ყვითელი კომში


ბავშვობაში დილით ძალიან ადრე რომ გავიღვიძებდი, საწოლის გვერდით ფანჯრის რაფაზე კაკტუსი და ყვითელი კომში მხვდებოდა ხოლმე. ცალ ხელს გადავყოფდი და თუ გამიმართლებდა კომში მომხვდებოდა ხელში, მის სუნს შევიგრძნობდი და ისევ უკან დავაბრუნებდი. კომში არასდროს მიყვარდა, ბებიაჩემს ვერ ვუტეხავდი ხათრს და მასაც ეგონა, დიდი სიხარულით შევექცეოდი, თუმცა სურნელი?! ის ისევ გულს მიჩქარებს და მაბრუნებს იმ ოთახში, სადაც კომშის სუნს ნესტი და სიცივე ერწყმოდა. 
ერთხელ, შუაღამეს გამომეღვიძა, კომში ისევ თავის ადგილას იყო, თუმცა კაქტუსი გამქრალიყო. ფეხი რაც შემეძლო ჩუმად დავადგი იატაკზე, ჭრიალს ბებო რომ არ გაეღვიძებინა და მისაღებში გავედი, სიბნელეში ვერაფერს ვარჩევდი და ხელის ცეცებ-ცეცებით მივდიოდი, თან რატომღაც შიგადაშიც თვალებს ვხუჭავდი. მოულოდნელად თითში ნემსებივით რაღაც შემერჭო და ვიფიქრე აი ესაა ჩემი კაკტუსი-მეთქი, თუმცა ის რაღაც ბევრად დიდი და მწარე იყო. მკლავზე ძლიერი ხელი ვიგრძენი, რომელიც უკან მიმათრევდა, კივილი დავიწყე, თვალებიდან ცრებლები მდიოდა და ვყვიროდი “თავი დამანებე, ხელი გამიშვი-მეთქი”. ნელ-ნელა თვალებში ძლიერი შუქი მაჭრს და საწოლზე დამდგარ ბებიაჩემს ვხედავ რომელიც შეშფოთებული დამცქერის და თავადაც შეშინებული მეუბნება - აქ ვარ ბებიკო ნუ გეშინია და გულში მიკრავს. თავს მხარზე ვადებ და ვხედავ, რომ ყვითელი კომში გვერდით არ მიდევს, სად არის ყვითელი კომში? ვკითხულობ და წინ გეხედილს არავინ მხვდება, სრულ ბნელ ოთახში მარტო ვარ დარჩენილი, მინდა წამოვდგე, თუმცა ძალა არ მყოფნის და იქვე ზურგზე ნელ-ნელა მეძინება. 
-დედასთან მინდა, ცრემლიანი სამი წლის ბავშვი მიახლოვდება და თან ტუჩები უთრთის. 
-გინდა ვითამაშოთ? ნახე როგორი კუბიკებია. 
-არა, მე დედასთან მინდა და ტირილს აგრძელებს. 
-კარგი, მაშინ მოდი დავიძინოთ და დედა მალე მოვა, კარგი?
-და... ის აქ ხომ არ მოვა? 
შიშნარევად მიყურებს 
-არა, მხოლოდ დედა მოვა. 
ცრემლნარევი წვება საწოლში, საბანს ვაფარებ და შუბლზე ვკოცნი. 
ჯანდაბა, ჭიქა გამიტყდა, იმედია არ გავაღვიძე და ჩუმად ვაგროვებ ჭიქის ნამსხვრევებს, ოთახიდან კლარა გამოდის.
- ყველაფერი რომ არ დალეწო არ შეგიძლია? გვძინავს, აქ ხალხს. 
ხმას არ ვიღებ, გაბრაზებული ვუყურებ მეორე ჭიქას ვიღებ და გაბრაზებული ისევ ძირს ვაგდებ, თან თვალებში ვუყურებ და მასში საკუთარ ანარეკლს ვხედავ, ის კი გაოცებული სიტყვებს ვერ პოულობს. 
-ახლა ხომ გღვიძავს, კლარა?
ვუღიმი და თან ჭიქის ნამსხვრევებს ვაგროვებ. 
-სულ შეგშალა ხო ამ ხალხმა, ვეღარ გცნობ.  
-რატომ? შენს ყვირილზე ასე რომ ვრეაგირებ? ნუთუ, მე არ მაქვს გაბრაზების უფლება? ევა ეს გააკეთე, ასე ნუ იქცევი, ნუ გვაღვიძებ და კიდევ რა ვიცი. ჩემი ჭიქაა, მინდა გავტეხავ და თუ მინდა გადავაგდებ, ვინ ხარ საერთოდ?
-კარგად იცი ვინც ვარ, თუმცა შენი ნებაა. 
 უცნაურად მალე ნებდება, თვალებში მიყურებს, თითქოს ჩემში იხედებაო და ყველაფერი იცის, საერთოდ ყველაფერი. მზერა ყავის აპარატისკენ გადააქვს, თან ბურტყუნებს:
-რით ვერ გააჩერა ამ ბიჭმა კიდევ ეს მუსიკა, რა საჭიროა ამ დილაადრიან "A perfect circle-ს" უსმინო. 
-რა გინდა მე მომწონს, ჩვენი შესაფერისია. 
-შენი, ევა.  
კედლის საათის რეკვის ხმა ისმის, ღამის სამი საათია და გაშტერებული ვუყურებ, საათს, რომელზეც ერთ დროს ციფრების ცნობა ვისწავლე. ირგვვლივ ისევ სიჩუმე და სრული სიბნელეა, თუმცა ისრის მოძრაობას მაინც ვამჩნევ და თვალს ვაყოლებ, რატომღაც ყვითელი კომში მახსენდება და გვერდით ვიხედები, მის ნაცვლად კი კაქტუსი დევს, რაღაც შემზარავი მიელვებს თავში, თუმცა ვერ ვხვდები და თითი მისკენ მიმაქვს, ძლიერად ვაჭერ და მახსენდება ის ღამე როცა პირველად წავედი მის საძებლელად, მხარზე ისევ ბოროტ ხელს ვგრძნობ და ტირილი მიტყდება, თითქოს ჭკუიდან ვიშლები. 
-რა მოხდება ახლა, ასე გააგრძელებ ცხოვრებას?  - მეუბნება ის. 
-არ ვიცი, მეშინია. -ჩურჩულით ვპასუხობ. 
-მგონი იცი გამოსავალი, ევა.
ტიკ, ტიკ, ტიკ, ტიკ... დრო გადის ან ახლა ან არასდროს. 
გამთენიისას, თოკზე ჩამოკიდებული კლარა იპოვეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი