***


მახსოვს, ბავშვობაში, ერთ აღდგომას საფლავზე ავედით. მაშინ ალბათ ცხრა-ათი წლის ვიქნებოდი. დიდად არასდროს მიყვარდა იქ ასვლა - ყოველთვის სევდანარევი ვბრუნდებოდი უკან.
ერთი საფლავი მახსოვს - პატარა ბიჭის. თექვსმეტი წლის იქნებოდა. ქალები ამბობდნენ, თავი მოიკლაო. იმ წამს შევშფოთდი - როგორ შეიძლება ადამიანმა თავი მოიკლას-მეთქი. დედამ მითხრა: ყველაფერს ეშველება და თვითმკვლელობა გამოსავალი არ არისო.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, გულის სიღრმეში იმ ბიჭს გავუგე. მაშინ, პატარა ბავშვს, მინდოდა ცალი თვალით მენახა და მეკითხა - რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. შემდეგი სიკვდილი, რომელიც მახსოვს, რვა  წლის წინ იყო. მე მას საერთოდ არ ვიცნობდი - მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემი კლასელის მეგობარი იყო. მაშინ დაახლოებით თხუთმეტი წლის ვიქნებოდი.
მახსოვს, ოთახში ვიჯექი და ვტიროდი. არ ვიცოდი, რა მატირებდა. ალბათ ის, რომ ადამიანს შეუძლია უბრალოდ წერილი დაუტოვოს საყვარელ ადამიანებს და წავიდეს. და ბოლოს მაინც თქვას - ბედნიერი ვარო.
ცხრამეტი წლის ასაკში სილვია პლათის “ზარხუფი” წავიკითხე. დასასრულს შვებით ამოვისუნთქე -მოსალოდნელი შედეგი რომ არ დადგა.
თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა.
და მაშინ პირველად დავფიქრდი 
იქნებ ჩანაწერებში, სადაც სიკვდილი აგებს, რეალურ ცხოვრებაში გამარჯვებული რჩება და პირიქით.
იმ წამს თითქოს პანდორას ყუთი გაიხსნა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი