წითელი


I 

-ბებია ყიდის კევებს, ნაირ-ნაირ ფერებს, რომელი ფერიც გინდა შენ ამოირჩიეე.
-წითელი მინდა.  
-წი-თე-ლი, იჭეერ! 
ყველა ბავშვი ერთიანად გაიფანტა და შვიდი წლის შავგვრემანი, ლოყებაღაჟღაჟებული იუკი მათ დაედევნა. 
-ვერ დამიჭეერ, სახლში ვარ. 
-მე რატომ არ მაქვს სახლი? 
ფიქრობდა, და თან ბავშვების დაჭერას ცდილობდა. რბენით დაქანცული ხელებით მუხლებს ეყრდნობოდა და ძლივსღა სუნთქავდა, თან სახლში მყოფ ბავშვებს უყურებდა. 
-იუკი, ამოდი სახლში - აივნიდან გადმოსძახა დედამ.
-ადი, მაინც ვერ დაგვიჭერ, ხომ ხედავ. 
თმა აჩეჩილი და წინამო ჩამოყრილი თავდახრილი ავიდა სახლში. მეხუთე სართულს რომ მიაღწია კარი ღია დახვდა. 
-დე, მოდი წვნიანი ვჭამოთ - მოესმა სამზარეულოდან ხმა.
ხმის ამოუღებლად შევიდა სამზარეულოში, მაგიდას მიუჯდა ცოტახნით დააჩერდა ჭარხლის ნაჭრებს ბორშში და კოვზს უღიმღამოდ მორევა დაიწყო. 
-რა იყო, დე, რამე მოხდა?
-არაფერი, წითელი ავირჩიე.  
თქვა და წვნიანის ხვრეპა დაიწყო.
-არაუშავს, დე სხვა დროს სხვა ფერს აირჩევ. 
იუკის ხმა არ გაუცია, რადგან იცოდა, რომ სხვა დრო აღარ დადგებოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი