ფოთლები, ფოთლები


ფოთლები, ფოთლები, ფოთლები…
ფოთლები ლექსში და გზად,
ფიქრები, ფიქრები, ფიქრები…
უწყვეტად მიქრიან სად?

სურვილი, ოცნება, მიზანი,
მტოვებენ მე არც ერთ წამს,
წამები, წუთებში, წამებით,
ამწყვდევენ ოცნებში ქალს.

ლამაზად, ლამაზად ილტვიან,
ნატვრა კი შორს მიაქვს ქარს,
სიბნელე, ღამე და ჩუმი გზა
არ ვიცი, მიქადის რას?

შრიალებს ფოთოლთა ლაშქარი
და მათი ცეცხლი მწვავს,
ამ ქვეყნად მე დიდხანს ვიქნები,
რადგანაც სიცოცხლის მწამს. 

მე, შენ და ფოთოლთა ხმაური
უცვლელნი, მარადის ვიქნებით,
დროსა და სივრცეში ვივსებით,
სიტყვებით, აზრებით, ფიქრებით

და რადგან დიდია სამყარო
და რადგან სულიდან ვიზრდებით,
ჩვენ ვივლით ფოთოლთა ხმაურში
ბილიკით, ფრთებით და ხიდებით.

და როცა ყოველი გაქრება
ჩვენ მაინც, „მე და შენ“ ვიქნებით!
შრიალით სამყარო დაგვყვება,
სიცოცხლის უცვლელი სხივებით.

ფოთლები, ფოთლები, ფოთლები
ფოთლები ლექსში და გზად,
მე მაინც გეძახი, გეძახი,
მითხარი გეძებო სად?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი