რა მოხდა ალიონს
რა მოხდა, ალიონს თუ შერჩა ფიქრები და ამ გზა-ნაპირზე გრძნობები შორია? ძვირფასო, მე შენი სიშორით ნაცემი, განთიადს შევჩივი ცივსა და თოვლიანს. მე მინდა შენზე და ჩემს ბედზე ვზრუნავდე, გიმზერ და ლექსები თავისით მოდიან, მომეცი სხეული სულიდან გულამდე, შეხების სიგიჟე სიყვარულს სცოდნია. არ ვიმჩნევ კაეშანს, საკრმელთან მოპარულს, ეგ შენი ღიმილი ყველა დარდს დალეწავს, თუმცაღა დარდებით ვინ ირჩევს მოარულს, მე მხოლოდ მზე მეტრფის და გული დამეწვა. არ ჩანან თვალები, ლურჯი და უძირო, მაგრამ მე ამ ტკივილს ავიტან კაცურად, დავდივარ, შემოვრჩი ამ მხარეს უნიღბოდ და შენი ღიმილი დამყვება მაცდურად. არ მინდა ცხოვრება, უცხოსთან თენება, მე უნდა შევერწყა ამ ზღვას და ნაპირებს, წავიდა... წავედი... ცხოვრება გრძელდება, ვიღაცა თავიდან დაწყებას აპირებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი