თეთრი შუქი
ოთახი სრულ სიბნელეს მოეცვა, ვერ იტყოდი, რომ მას რამე აკლდა, თეთრ კედლებზე ფერადი პოსტერები, ყვითელი ნათურები, უზარმაზარ ფანჯარაზე ყვავილები და კიდევ რა, თუმცა სიბნელე ყველაფერს შთანთქავდა და ერთადერთი ხილვადი რამ მისთის ჭერის პატარა, მბჟუტავი, ყვითელი ნათება იყო. იწვა საწოლზე და ასე თვალგაშტერებული უყურებდა მის ჩაქრობა-ანთებას. ყოველ საღამოს ადგებოდა, ფანჯარას გამოაღებდა და ქუჩაში იყურებოდა, ცოტა ხნის შემდეგ კი რატომღაც სწორედ მაშინ, როცა ის ფანჯარაში იდგა, ერთი და იმავე ადგილიდან, ვიღაც თეთრ შუქს ანათებდა, შემდეგ აქრობდა, შემდეგ ისევ ანთებდა. ნამდვილად მე მიყურებს, აშკარაა. რატომ მაინც და მაინც მაშინ, როცა ფანჯარას ვაღებ, რატომ მიყურებს, რა უნდა ჩემგან? არა, რაღაც უფრო ძლიერი და მძაფრი მჭირდება, რაღაც რაც მას შეაკავებს. რაფასთან დადებული წიგნაკი აიღო და გადაფურცლა: “როგორ მოვკლათ ტარაკნები?” ჰმ... საინტერესოა. ბებიაჩემს ეზიზღებოდა ტარაკნები, მახსოვს მუდამ ფეხს აბიჯებდა და თან კიოდა. არასდროს მესმოდა, მათი ასე ძლიერ რატომ ეშინოდა და არც დიდად მისი მონაყოლი როგორ შემოვარდა სახლში ელვა და მას შემდგომ ნევროზი დაემართა. ბავშვობაში მუდამ წარმოვიდგენდი, ხო აი აქედან შემოვარდა მერე ბებიკო ცუდად გახდა, პაპამ იპოვა და სულ უვლიდა. როგორც ვიცით, სრულ უმოქმედობას, შიშს, ნევროზს აივანზე ჯდომამ, მარტოობამ და წიგნის ხმამაღლა კითხვამ უშველა. უშველა კი ბოლომდე? ეს არავინ იცის. ბაბუს გარდაცვალების შემდეგ ბებიკო მარტო დარჩა, ყოველ ღამით მასაც ანათებდა შუქი და ფიქრობდა, რომ ეს სწორედ მის გამო ხდებოდა, ვიღაც მისთვის კარგი საქმის გაკეთებას არ აპირებდა, სწორედ ამიტომ ღამ-ღამობით არ იძინებდა და ფანჯარაში ჩუმად იჭყიტებოდა. რაღაც დროის შემდეგ სამეზობლოში ხმა გავრცელდა, ნარგიზა ბებო გაგიჟდაო, ოღონდ ხმამაღლა ამას არავინ ამბობდა და ესეც იქიდან იცოდნენ, რომ თავად ნარგიზა ბებო ამბობდა, ღამით ვიღაც მითვალთვალებსო. -იცი ბებიკო როგორ მეშინია გველების? -როგორ ბე? -ერთ ზაფხულს ბოსტანში ჩასულს ფეხზე დიდი გველი შემომეხვია, გამოვიქეცი, მარგამ მას შემდეგ იქ აღარ შევსულვარ. -არ უნდა გეშინოდეს ბე, თუ რამე მე აქ არა ვაარ? -ბე, სიზმარშიც მესიზმრება. -ნუ ფიქრობ, უთხარი წავიდეს, რამე მომიყევი შენს ბავშობაზე, ბე. ხელი გადამხვია და ყვება ამბავს, ამბავს, თუ როგორ უნდოდათ მის ძმებს დედამიწის გულის აღმოჩენა. ნარგიზი ექვსი წლის იქნებოდა, როცა ერთ დღეს ეზოში უფროსი ძმები ბარით ხელში დაინახა. -რას აკეთებთ? -დედამიწის გული უნდა ვიპოვოთ? გაფაციცებით დასჩერებოდა უზარმაზარ ორმოს საიდანაც სიბნელე ამოდიოდა. -მე დედამიწის გული უფრო ნათელი მეგონა -ქვევითაა სინათლე, ჩადი და ამოიტანე. თან პატარა ნარგიიზს ხელი ჰკრეს. -რას აკეთებთ? ამომიყვანეთ ! ტიროდა გაცხარებით -უნდა დაგმარხოთ (და თან ზედ მიწას აყრიდნენ) -ამომიყვანეთ. დედა, მიშველე. -დედა სახლში არააა. მთელი სხეული მიწით დაეფარა მარტო სახეღა უჩანდა. ძმებმა წინ პატარა ყვავილი დაუდეს და ესეც ასე დაიმარხეო, ხელებს ვერ ამოძრავებდა, თან ამ ყვავილზე მცოცვარე ტარაკანას შიშით უყურებდა, რომელიც პირისკენ მიიწევდა, შემდეგ კი სახეზე ააცოცდა. -ბებიკო მერე რა მოხდა, როგორ ამოგიყვანეს? -რავიცი ბებიკო ისევ გათხარეს მიწა და ამომსვეს. ამ ფიქრში ჩაგვეძინა. დილის ოთხზე, მაღვიძარის ხმა მაღვიძებს, თმა აჩეჩილი ვდგები და თან ხელში ჩუსტს ვიღებ, ახალ ბინაში ტარაკნების შემოსევა გვაქვს და დილაადრიან სამზარეულოში მთელი იატაკი მათით ივსება. შუქს ვანთებ შევრბივარ და ვცდილობ ყველა დავხოცო, თუმცა ხელიდან მისხლტის, ჯანდაბა, ტარაკნების არაფერი გამეგება და ვერც ვკლავ, რამე უნდა მოვიფიქრო და გადავიდე აქედან. ფარდას ვწევ და ისევ ის შუქი ინთება -შენ რაღა ჯანდაბა გინა? შემეშვი ხომ გითხარი თავი დამანებე მეთქი! ყურში ჩამესმის: -არა ვერ შეგეშვები, შენც მასსავით უნდა გაგიჟდე, გენეტიკას ვერ შეცვლი! ორი წუთით კიდევ უყურა თეთრ ნათებას, ფარდა ჩამოწია, ზურგი აქცია და ყვითელი შუქი აანთო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი