ჩვენ - 23.03.2026


აქ სხვა რამის საძებნელად ჩამოვედი, თუმცა სულ სხვა რამ აღმოვაჩინე - ის, რაც მაფიქრებინებს, რომ ღირდა. ხშირად, რაღაცის ძიებაში, გვავიწყდება, რა გვაქვს რეალურად - ის, რაც ყოველთვის ჩვენთან იყო, არის და მუდამ იქნება.
2026 წლის 15 დეკემბერს პირველად დავადგი ყაზბეგის მიწაზე ფეხი. მაშინ ენთუზიაზმით აღსავსე მე ვილტვოდი იმ მიზნებისკენ, რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდან სრულიად სხვაგვარად ჩანს. ის ოცნება ვერ ავიხდინე, მაგრამ ვიპოვე ყველაზე მთავარი - ჩემი ადამიანები. ისინი, ვინც ყოველთვის მეყვარება, მემახსოვრება და არასდროს დავკარგავ.
ნატალია - რომ გეკითხათ, უნდა უფრთხილდეთო: წესების მოყვარული, რთული ადამიანი. მაგრამ იცით, რეალურად ვინ დამხვდა? ყველაზე გულჩვილი ქალი, რომელსაც რკინის ფარდა ჩამოუფარებია - იმიტომ, რომ ადამიანებთან მიჩვევა და მათგან განშორება რთულია. პრინციპების ერთგული, მაგრამ ისეთი, რომლის შეყვარებაც ჩემთვის ძალიან მარტივი აღმოჩნდა, და დავიწყება - შეუძლებელი.

ფიქრია - მართლაც სახელის შესაფერისი. ყველაზე თბილი და ტკბილი ადამიანი. ახლა კი ამბობს, ცოტა დავბერდიო, მაგრამ მის თვალებს შეხედეთ, როცა იცინის -როგორი ლამაზია. „ჩემი შვილები ხართო“, რომ გვეუბნება, ნეტა იცოდეს, როგორ მითბება გული. მინდა, საათობით ვისხდეთ და ვიცინოთ.

ლიზიკო - ჩვენი ბავშვი. უყვარს ვაფლი და ძილი. დაგვიანებას რომ ვპატიობ, ამიტომ ვუყვარვარ, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცით, რომ ვერასდროს ვერაფერზე ვუბრაზდებით ერთმანეთს. 

ირინა - ჩვენი „გერმანელი“, ლიზიმ რომ შეარქვა. რომ ჰკითხო, ცივი და პრაგმატულია, მაგრამ თუ კარგად დააკვირდები - ისე კისკისებს, როგორც თვითონ იტყოდა: „კამერებში მომყურე დაცვა ჩვენით იცინის“. ალბათ იმიტომ, რომ მართლა ყველაზე მხიარული ხალხი ვართ.

ჩვენ ყველანი ერთ დიდ ოჯახად შევიკარით - და მინდა მჯეროდეს, რომ ეს მუდამ ასე იქნება. 
რადგან ჩვენს ოჯახში სიყვარულია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი