ტაოს ტაძრებს
ტ ა ო ს ტ ა ძ რ ე ბ ს როცა ვუცქერ მიტოვებულ ტაოს ტაძრებს, რაღაც მძიმედ მომაწვება შიგნით გულთან, ვფიქრობ ჩემთვის ამ ზამთრებში როგორ გაძლებს, რა მალექსებს აქაც თუ არ გაზაფხულდა. მტერი მართმევს თქვენს თავს ურცხვი მაოხარი, ვერ მივმხვდარვარ შევურიგდე თუ კვლავ მძულდეს, რომ არ დარჩეთ მარტოდ ისევ საოხარი, რომ თქვენს გულზეც ჩამოთბეს და გაზაფხულდეს. თქვენამდეა აღმართული შორი მთები, ვევედრები ღმერთს ვუჩოქებ ვიქცე მერცხლად, სანახავად ვიფრინო და ვშალო ფრთები, თქვენს სიყვარულს ვერ გავყიდი ათას ვერცხლად. ქარი ძალით უბერავდა თქვენს გუმბათებს, რა სიმძიმით აწვებოდა თოვლი სვეტებს, თქეში წვიმა ეშვებოდა მძიმედ ფრთაზე, მზის სხივებით ვამაგრე და ცრემლით ვხვეტე. იყო მადლი აღვლენილი ლოცვით ზეცად, დაჩოქილი ლოცულობდა მაშინ მრევლი, უპატრონოდ მიტოვება თვალში მეცა, ვერ შევიშრე უნებურად მომდის ცრემლი. მაინც ძლებენ, თუმცა ზოგნი ჩაქცეულან, აქამომდე მოაღწიეს იმ ძველ მადლით, ქართველთ კვალი აღარსად სჩანს, მტვრად ქცეულა, სხვანაირად ურტყამს აქეთ, თოვს და ბარდნის. სევდიანად მოვეფერე ტაო-კლარჯეთს, თვალზე ცრემლით გამაღვიძა თქვენზე მუზამ, ცად ვარსკვლავნი გნათობენ და იმედს მაძლევს, თორემ იმ გმირთ ვერ გაძლეს და მე რა ვუზამ. 16 მარტი 2025 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი