ვუძღვნი რომანი დვალს


როს შემოდგომის დაჰბერავს ქარი
და გულში ცივი სუსხი ჩადგება,
როცა ვეება ჭადრის ფოთლები
გზებში უაზროდ გაიფანტება,

როდესაც დარდი გულს გაგიკაწრავს,
როგორც დუშმანის მწველი მათრახი,
როცა ყორნები აიშლებიან
ყურის წამღები ავი ყრანტალით.

როცა ავდარით შეწუხებული,
უცხო გამვლელის ისმის გინება.
გამახსენდება ჩემი ერთგული
მეგობარი და გამეღიმება,

დამავიწყდება ცუდი ამინდი,
შავი ფიქრები გაიფანტება
და გული რაღაც სასიამოვნო
განცდების ნისლით დაიფარება.

ვიცი ჩემს დარდებს იგი გამიგებს,
სულის კუნჭულის ძირში ჩამწვდება,
დამაიმედებს, შემდეგ ბუხრის წინ
დაბალი ტაბლაც გაიმართება.

გულში იმედის გრძნობა იღვიძებს
და იცი მერე რას ხვდები ხელად?
შენ სწორედ ახლა ვინც განუგეშბეს,
მას მეგობარი ჰქვია სახელად.

სხვას ვერ გაუმხელ, სხვა ვერ გაიგებს,
სხვისი სხვაგვარად ბრუნავს საათი,
ამას ხომ ყველა კარგად მიხვდება,
ამას რად უნდა ბევრი კამათი.

სწორედ ამიტომ მეგობარს მუდამ,
გულში უჭირავს დიდი ადგილი.
ის არის შენი დიდი ნუგეში
და შენი სულის დიდი ნაწილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი