვითა ქარი, აღარც კაცი, აღარც ქალი აღარ არი, დარჩენილა მხოლოდ მათი ნასახლარი. მეწვის ხორცი, გული მტკივა, მოკლე არის წუთისოფლის სამართალი, ვით ყინვაში ამოსული ნაზი ია, ვხედავ ბუთუს, ჩამომჯდარა სახლის უკან, იჭერს თევზს და უხარია. რა იცოდა, გახდებოდა მისი კერა სასაფლაო. დაკარგული სულების. დამსხვრეული ოცნებების. გეიტაცა მისი სახლი ნიაღვარმა, გააყოლა მისი გულიც ნაღვლიანი. დარჩა მხოლოდ ხის მორები, გამომპალი. სახლი კიდევ ჩაანაცვლა მოგონებამ. თითქოს მორბის მომღიმარი ვალოდია, მელოდება როდის მივცემ უცხო ღვინოს. გაიელვა ცაში მწარედ, თითქოს ჩივა, აგერ ვარო. მე ვერ ვხედავ, არსადაა. დამეკარგა, გაიფანტა, ვითა წლები. გაჰქრა მისი სილაღე, დარჩა მხოლოდ წარმოდგენა, წარმოდგენა ძველი წლების. მოდის მამა, ნატკივარი-ნასახლართან, მე მთხოვს პასუხს, თვალებით ვგრძნობ, ამბობს ყველაფერს და არაფერს ერთად. ვინ გამწირა, ვინ გამწირა, იმეორებს. რას მერჩოდი, რას მერჩოდი, იმეორებს. სახეს მთელი კაცთა სევდა მოსდგომია, მაგრამ ვერ ამბობს. ვის უნახავს კაცი შვილს იტირებდეს, დედა არა ჰყავს, ვერც ვერავინ დაიტირებს. და რომც ჰყავდეს, მაინც ვერა… მთელი უბანი შეიკრიბა, პირდაფჩენილი უყურებენ ნასახლარს. და მე ვდგავარ, გაყინული, გაქვავებული. მიჭირავს ხელში უცხო ღვინო, უცხოეთიდან წამოღებული. და ვფიქრობ ჩუმად, ვალოდია, გული არ დაგწყდეს, ჩემო ბიჭო, მაინც არ ღირდა. ქართულს მაინც ვერ აჯობებს, გთხოვ, დამიჯერე. ბოლოს რა თქვი, მე კი მახსოვს, და შენ თუ გახსოვს? მალე მოიო, ჩამეხუტე, და მეც მოვედი. არც დაპირება დამავიწყნია, მაგრამ გავტეხე, სიტყვა გავტეხე და ვეღარც გნახე. ეხლა ვიცხოვრებ შავ-თეთრ ფერებში. ეხლა აღარ აქვს აზრი აღარაფერს. და შენ რომ აღარ იქნები, ვინ გამომიღებს სულის დარაბებს. გვერწყმის ბუნება და ვერწყმით ჩვენც, ასეა მუდამ, ასე იქნება, ზღვის ნაპირიდან ვუყურებ გემს, გემში ჩაჯდომის დროც მალე დადგება. მოგონებებით ვცხოვრობთ, მოგონენებით მოვკვდებით. დიდება შენდა ღმერთო, ჩვენო, რათა მოგვეცი ჩვენ ფიქრისა და გახსენების ძალა, დიდება შენდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი