აჭარა


ა ხ ლ ა   ფ ე ხ ზ ე   დ გ ა ს   ა ჭ ა რ ა

ერთ ძარღვში მინდა შევკრიბო ყველა ქართული მდინარე,
ერთ კალაპოტში სდიოდეს ყელამდე გადმომდინარე,
ზოგი სხვა ღელეს ერთდება, ზოგი შორიდან მღიმარე,
ზოგს თვალზე გუბე არ შრება  ცრემლები ჩამომდინარე.

აი საიდან იწყება ქვეყნისთვის მზის ჩასვენება,
ბევრმა მომხდურმა წაიღო რა და რამდენი ენება,
მხოლოდ ნგრევა და სვრა იყო და აღარაფრის შენება,
ზოგჯერ ისმოდა მტრის მოსვრა, ქართველ რაინდთა ჭენება.

რომ არ წაეღოთ მომხდურებს, არ გაეყიდათ მამლუქად,
რამდენი ქართველის გული გაუცხოვდა და გამუქდა,
ზოგან ამოწყდა ქართველი, იქ საქართველო ,,გაუქმდა',
ზოგს ანთებული სანთელი გზაში უდროოდ ჩაუქრა.

სამასი წელი ოსმალომ მესხეთი ჯიჯგნა, აწამა,
მისი გული და ჯიგარი–ქვეყნის ერთგული აჭარა,
დაუხშო გზები სავალი, სამშობლოს წყვიტა, დაღარა,
მამულისათვის ყივილი ჩაკლა, ისმოდა აღარა.

იმ სამას წელში რამდენი ტაძარი აშენდებოდა,
რამდენი ვაზისა ჯიში ვენახად გაშენდებოდა,
რამდენი შოთაის ჯიშის მგოსანი ამღერდებოდა,
რამდენი ქვეყნის ზრუნვაში ოფლის ღვრით დაბერდებოდა.

ბევრჯერ წამოდგა აჭარა, არასდროს იყო ჯაბანი,
იქამდე ჭიმა ფეხები, სანამდეც გასწვდა საბანი,
ღრმად ჩაკირული ფესვებით, ქართული სულით სუნთქავდა,
ქართულ ენას და ადათებს ნენეს ლეჩაქში ფუთავდა.

ახლა ფეხზე დგას აჭარა, მამულის დროშა უჭირავს,
სამშობლოს მადიდებელი ერთად შეკრული მუჭიდან,
რომ ვეღარავინ ბედავდეს, მცდელობა იყოს ფუჭი და,
რამდენ სიკეთეს იზამდა მაშინ მამულს რომ უჭირდა.

შენთან ვარ შენი გულისა, ჩემი ოცნება ამიხდა,
შენს ძარღვებს ვერთვი, ვდიდგულობ, სანატრელად არ გამიხდა,
მავანის ,,ზეიდან ყურებას" როდემდე უნდა ვითმენდე,
გულზე ხელს ვიბაგუნებდე, თითს ვეღარავინ მიქნევდეს!

25   მარტი  2025  წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ალექსანდრე ცივაძესტუდენტი1 კვირის წინ

👏👏

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი