მამიდის გახსენება
სოფელში მყავდა ქსენო მამიდა, გაუთხოვარი კეთილი ქალი, მის სათნო სახეს ვიხსენებ ეხლა, თავს მადგას მისი აჩრდილის ქნარი. თავის შვილები მას არ ჰყოლია, ძმიშვილებს გვზრდიდა თავის შვილებად, თავის ღარიბულ ლუკმას გვიყოფდა, თვის ოცნებებში გვსახდა გმირებად. ჩვენთვის ცხოვრობდა, ჩვენთვის ცოცხლობდა, დღე ელეოდა ჩვენზე ზრუნვაში, ჩუმად მუდამ დღე უკან დაგვდევდა, სოფლის მინდვრებში, ველს თუ ქუჩაში. სკოლაშიც მუდამ ის გვატარებდა, გადავივლიდით ”ნაბამბრის” გორას, ”ძირაგეულის” სოფლის ბოლოში, მივადგებოდით ოთხწლედის სკოლას. წლები გავიდა, ჩვენ გავიზარდეთ, სოფელს ვსტუმრობდით, მხოლოდ ზაფხულში. მამიდა კუხნას მიაშურებდა და ხელს წაჰყოფდა, ცომს და დაფქულში. პურს ჩააცხობდა, ყველს მოიტანდა, მერე შებოლილ ლორსაც მოსჭრიდა და სანამ ლორი იხარშებოდა, თავის პატარა ჭურსაც მოჰხდიდა. დრომ და ცხოვრებამ მიგვფანტ-მოგვფანტა, ჩვენ ქალაქებში დავიდეთ ბინა. ვერ ჩავდიოდით სოფელში ხოლმე, ვერ ვნახულობდით მამიდას ხშირად. ის ჩვენ გვნატრობდა, მას ჩვენთან სურდა. ჩვენ კი სოფლისთვის ვეღარ ვიცლიდით. ამ წუთისოფლის ორომტრიალში, მოვალეობას ვეღარ ვიხდიდით. მოხუცმა მთხოვა, ჩემთან ცხოვრება, მე კი ვიყავი ქალაქში მდგმური. მისი თვალები, რომ მახსენდება, მწუხარებისგან მელევა გული. მე ეს წუხილი დღემდე გამომყვა და ვწუხვარ იმ ჩემს უმწეო ყოფას, რომ ვერ შევძელი მოხუცისათვის ტკბილი სიბერით უზრუნველყოფა. სამწუხაროა, ვერ დააბრუნებ გარდასულ წლებს, რაც უკვე გავიდა. ამ ქვეყნიდან კი მამიდაჩემი კარგა ხანია, რაც რომ წავიდა. თავს ვიიმედებ, მრავალ კეთილ ხალხს წუთისოფელში ტანჯვა ეწერა, მაგრამ ვერ გავძელ მე ეს ამბავი თქვენთვის არ მეთქვა არ დამეწერა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი