ყვითელი ბოტები
- თუ გაფრინდები, მეც წამიყვანე. დედა სადაა? იყო და არა იყო რა… ბებო? კარგად ხარ? ნაყინი გიყვარს? ფეხი როგორ გაქვს? წვიმა ისევ გიყვარს? ეს მერამდენე კადრია? გეშინია? სახლი… და როგორია შენი თვალით დანახული შემოდგომა? ყვითელი ბოტები მინდა… ჩემი ბოტები სადაა? მოულოდნელად გამოეღვიძა. ფანჯრიდან შემოსული წვიმისა და ლამპიონის მბჟუტავი შუქი თვალებს სჭრიდა და კოშმარიდან გამოღვიძებულს აიძულებდა, თავი შეეფხიზლებინა და ფანჯარა დაეკეტა. თუმცა ამის ნაცვლად ფანჯარა ფართოდ გამოაღო და ჰორიზონტს მიაშტერდა. წვიმისა და ქარის მიუხედავად, კარგა ხანს იდგა ასე და ფიქრობდა, რატომ დაესიზმრა უზარმაზარი, საყვარელი კალმარი, რომელსაც თავზე ეფერებოდა, თვალებში უყურებდა, შემდეგ კი ტირილით გამოეღვიძა. „არა, ისევ უნდა დავიძინო“ - გაიფიქრა და ფანჯარა მიხურა. ამჯერად სულ სხვაგან აღმოჩნდა. ძველი, დახვეული კიბეები, ზამთარი და ეზოში გაკეთებული თოვლის პაპა. პატარა საჩვენებელი თითი ფანჯარას მიადო და წამოიკივლა: - დედა, თოვს, თოვს… ამჯერად ხმა არავინ გასცა, ამიტომ სასწრაფოდ ჩაიცვა ყვითელი ბოტები, ქურთუკი, „ესეც ჩემი ქუდიო“, თქვა და გარეთ გაიქცა. დახვეული კიბეები ნელა ჩაირბინა, თან გვერდიდან უყურებდა ფიფქების ცვენას და ღიმილი არ შორდებოდა. მთელი სხეულით გადახტა თოვლში და ანგელოზის კეთება დაიწყო. თან ცას უყურებდა, თვალებს ნელ-ნელა ახელდა და ხუჭავდა. ბოლოს, როცა გაახილა, უკვე სკოლის მერხზე იჯდა და მათემატიკის დავალებას იწერდა. შემოდგომა იყო და გარეთ ყველაფერი ყვითლად ახასხასებულიყო. მოულოდნელად სკოლის გვერდით მდებარე შენობის ძველ სხვენს გახედა და დაინახა მტრედების გუნდი, რომელიც ერთდროულად აფრინდა სახურავიდან. „ნეტავ მეც მათსავით შემეძლოს ფრენა“ - სევდანარევად გაიფიქრა და დავალების წერა განაგრძო. ზარის დარეკვისას არსად ეჩქარებოდა, ამიტომ საკლასო ოთახიდან ყველაზე ბოლოს გამოვიდა. ნელი ნაბიჯით გაუყვა ჯერ დერეფანს, შემდეგ კი გზას. გზად ის მეგობარი შემოხვდა, რომელიც დიდი ხანია არ ენახა და არც ისე მონატრებოდა. თვალის აურიდებლად ხელი აუწია და გვერდით ჩაუარა. „ნეტავ, ვინმე თუა სახლში?“ - გაიფიქრა, სანამ კარს გააღებდა, და გასაღები გადაატრიალა. სიბნელე იყო. სამსახურიდან მოსულმა ჩანთა ძირს დააგდო და ოთახში შევიდა. „რა კარგია, რომ მოვედი“ - გაიფიქრა და თავი ბალიშზე დადო. ხუთი წუთი ასე იწვა, ყოველგვარი ფიქრის გარეშე. ზოგჯერ ისეთი კარგი იყო, ყველაფრით დაღლილს ათასი აზრი რომ აღარ მოსდიოდა თავში. თუმცა მალევე წამოდგა, სამზარეულოში გავიდა, ყავა გაიკეთა, ფანჯარა გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა. საოცარი ხედი იშლებოდა მისი ფანჯრიდან. მთები და პატარა სახლები ერთმანეთს ერწყმოდა და თითქოს ეს ყვითელი შუქი იყო ის, რაც რაღაცას მაინც ნიშნავდა მისთვის. „მერამდენე კადრია?“ - ოცდამესამე ჩაესმა ყურში. თუმცა ყურადღებას არ აქცევს და უბრალოდ იყურება. „ძილის დროა“, - გაიფიქრა და ფანჯარა კვლავ მიხურა. ამჯერად ისე ჩაეძინა, ვერც კი გაიგო, როდის დახუჭა თვალები. გაღვიძებისას წინ ისევ მას ხედავს - იმას, ვინც არასდროს წასულა მისგან, სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით. - ჩემი ყვითელი ბოტები სადაა, ხომ არ იცი? ეკითხება და თვალს არ აშორებს. - არ ვიცი, ალბათ დედამ გადაყარა, როცა დაძველდა. - სამწუხაროა. ბავშვებთან ერთად გუბეებში ხტომა მინდოდა. ასე რომ გავიდე, შეიძლება? კითხულობს და თვალებით შიშველ თითებს დასჩერებია. - არა, ასე ხომ გაცივდები. რამე უნდა ჩაიცვა. - მერედა, შენ რატომ არ გაცვია, მე რომ მიმითითებ? - მე დიდი ვარ… - დიდი? შენ სულაც ჩემი სიმაღლისა ხარ. და მართლაც, ზუსტად მისი სიმაღლისა იყო და პირდაპირ თვალებში უყურებდა. - მართალია, მეც შენხელა ვარ. გინდა, გავიდეთ? ჩემს ბოტებს გათხოვებ. ყვითელი არაა, მაგრამ გამოდგება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი