Playlist 01 - Creep
ერთი წამიც და მომწვდება, აი, დამიჭერს, მაგრამ გავრბივარ, რაც ძალა და ღონე მაქვს, უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებ, რომ ვხვდები, თურმე არც არავინ მომსდევდა. ვჩერდები, მობრუნების მეშინია, რადგან ვიცი, რომ თუ გავიხედავ დავინახავ იმას რის დანახვასაც მთელი ეს დრო გავურბოდი. ბავშვობაში, ერთ ზაფხულს, შორიდან მუსიკის ხმა მომესმა. იმდენად შემიპყრო, რომ მას შემდეგ მთელ ჩემს ცხოვრებაში გაიდგა ფესვი, მან და მარტოობამ. იმ წამს ვიგრძენი, რომ იმ მარტოობას, როგორც მე ვგრძნობდი სხვა ვერავინ ხედავდა. მას შემდეგ ყველგან თან დამყვება: ქუჩაში, მატარებელში, სახლში. სადაც არ უნდა გავიხედო ის იქაა. თითქოს შავი ხვრელია, საიდანაც თეთრი შუქი აღარ ჩანს. რაც არ უნდა სწრაფად გავიქცე, რამდენჯერაც არ უნდა გამომეღვიძოს, სიზმარი თავიდან იწყება. გარეთ გამოსულს ნიავღვარი მხვდება. გალუმპული მივუყვები თბილისის ქუჩებს. ყურსასმენს ვიხსნი, წვიმის ცრემლი მეცემა და მესმის ხეების შრიალი, ხალხის ნაბიჯები, მეტროს კიბეზე ჩამომჯდარი ქალის ტირილი. ბაქანზე მდგარი ვფიქრობ: ეს ნაბიჯები ადრეც გაგვილია და ალბათ კიდევ მრავალჯერ გავივლით. დროსა და სივრცეში ადამიანაბი მუდმივად ვეჩეხებით ერთმანეთს, თუმცა არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ყველანი მოსიარულე გვამები ვართ, შენც და მეც. ავტობუსში მჯდომი ვუცქერ სახურავს, თითქოს ფილმის კადრი იყოს და ერთი მეორეს ცვლიდეს. ფანჯრიდან შემოსული წვიმის წვეთი ხელზე მეცემა და ვფიქრობ, ნეტავ კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდებოდეს, თუმცა უკვე ვხედავ კორპუსებს. გაჩერებაზე ჩამოსულს ისევ მაწვიმს, მოულოდნელად ქალი ქოლგით გვერდით მიდგება. -ერთად წავიდეთ. - მეუბნება. სახლში მაინც სულ გაწუწული ავდივარ. ვიხედები ფანჯრიდან და ვხედავ მზის ანარეკლს, როგორც ყველა ზღაპრის ბოლოს მზეც გამოვიდა. თუმცა ახლა, როცა ჩემს ოთახში მოვკალათებულვარ და ჩანაწერს ვაკეთებ, გარეთ ისევ წვიმს და გრძელდება დაუსრულებელი ციკლი, სანამ ყველანი დანიშნულების ადგილამდე არ მივალთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი