თავშესაფარი


მარტოობა - გრძნობა, რომელიც არ მტოვებს. ის მუდმივად თან დამყვება, სადაც არ უნდა წავიდე. მისი ტყვე ვარ.
უკიდეგანო სიცარიელე, მოლოდინი და ამავდროულად სრული მოულოდნელობა. ეზოში გაძეგლებული ხე, რომელიც არ იძვრის - აღარც ფოთლები შერჩენია და აღარც ჩიტები სხდებიან მასზე. მარად შიშველი.
ბავშვობაში უკიდეგანოდ მაღალი მეჩვენებოდა. მის ძირში ვჯდებოდი და ვფიქრობდი. ჩემს მეხსიერებას აღარ ახსოვს, რაზე, მაგრამ ისე გული დამწყდა, ერთ დღეს მირბენილს ძირში მოჭრილი რომ დამხვდა. რამდენი ვიდარდე, ღმერთმა უწყის. უფროსები ამბობდნენ: აღარც ნაყოფს ისხამს, უშველებელი გამხდარა და აღარაფრად ვარგაო. არადა როგორ მიყვარდა...
მას შემდეგ ბროწეულის ხეს შევაფარე თავი. მახსოვს ზამთარში როგორ ვიმალებოდი მის ქვეშ, გათოშილი, ბებოს რომ არ ვეპოვე და გაციების შიშით სახლში არ ავეყვანე. იმ ზაფხულს ბროწეულის ხეც გახმა. დილით გაღვიძებულს მისი კვალი მხოლოდ პატარა კუნძში და ძირს ნაგდებ შემორჩენილ ყლორტში ჩანდა.
ახალი სამალავი ვიპოვე - სახლში ამოსული ლეღვის ხე, რომელსაც ჭერი გაერღვია და მთელი სახურავი მოეცვა. ირგვლივ ყველგან აბლაბუდები იყო, მაგრამ კარგად თუ აძვრებოდი, სახურავამდეც მიაღწევდი. იქიდან მთელ სამეზობლოს დაინახავდი და ვერც ვერავინ მოგაგნებდა. ნაყოფსაც ისხამდა, მაგრამ ეზოს დეკორაციაში ხისგან დანგრეული სახლი დიდად ვერ ჯდებოდა. ისიც მომიჭრეს.
მას შემდეგ ხილული თავშესაფარი აღარ მიძებნია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი