ღელის ხუხუნი
ღ ე ლ ი ს ხ უ ხ უ ნ ი ისევ წაველ ძველ წისქვილთან, გზაც ვიცანი ბალახებში, ტყე იქ ხეებს ისწორებდა ვით ქალი თმებს დალალებში, სადაც იდგა წისქვილი და მეწისქვილე საცრით ხელში, ბერიკაციც იმ წისქვილსა ჩამოეცრა სარეკელში. არ ეცვალა იქ ცას სახე, ზეცა იყო ძლიერ მკაცრი, არსად ჩანდა, ვეღარ ვნახე ცას შეერწყა ბერიკაცი, არც ღადარი არ ფუტავდა, აღარც მჭადი ეცხო კეცში, იქ ისმოდა ყრუ ხმები და სიცოცხლე კი დუღდა მხეცში. თითქოს დრომ და წყალმა შთანთქა, გამქრალიყო ბრუნვის ხმებში, მარტო ღელე ბუტბუტებდა, როგორც ადრე ძველ დღეებში, ბერიკაცი ახლა ცაში შევიცანი მის თეთრ წვერში, იქ ამოჰკრავს ღრუბლებს ხელსა, დოლაბის ხმა მეცნო ხმებში. მეც ავიღე მუჭით მიწა, ავურიე მჭადის ფქვილში, გამეფანტა სევდის ზღვაში, მოგონება კი ტკივილში, აქეთ მტვერიც აღარ დარჩა, მოგონება მისი მსდევდა, სულ თითებში გაცრილიყო, ღელის ხუხუნს გაჰყვა სევდად! 6 აპრილი 2025 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი