მიდევნებული
ხელები მითრთის. აღარ ვიცი - ეს დაღლილობაა თუ სხვა რამ. ფანჯრიდან ქალს ვხედავ, გაჩერებისკენ გარბის. ვფიქრობ, ყველანი რაღაცას მივსდევთ: მატარებელს, დროს და ერთმანეთსაც. მივსდევთ და არ ვიცით, სადამდე მიგვიყვანს ეს დევნა. ზოგჯერ უბრალოდ ჩერდები და ფიქრობ - ნუთუ ეს მე ვარ? მაგრამ შენ ხარ ყველაფერი და არაფერი. შენ ხარ მიდევნებულიც და ისიც, ვისაც მისდევენ. მზე, რომელიც ანათებს და ქარი, რომელიც ძლიერ უბერავს. სამსახურში უნდა წავიდე, ვფიქრობ და ფინჯან ყავას ცივს ვტოვებ. ავტობუსს ველოდები. გვერდით პატარა გოგონა მიჯდება, სულ ვარდისფერებში გამოწყობილი. ფეხებს ჰაერში იქნევს, ღიღინებს და შიგადაშიგ თვალს მაპარებს. ისეთია, როგორიც მე ბავშვობაში. ფაზლი მახსენდება, ოთახში რომ მიდევს და ვერ ავაწყე. ზოგჯერ ყველაფერს წინასწარ ვხვდები და მაინც, საკუთარ თავს იმ ადგილამდე მივყავარ, სადაც შეჯახება გარდაუვალია. ალბათ იმიტომ, რომ კარი, რომელიც უნდა დაიკეტოს, დღემდე ღიაა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი