მაჭახელი


მ ა ჭ ა ხ ე ლ ი

მაჭახელი ბევრი მგოსნის ლექსის რითმით ქებული,
მათი კალმის მოფერებით ცამდე ამაღლებული,
მდინარეთა სილაჟვარდით, ღელე-ღურდნით ქებულა,
ამ ბუნების სილამაზით ვინ არ დატყვევებულა.

მაჭახელი აქაური თოფის ვარდნით ქებული,
მინდიეთის, ეფრატის წყლით  ჭოროხს ჩამოქცეული,
წყალ კალმახა მდინარენი მთიდან გამოქცეულა,
ველ მინდვრები ბაღებად და ვენახებად ქცეულა.

მაჭახელი ბევრი სტუმრის მასპინძლობით ქებული,
საკალმახე ადგილებით ცამდე ამაღლებული,
თავმდაბლობით, სტუმრის მოვლით, ერთგულობით ქებულა,
სამოთხისფერ სილამაზით ბევრი დამუნჯებულა.

მაჭახელი ისტორიით, ტრადიციით ქებული,
აქ ბევრს დარჩა ავის მსურველს თვალი დაბნელებული,
თოფ-დამბაჩით, ხელოსნობით შორს გასულა, ქებულა,
სასახლეთა, მეომართა ატრიბუტად ქცეულა.

მაჭახელა, არც რამხელა, პატარა და რჩეული,
აჭარის გულს ჩაფუნჩხული-შავშეთს გამოქცეული,
ეფრატით და ხერთვისით ხომ წარსულიდან ქებულა,
ქედქედით და  საფუტკრეთით ყველგან გაფუტკრებულა.

მაჭახელა, არც რამხელა სილამაზით ქებული,
გადაუფრენს ბევრი მტრედის და მერცხლების კრებული,
ეფიცხება, სითბოს აფრქვევს, მოანათებს მზეგულა,
კაცი წელში გამართულა, გულით გალაღებულა.

მაჭახლისპირს ავიარე, ჩხუტუნეთი ვიხილე,
ჩიქუნეთი, სინდიეთი ფრთებით გადავიფრინე,
მაღლა მოსჩანს კარჩხლის მთები ცამდე აზიდულია,
ქვემოთ ზღვას რომ უერთდება, იქ ნავარდი სწყურია.

მაჭახელა რომ დასჭექდა ხმა ცის კიდურს ისმოდა,
კარგ მსროლელს კაცს, მოჯირითეს ყველას მისკენ იხმობდა,
მეც ვუსინჯე ბევრჯერ გემო აქ კალმახებს, ფხიანებს,
ჩემი სულიც მოფერებით მაჭახელში ტრიალებს.

დაილოცოს მაჭახლელთა მეგობრობა რჩეული,
აქ ვერ ივლი უმეგობროდ მარტოსული, ეული,
მაჭახელი ბევრი მგოსნის ლექსის რითმით ქებულა,
მეც მათ ვსდიე, ჩემს სულშიაც ლექსად აფეთქებულა!

4 აპრილი 2025 წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი