07. მეორე


„რა გჭამს?“ - ყოველ დღე მეკითხება ურჩხული.

მე ვდუმვარ, რადგან ის, რაც სამუდამოდ ჩემში ბუდობს, დუმს - ვერ ლაპარაკობს.
სალ კლდეზე ვდგავართ. მე - განაპირას.
მეჯაჯგურება. ვერ ვიშორებ. ძალა არ შემწევს.

თითქოს მე იქ კი არა, სადღაც სხვაგან ვარ და ზემოდან დავყურებ ამ ორის ჯახს. ჩემი სხეული მოდუნებულია, არაფრის რწმენით. ის კი უშველებელი დგას და თავზე დამყურებს.

შორიდან ვუყურებ ამ ორს და ვფიქრობ - ნუთუ ასეთი ვარ? ეს მე ვარ? და ის... ის ვინ არის? მეორე ურჩხული?

კარგად ვაკვირდები და ვხედავ - ის ლურჯი, რქებიანი სათამაშოა, ბავშვობაში რომ მყავდა. მინდა გავაგებინო, მაგრამ მეც დავდუმდი. ყელზე ეკლები მაქვს შემოკრული. ვერ ვმოძრაობ.

მაგრამ აი, სადაცაა გადავარდება - და აღარაფერი დარჩება.

მაშ, თუ არაფრის გაკეთება შემიძლია, ჩემი აქ ყოფნა რაღა საჭიროა?

თოვა იწყება. ისე ლამაზად ბარდნის. ჩემი სისხლი თეთრ, სპეტაკ თოვლს ერწყმის. უცნაურია - აღარ მტკივა.

ვიხედები კლდისკენ - და აღარც მე ვარ. აღარც ის ურჩხული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი