თამაშის შემდეგ


ის კადრში ჩანს, ფანჯარაზე ზის და სიგარეტს ეწევა. თვალებით სადღაც შორს იხედება, ისეთ ადგილას, სადაც ვერც ფეხით და ვერც ნებისმიერი ტრანსპორტით ვერ მიაღწევ.
სტადიონიდან შეძახილების ხმა ჩაესმის. წარმოიდგენს, რომ ისიც იქაა, თუმცა არა სკამზე, არამედ სტადიონის შუაგულში, სადაც მოთამაშეები არეულად დარბიან. ის კი უბრალოდ დგას და წინ იყურება.
ხალხის შეძახილების ხმა ისმის. თამაში გრძელდება.
ნელ-ნელა ბოლო მოთამაშეც გადის მოედნიდან. ღამეა, აღარც ხალხია, აღარც მოთამაშეები და აღარც ხმაური, მხოლოდ ის, რომელიც ისევ ისე დგას, როგორც მანამდე იდგა. სრული სიჩუმის ფონზე ნელი გულისცემა ესმის. მოულოდნელად ვარდება და კარს უყურებს, თუმცა არც ბურთი აქვს და აღარც ფეხები. მიუხედავად ამისა, სრული სიმშვიდით წვება ბალახზე და ცას უყურებს. ხედავს უამრავ ვარსკვლავს და ეღიმება, ამასობაში კი ნელ-ნელა ძილისკენ მიდის.
ჩაიდანის წუილის ხმა გაისმა. ვიღაცამ შორიდან დაიძახა:
- თამაში დამთავრდა!
ყავის დასხმასთან ერთად ხალხის ბრბოც გამოვიდა მოედნიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი