ტყის პირას (ია)
იმ სახლთან ახლოს, იქვე ტყის პირას, პატარა ია ჰყვავის, როცა ცისკრის მზე მიწას დაუვლის, თვალებს გაახელს წამით თითქოს შეჰხარის მზის სხივთა ლიცლიცს, იქ, სად მზე მისწვდა ნაპირს და მარტოობით სულგანაბული, უცდის დასასრულს ზღაპრის. ჩემო ფერიავ, ამ შიშველ სხივით, მახსოვს, ვითბობდით თითებს, ახლა კი ფიქრის აკვანში, მარტო, ლექსებს ვაწვეთებ რითმებს და როცა ზეცა ფიფქებს ჩამოყრის, გამახსენდება მოსვლა, ნაზი ღიმილის თეთრი საბანი და სიყვარულის კოცნა. გამახსენდება ის ერთი გოგო, იმ ერთი განცდის თრთოლვა, იმ ერთი გრძნობის უთქმელი ფასის, დაუშრეტელი მოვლა. ახლაც იმ სახლთან, შენი მსგავსება, პატარა ჩიტი დაქრის, მის ფრთებქვეშ ახლოს, ძალიან ახლოს, ზღვა ეხეთქება ნაპირს, იაც შეჰხარის სილაღეს მისას, ფრთებს, საალერსოდ გაშლილს და მეც შევყურებ იმედით იმ ცას, შენ რომ გიპოვე წამით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი