მარათონი


ამბავი ასე იწყება:
მარათონში მონაწილე მე მთელი ძალით გავრბივარ ფინიშის ხაზისაკენ. მინდა, ეს რბოლა დავასრულო და გავიმარჯვო. იმდენად კონცენტრირებული ვარ ფინიშის ხაზზე, რომ მავიწყდება ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა. ვცდილობ, სამყაროს შევეჯიბრო და მოვუგო. 
მაგრამ, როდესაც ფინიშის ხაზს ვკვეთ, გამარჯვებული ისევ ის გამოდის, ვისაც ჩემი შეფასების უფლება მივეცი. რაც არ უნდა სწრაფად ვირბინო და რამდენჯერაც არ უნდა მოვიგო, ყოველ ჯერზე ყურში ჩამჩურჩულებს: 
„მომავალ წელს უკეთ სცადე. წელსაც ჩაფლავდი.“ 
იმ გაზაფხულს, როცა ათასობით ადამიანი რბოლისთვის ემზადებოდა, მე ხმა გავაჩუმე და გადავწყვიტე, მონაწილეობის ნაცვლად, ფეხით გამევლო. მინდოდა, მეფიქრა, როგორ შეიძლებოდა ასეთი ძლევამოსილი არსების დამარცხება. 
იქვე პარკში, ბალახზე, ჩამოვჯექი. დიდხანს ვუსმინე. მერე პირველად ვკითხე:
-რომელი ხარ?
ამ დრომდე, ეს კითხვა არასდროს დამისვამს. მაინტერესებდა, ვინ იყო ის, ვინც ჩემს ბედს ასე თავისუფლად წყვეტდა. 
ხმამ მიპასუხა: 
-მე ვარ ის, რასაც შეუძლია ერთდროულად ენერგიით აგავსოს და დაგასუსტოს, აჩრდილი ვარ, დემონი, რომელიც შენში ცხოვრობს და ყველაფერს გაფიქრებს და გაკეთებინებს, რაც უნდა.
-მაგრამ, რატომ? რა დაგიშავე ასეთი? - გულუბრყვილოდ მივუგე. 
ხმა ცოტახნით დუმდა, ბოლოს კი მითხრა: 
-რადგან, არასდროს მემეგობრები. მხოლოდ მებრძვი. მეუბნები, გავჩუმდე, მაგრამ ერთხელაც არ გიკითხავს, ვინ ვარ და რატომ ვაკეთებ ამას. სხვებს უსმენ, ზრუნავ, გაინტერესებს, რა სტკივათ. მაგრამ, ოდესმე დაფიქრებულხარ, მე რა მაწუხებს? 
დიდხანს ვდუმდი.
-მაშ, გინდა, ვიმეგობროთ და ერთად ვიცხოვროთ? - ვკითხე ბოლოს. 
-ეს შერიგების ერთადერთი გზაა. 
-მაშ, გამარჯობა. 
ვთქვი და ხელი გავუწოდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი