სახლი


სევდიანია გაზაფხულის მოსვლა - ახასხასებული ბალახი, ახლად ამოსული ატმის ყლორტები. ეზოდან თამაშში გართული ბავშვების კისკისის ხმა იმედს გაძლევს, იმედს, რომელიც ჯერ თითქოს არ დაკარგულა, და ამბობ: „ის აქ არის“.
ფანჯრიდან იხედები და ისევ ზამთარია. გარეთ არავინ ჩანს - უიმედობა, დათოვლილი სახურავები და შენ, გაზაფხულის მომლოდინე. ირგვლივ სიჩუმის ხმაური ისმის - ხმა, რომელიც სამყაროში ყველაზე ძლიერია.
სახლში დაბრუნების დროა. მაშინ აღდგება მშვიდი სიჩუმე, მაგრამ ეს გრძნობა ისე ნაცნობია: სახლში ყოფნის სურვილი. გარეთ ხარ - სახლში გინდა; საკუთარ ოთახში ხარ, მაგრამ ისევ სახლში გსურს დაბრუნება. მაინც რა არის ეს სახლი?
დიდი გზა გამოვიარე, შინ რომ მეპოვა. სახლსაც მოვშორდი და სახლშიც ვიყავი. გავიქეცი და მივხვდი, რომ რაც უფრო გავრბოდი, ამ გრძნობას მაინც ვერ ვიშორებდი. საკუთარი თავი არ მტოვებდა და ალბათ, უფრო შორსაც რომ გავქცეულიყავი, მაინც ისევ აქ, ამ წერტილში ვიქნებოდი, რადგან ის, რასაც მუდამ გავურბოდი, ვერასდროს დამტოვებდა - საკუთარი თავი, რომელიც ორივეა: შინაც და გარეთაც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი