უჩა ღონღაძე

მეოცნებე

ხანდახან ლანდი რომ მეწევა, ლანდივით მიკვირს,- თავ-გასულ თავთან სამთაბრძოლას გუშინვე მოვრჩი, ამ ლექსში შენი დაძახება ისევე მიყვარს, როგორც სახლისკენ სიარული მუხლამდე თოვლში. თუ შუადღემდე არ ამოხვალ ღვიძილის ზღვიდან, დარდიმანდ ტალღებს გადაყვები უაზროდ თუკი,- არა-საჭირო მაჯებიდან მეც ისე ვიდენ, როგორც იდენდა მეწამული ღამემდე შუქი... ოღონდ მე მთელი ყურადღებით, სიმშვიდით ვიდენ და მიწოლილ თოვლს ატკივდება ლამაზი თავი, ჩემი წყენა კი ტკივილების ან მტრების მხრიდან, როგორც სულ ცოტა ორი კვირა- ღიღინით გავა... ჩემი ნაქები გულგრილობის დარბეულ ღამეს თანდათან შეცვლის ჭეშმარიტი წუხილის ღამე,- ლოცვამდე შობის დილასავით ძალიან ლამაზ, შენი ჩურჩულის მოგონების, მოხმობის გამო... როდესაც ჩვევებს თითებივით ღიმილით ვიმტვრევ და შენს მკლავებში ჭადარივით სიზმრის ტანს ვიყრი: ძილშივე მიყვარს,- მზე ამოვა აქამდე ვიდრე,- მზეზე ხმამაღლა სიცილი და ხმამაღლა ფიქრი... უჩა ღონღაძე

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი