ბებოსდარდები


გარეთ  ქუხილი  გაისმის,  
სჩანს  ავდარი  არ  დაიცდის.
ბებია  ზის  და  განიცდის  წვიმის  თქაშუნის  ხმაზე,
შიფერი  ორად  გამსკდარა ჭერი  ენგრევა  თავზე.

ობლები  იქვე  დამსხდარან  გამოხეული  წინდებით,
ბებოს  შესცქერენ  თვალებში  შეშინებული  იერით,
შემოსწოლიათ  პატარებს  შავ  ღრუბელივით  ფიქრები.

ბებოს,  რომ  გულში  ჩახედოთ  მოიწამლებით  ნამდვილად,
ისიც  არ  იცის  პატარებს  რა  გაუკეთოს  სადილად.

კი  სათნო  სახლი  გაიხსნა,  წითელი  ლენტიც  გაიჭრა,
ხელისუფლების  ტრაბახი  ცისფერ  ეკრანში  გაისმა.
მაგრამ  ბებიას  ერჩივნა ჰქონოდა  თავის  პენსია,
ობლებსაც  დახმარებები  მიეღოთ, როგორც  წესია.

ხომ  არ  ეყოფა  მის  ოჯახს,  მარტო  სუპი  და  შნიცელი?
ბებოს  სურს  თავის  პენსიით  იყიდოს  კასპის  შიფერი,
რომ  წვიმამ  აღარ  აწვიმოს,  სიცივის  შიში  არ  ჰქონდეს,
გაზაფხულიდან  ზამთრამდის,  როგორმე  თავი  გაჰქონდეს.

მოხუცს  დარდისგან  გათანგულს, სული წუხილით  ევსება,
ხელისუფლების  ტრაბახი  გულს  ლახვარივით  ესმება.
ბიუჯეტს  ვზრდითო  ამბობენ,  ტრაბახი  აღარ  მთავრდება,
მაგრამ  რად  გინდა,  იქიდან  ხალხს  არაფერი  ხმარდება.

საძოვარიც  კი  წაართვეს  გლეხებს,   თავისი  სარჩენი.
არ  ვიცი  ამ  ჩვენს  ქვეყანას  რით  დაადგება  საშველი.
ხომ  არ  მოგვიწევს  ისევე  კბილებით  ლელოს  გატანა,
მაგრამ  ჩვენს  სისხლ-ხორცს  ვებრძოლოთ  და  გავახაროთ  სატანა?

რა  ვქნათ,  რა  წყალში  ჩავცვივდეთ,  გკითხავთ  ჭაბუკთ  და  ხნიერებს,
ჩვენ  წავიდეთ  და  სამშობლო  ვაჩუქოთ  გადამთიელებს?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი