ტყის სიზმარი
ყველაფერი იმ პატარა ლილიპუტისგან დაიწყო... იმ გაზაფხულს ჩვენს სოფელში ტყე საოცრად ახასხასებულიყო. ვზივარ ბალახზე და ცაში ვიხედები. მოულოდნელად ყურადღებას პატარა ჭიანჭველების ბრბო იქცევს -დარბიან, ერთმანეთს ეჯახებიან და გზას მაინც აგრძელებენ. სათავეში ლილიპუტი მოჩანს. დოინჯი შემოუყრია და გაფაციცებით დასცქერის ჭიანჭველებს, თითქოს მათ მიმოქცევას აკვირდება. მოულოდნელად ჩემკენ ტრიალდება და ამბობს: - ჩვენ მათ არ ვგავართ... და ისევ აგრძელებს ჭიანჭველებზე დაკვირვებას. უცნაურია, აქამდე ასეთი პატარა ადამიანი არასდროს მენახა. შეცბუნებული დავცქერი. მინდა შევეხო, დაველაპარაკო, მაგრამ ის იმდენად უცხოა, რომ ვერ ვბედავ. ბოლოს მომიბრუნდა, საჩვენებელ თითს მიშვერს და მეუბნება: - გამარჯობა. დასტურის ნიშნად თითს თითზე ვადებ და უეცრად ჩემს ხელში საოცარი არსება ჩნდება. გარშემო თითქოს ათასი ფერი დასტრიალებს. მიცინის - ისე, თითქოს ამ სამყაროში ყველაზე წმინდა რამ იყოს. ვფიქრობ, რა დავარქვა, და ბოლოს აღმომხდა: - რეი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი