მონატრება
ვინც მე მიყვარდა, ვისაც ვუყვარდი, ბევრი წავიდა აღარ არიან. მათი ხმა, მათი თბილი ღიმილი, აღარ მახარებს კარგა ხანია. თვალწინ ჩამიფრენს იმათი სახე, ხშირად მათი ხმაც მომეყურება. გულს გამიკაწრავს მწუხარე ფიქრი და მტევანივით დამეწურება. დიდი ტკივილი, დრომ ვერ განკურნა, სიცარიელე ვერ ამოავსო. მათთან განცდილი ტკბილი წუთები, გონებას ეხლა ტკივილად ახსოვს. ნურავინ იტყვის დრო მკურნალია, სისულელეა, ვერა ხვდებიან? რაც დრო გავიდა უფრო მიყვარან, უფრო და უფრო მენატრებიან. მხოლოდ ეს კია, ესეც უნდა ვთქვა, ასეთი ფიქრი სულ არ მაკვირვებს. მათი სიკვდილის შემდეგ სიკვდილი, აღარ მადარდებს, ვეღარ მაშინებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი